LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა სიჩუმეს უსმენ: ფილმები საუნდთრეკის გარეშე

4311
films

მართალია, ბევრისთვის წარმოუდგენელია ფილმი საუნდთრეკის გარეშე, რადგან ხშირად მუსიკა არა მხოლოდ განუყოფელი ნაწილი, არამედ ფილმის დამოუკიდებელი პერსონაჟი ხდება, მაგრამ ზოგჯერ რეჟისორები შეგნებულად ამბობენ უარს მუსიკალურ გაფორმებაზე და მთელ აქცენტს ბუნებრივ ხმოვან რიგზე აკეთებენ.

„დედა!“ (mother! 2017, დარენ არანოვსკი)

– არანოვსკი ფილმის შესავალშივე ამბობს უარს მუსიკაზე და შესაძლოა, სწორედ დამატებითი ხმოვანი რიგის არ არსებობა აიძულებს მაყურებელს სრულად განიცადოს ის ემოციები, რასაც ჩვეულებრივ მუსიკალური გაფორმება არბილებს. მუსიკა ტრილერში მხოლოდ ერთხელ ჟღერს და ისევე თრგუნავს მაყურებელს, როგორც მოულოდნელი წვეულების სცენა ჯენიფერ ლოურენსის პერსონაჟს.

 

„დაფარული“ (Caché, 2004, მიხაელ ჰანეკე)

– მართალია, ბევრი ვერ შეედრება ჰანეკეს მდიდარ ფანტაზიაში, მაგრამ რეჟისორი მაინც ნატურალიზმის შენარჩუნებას ამჯობინებს, ამიტომ მუსიკასაც იშვიათად, მსუბუქად და ზედმეტედ თავსმოხვევის გარეშე იყენებს. ეგზისტენციალურ იგავში „დაფარული“ მუსიკა – მხოლოდ სიჩუმეა, რომელიც ფოთლების შრიალით, ჩურჩულით, შიშით ისმის და ყველა სიტყვაზე მეტს ამბობს.

 

„მოხუცების ადგილი აქ არაა“ (No Country for Old Men, 2007, ძმები კოენები)

– ტრილერი ხავიერ ბარდემის მონაწილეობით ისეთივე კრიმინალური ვოდევილია, როგორიც ძმების საუკეთესო ნამუშევრები „ფარგო“ და „დიდი ლებოვსკი“. ფილმი არც ორიგინალური სიუჟეტით გამოირჩევა, რადგან მაყურებელს რიგითი ამერიკელის ისტორიას მოუთხრობს, რომელიც ფულით სავსე ჩემოდანს პოულობს და გარბის, თუმცა ფეხდაფეხ მიჰყვება დაქირავებული მკვლელი, რომელიც ნებისმიერს ანადგურებს, ვინც გზაზე ეღობება და მთელი ეს კოშმარი სრულ მდუმარების ფონზე ვითარდება.

 

 „მხიარული თამაშები“ (Funny Games, 2007, მიხეილ ჰანეკე)

– ისევ ჰანეკე და ისევ მუსიკის გარეშე. მეტიც, სულისშემძვრელ ტრილერში არც სისხლიანი, არც დევნის სცენებია, რადგან მაყურებლის დათრგუნვა რეჟისორმა ემოციური ძალადობით სცადა, რომელიც ფიზიკურ ძალადობაზე შემზარავი აღმოჩნდა.

 

„წითელი უდაბნო“ (Il Deserto Rosso, 1964, მიქელანჯელო ანტონიონი)

– ალბათ არ არსებობს მუსიკა, რომელიც ფილმის მთავარი გმირის – ჯულიანას წითლად შეფერილ მარტოობის შიშს და სიყვარულის სასოწარკვეთილ ძიებას გადმოსცემს. ანტონიონი ამ შემთხვევაშიც ნოვატორი აღმოჩნდა, რადგან კლავიშებისა და ვიოლინოს ცალკეული ბგერები არა გამოსახულების პათოსის გასაძლიერებლად, არამედ მარტივად პროგნოზირებადი მოვლენების ერთგვარ მინიშნებად გამოიყენა.

 

„ვაჟიშვილი“ (The Son, 2002, ძმები დარდენები)

– დარდენების დრამა, რომელიც ძალიან ჰგავს ე.წ. „ცოცხალ გადაღებას“, ასაკოვანი დურგლის ისტორიაა. ოლივიე ყოველთვის თავგამოდებით ზრუნავს საკუთარ შეგირდებზე, ერთ დღეს კი, საპატიმროდან ახლად გამოსულ ფრანსისს იღებს საკუთარ სახელოსნოში, რომელიც მოულოდნელად მისი შვილის მკვლელი აღმოჩნდება. როგორც ჩანს, ბელგიელ რეჟისორებს ოლივიეს განცდების სრული მდუმარებით გამოცემა უფრო ბუნებრივად მოეჩვენათ, ვიდრე მუსიკით გამძაფრება.

 

„ძაღლური შუადღე“ (Dog Day Afternoon, 1975, სიდნი ლუმეტი)

– კრიმინალური დრამა ალ პაჩინოს მონაწილეობით, მხოლოდ იწყება შესავალი კომპოზიციით, მთელი 90 წუთი კი, მუსიკას სროლის, ტელეფონის ზარისა და ზუმერის, კამათისა და მუქარის ხმა ენაცვლება, რომელიც ზოგჯერ მუსიკაზე ხმამაღალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები