LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან შეიძლება დაწესდეს უმუშევრობის კომპენსაცია და რას გეგმავს პროფკავშირები

593
top-10-florida-unemployment-questions-answered-feature-image

უმუშევრობის კომპენსაციის კანონპროექტი მზადაა – “საქართველოს პროფკავშირებმა” ინიციატივა შეიმუშავა, თუმცა ის პარლამენტისთვის ჯერ არ წარუდგენია, რადგან მისი მხარდამჭერი პარლამენტარი არ გამოჩენილა.

როგორც „პროფკავშირებში“ „ფორტუნას“ განუცხადეს, ამ თემაზე ისინი ძალიან მალე კვლავ გააქტიურდებიან და თუ სხვა გზას ვერ მოძებნიან, პარლამენტისთვის მის წარსადგენად, ხელმოწერების შეგროვებასაც დაიწყებენ.

პროფკავშირები სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული უმუშევრობის შემწეობას ითხოვს, რომელიც უნდა გაიცეს ყველა ადამიანზე, ვინც მუშაობდა ბოლო 12 თვის განმავლობაში და ვინც დაკარგა სამსახური.

კანონპროექტის მიხედვით, კომპენსაცია, რომელიც 200 ლარს შეადგენს, ექვსი თვის განმავლობაში უნდა გაიცეს.

ბიუჯეტს აღნიშნული ინიციატივა, დამტკიცების შემთხვევაში, 31 მილიონი ლარი დაუჯდება.

„ხარჯი 48 მილიონია მთლიანობაში, თუმცა ამას აკლდება 17 მლნ, რომელიც დაიზოგება საარსებო შემწეობიდან. თუკი ადამიანები მიიღებენ უმუშევრობის შემწეობას, მანამ სანამ გაღარიბდებიან, მაშინ არ დასჭირდებათ საარსებო შემწეობის მიღება,“ – განაცხადა პროფკავშირების ანალიტიკოსმა გიგი ჭანტურიძემ „ფორტუნასთან“.

კომპენსაცია უმუშევრობას ვერ წაახალისებს

ექსპერტების მოსაზრება, რომ აღნიშნული კანონის მიღება უმუშევრობას წაახალისებს, პროფკავშირების აზრით, რეალობას აცდენილია.

„უმუშევრობის შემწეობას სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს 6 თვის განმავლობაში და ის არანაირ გავლენას არ მოახდენს დასაქმება-უმუშევრობაზე. თუ ვინმე იტყვის, რომ ადამიანები წამოვლენ სამსახურებიდან იმიტომ, რომ შემწეობა მიიღონ, ამის კონტრარგუმენტია ის, რომ ეს შემწეობა მხოლოდ რაღაც მოკლე პერიოდში გაიცემა და არა მუდმივად. ჩვენი კანონი 6 თვეს ითვალისწინებს. ეს არის პერიოდი, რომლის დროსაც ადამიანი სამსახურის ძებნის პროცესშია. გარდა ამისა, 200 ლარი არ არის ის თანხა, რომელსაც ადამიანი დასჯერდება და ამის გამო, სამსახურის პოვნის მოტივაციას დაკარგავს,“ – განმარტავს გიგი ჭანტურიძე.

200 ლარი ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმზე ოდნავ მეტია (საარსებო მინიმუმი 176 ლარია) გარდა ამისა, საარსებო შემწეობის ბენეფიციარები 4 სულიანი ოჯახისთვის დაახლოებით, ამდენივეს იღებენ.

„ამ კანონპროექტს ორი მიზაქნი აქვს: ადამიანს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი მოტივაცია, რომ დაიწყოს სამსახური და თუ ის დაკარგა, უნდა იცოდეს, რომ საარსებო შემწეობის ოდენობის თანხას მაინც მიიღებს, სანამ ახალს იშოვის,“ – აცხადებს ანალიტიკოსი ჭანტურიძე.

 

დასავლური სტანდარტებისთვის საქართველო მზად არ არის

პროფკავშირებმა, ამ კანონპროექტის შემუშავების დროს დასავლეთ ევროპის გამოცდილება გაიზიარა. ამ ტიპის „დაზღვევა“ თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს, თუმცა სხვადასხვა სახით მოქმედებს.

12 თვე სტაჟის პერიოდი – ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნების მინიმალური სტანდარტია. ხშირია პრაქტიკა, როცა ის დასაქმებულისა და დამსაქმებლის დაგროვებული თანხიდან გაიცემა, თუმცა პროფკავშირებში ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის, ამ ეტაპზე ეს მოდელი ვერ იმუშავებს.

„დასაქმებულებსა და დამსაქმებლებისთვის, ამ ეტაპზე კიდევ რაღაც დამატებითი გადასახადის დაწესება ნაადრევია. ამიტომ ვითხოვთ, ეს კომპენსაცია მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.

ეს ხარჯი არ არის იმხელა და შესაძლოა, ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდის ფარგლებში დაიფაროს და არ ჩამოაკლდეს სხვა სფეროს,“ – აცხადებენ პროფკავშირში.

ინიციატივა, პროფკავშირებმა ჯერ კიდევ შარშან, სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე განსახილველად შეიტანა. კომისიაში დამსაქმებლები, დასაქმებულები და 6 მინისტრი შედის. ამ კომისიამ წელს უნდა განიხილოს ინიციატივა, თუმცა პროფკავშირებში აცხადებენ, რომ იმედი არ აქვთ, რადგან კომისიის მუშაობა არ მიმდინარეობს იმ ინტენსივობით, როგორც უნდა იყოს. ინიციატივის განხილვას კი, დედლაინი არ აქვს.

ვალდებულია თუ არა მთავრობა აღნიშნული კომპენსაცია დააწესოს?

არა – გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აღნიშნული მექანიზმის ამოქმედება არ ევალება.

ასოცირების შეთანხმება განსაკუთრებით უსვამს ხაზს შრომის უფლებების ასპექტში, პროფესიული კავშირების მნიშვნელობას და სახელმწიფოს სოციალური თანასწორობის მისაღწევად რიგ ქმედებებს (შრომის ეფექტური ინსპექცია, სამუშაო ადგილზე ყველანაირი დისკრიმინაციული ფორმების აღმოფხვრა, შრომის კოდექსის დახვეწა და სხვა) ავალდებულებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ შეთანხმებაში უმუშევრობის კომპენსაციის სავალდებულო შემოღების შესახებ ჩანაწერი არ მოიძებნება.

თუმცა ფაქტია, რომ მთავრობამ ამ ხელშეკრულებითაც და მის გარეშეც შრომის ბაზარზე არსებული უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად რაიმე უნდა მოიმოქმედოს. ამ კანონპროექტის მიღებას არავინ გვავალდებულებს, მაგრამ ხელსაც არაფერი უშლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები