LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ადამიანი სისხლს დაკარგავს, ის სისხლი სტიმულისთვის უნდა გადაასხა, თორემ წყლად იქცევა, არავინ მითხრას, რომ ჩვენს ქვეყანაში საქმე არ არის გასაკეთებელი – კახაძე სოციალურად დაუცველების დასაქმებაზე

139
551111768

როგორ აპირებს მთავრობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებას?  როგორია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა და პრობლემის გადაჭრის რა რეალური ბერკეტები არსებობს? – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლადო კახაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის მეთაურის ინიციატივა ძალიან კარგია და ის, როგორც მმართველი  გუნდის „ერთი მოკრძალებული ჯარისკაცი“ ამ ინიციატივას  სრულად იზიარებს.

ლადო კახაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველების დასაქმების შესახებ ინიციატივა დამატებითი შემოსავალი იქნება ადამიანებისთვის და ახალი საქმის წამოწყების კუთხით, შრომისუნარიან მოქალაქეებს მეტ სტიმულს მისცემს.

“პრემიერმა თქვა, რომ არავის არ მივატოვებთ გაჭირვებაში, შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ თქვენი აქტიური ჩართულობით, იცოდეთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა მუდმივად თანმხლები იქნება, მაგრამ იქ, სადაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერითა და იმედით, საკუთარი საქმე წამოიწყოთ, ახალი განათლება მიიღოთ, პროფესიულ განათლებაში დაიხვეწოთ, დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი, ყველაფერი სახელმწიფოს მხრიდან წახალისებული იქნება და გვერდში დაუდგება, ეს ეხება შრომისუნარიან ადამიანებს.

მე ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს, როგორც ბიზნესთან, ასევე ადამიანებთან სოფლად, ადგილობრივ ინვესტორებთან, ვისაც საკუთარი სახსრების დაბანდება უნდა, მოდიან და გვეუბნებიან, რომ თქვენთან გვინდა ამის გაკეთება და მუშა ხელი არა გყავთ. მეორე მხრივ, ვკითხულობთ, რომ უმუშევრობა ბევრია. ეს დისონანსია. ცოტა მაკრატელია ისეთი, რომელიც ცუდად ჭრის ჩვენს პოლიტიკას, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ როგორ არა გვყავს [მუშა ხელი]…

სახელმწიფო ეუბნება ადამიანებს, ჩვენ ყველაფერს გაგიკეთებთ თქვენი გადამზადების კუთხით, ბიზნესის წამოწყების კუთხით, არის უამრავი ადამიანი, ვისაც არც ეზარება, გონიერებაც მოსდგამთ და ბევრ დასაქმებულზეც გაცილებით ნიჭიერია და შეუძლია კონკურენციაც გაუწიოს შემდეგ.

არავინ მითხრას, რომ ჩვენს ქვეყანაში საქმე არ არის გასაკეთებელი და ეს საქმე იქნება ულევი. საქმე იქნება მუდმივად – მშენებლობები, IT ტექნოლოგიები, ინტერნეტიზაცია, ადგილობრივი ინფრასტრუქტურების ჩართვა, არის მოთხოვნა იმისა, რომ ჩვენ ერთდროულად ბევრი რამ გავაკეთოთ. როდესაც ამ პროცესში დამატებითი მუშა ხელი ჩაერთვება, საქმე სწრაფად გაკეთდება, ესაა მიზანი.

გენიალური ქვეყანა სოციალურ პოლიტიკაში, როგორიცაა გერმანია სოციალური კოდექსის სრულყოფას ახდენს და ამ პროცესს გვიზიარებს. გერმანიაში მეც ვარ ნამყოფი და ალბათ, ბევრი, გვინახავს იქ როგორ უვლიან ადამიანებს, როგორ ამოჰყავთ სოციალური ფენიდან ერთმანეთი.

მე ექიმი ვარ და ვიცი, რომ ქრონიკული დაავადება არის რთული თემა, ასევე, იცით, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, ეს მემკვიდრეობით მიღებულია პოლიტიკური დაპირისპირებისა და რუსეთის სახით იმ საშინელი პოლიტიკური მონსტრის, რომელიც ეღობება ჩვენი ქვეყნის წინსვლას”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

რაც შეეხება ვადებს, კახაძის თქმით, როდესაც საკანონმდებლო ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება, შემდგომ დაინერგება გარკვეული ეტაპები, რაც მისივე შეფასებით, უნდობლომის გამო მტკივნეული პროცესი იქნება, მაგრამ კახაძე მიიჩნევს, რომ ეს ბარიერი გადაილახება.

„სახელმწიფო ამბობს, რომ თქვენს დღეს არსებულ გარანტირებულ რეალობას არაფერი მოაკლდება, მაგრამ ამას დაემატება შანსი, რომ მათ კიდევ მეტი მიიღონ. მთავარია, რომ ჩვენ ვესაუბრებით ბიზნესს, ჩვენი გადამრჩენელი არის ბიზნესი, ისინი უჭკვიანესები არიან, კარგად იციან ლოჯისტიკა, დღეს რომელი კადრი დასჭირდებათ, ამ უკუკავშირს დაეყრდნობა გადამზადების მთელი ცენტრები.

ასევე, ჩვენი უძლიერესი რგოლი არის პროფესიული გადამზადების ცენტრები. ექიმი ვარ და ვიტყვი, რომ როდესაც ადამიანი სისხლს დაკარგავს, ის სისხლი სტიმულისთვის უნდა გადაასხა, რომ ძვლის ტვინი ამოქმედდეს, თორემ შენ თუ მუდმივად სხვის დონორის სისხლზე იქნები, ის სისხლი წყლად იქცევა, ამიტომ ჩვენ ამ სოციალურ ჯგუფში ვიცით, რომ გვყავს დიდებული სისხლის მაწარმოებელი ენერგიის მქონე ადამიანები, რომელთაც გვინდა შანსი გავუზარდოთ.

მე მახსოვს, როცა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენზე ვლაპარაკობდით, როდესაც ჩამოვიდა ინვესტორი, რომელმაც ჩადო ამაში დიდი ფული, შემდუღებლები მოითხოვა და არ გვყავდა, როგორი გადამზადება დაჭირდა ამ კადრს და შემდეგ რამდენი ადამიანი დასაქმდა. აი ეს სტიმულია ეს ინიციატივა და მადლობა პრემიერს ამისთვის“,- განაცხადა ლადო კახაძემ.

ცნობისთვის, სოციალური დაუცველების დასაქმების შესახებ ინიციატივა პირველად პრემიერმინისტრმა გააჟღერა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის 300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე სოციალური დახმარების მძევალია. ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ადამიანები მუშაობას უნდა მიაჩვიონ და შრომის კულტურა განავითარონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები