LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის იყო ბატონი ივანიშვილი გულწრფელი, არჩევნებამდე თუ მის შემდეგ? – ნიკა ჩიტაძე

88

“ფაქტიურად ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ 6 წლის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა, რის გამოც “ქართული ოცნების” რეიტინგი მკვეთრად დაეცა,” – ამის შესახებ “ფორტუნასთან” პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა. ჩიტაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეო მიმართვას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მისი ეს განცხადება უკვე დაგვიანებულია.

მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა ბიძინა ივანიშვილისთვის ცხადი ამომრჩევლის გაბრაზების მიზეზები არჩევნების პირველი ტურის ჩატარების შემდეგ, მაშინ როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში არსებულ პრობლემებს არ აღიარებდა.

“თუ იცის გაბრაზების მიზეზები, მაშინ მანამდე რატომ არ ფიქრობდა გაჭირვებაზე? მანამდე საუბრობდა იმაზე, რომ “რუსთავი 2”-ს თუ გამოვრთავთ, ქვეყანაში კარგი მდგომარეობაა, დიდი ხანი ხომ არ გასულა მას შემდეგ? როდის იყო ბატონი ივანიშვილი გულწრფელი მაშინ, როცა არჩევნებამდე საუბრობდა, რომ იდეალურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და “რუსთავი 2″ აგორებს შავ პიარს, თუ დღეს არის გულწრფელი?”- აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.

ნაკლებ სარწმუნოდ მიაჩნია ასევე მისი განცხადება, რომ ერთ წელში ქვეყნის გავითარება შეუქცევადი გახდება.

“ძალიან დიდი ბოდიში, არაფორმალურ მმართველობაზე ბრალდებებს რომ თავი დავანებოთ, ერთი წელი იყო იგი პრემიერმინისტრი,” – აცხადებს ნიკა ჩიტაძე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პრემიერმინისტრობის ერთი წელი საკუთარი რესურსები მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებას მოახმარა, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ეს არასწორი მენეჯმენტია.

“ეს არასწორია რა თქმა უნდა. ფაქტია, რომ მისი პრემიერმინისტრობის დროს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შემცირდა 6.4%-დან 3.2%-მდე. 2- ჯერ შემცირდა ქვეყანაში ეკონომიკური ზდრის მაჩვენებელი. არც მაშინ განხორციელებულა რადიკალური ცვლილებები დემოკრატიის გზაზე, როცა მან პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, სარდაფში ჩაჰყავთ ყოფილი მინისტრი და სცემენ, ახალქალაქში გაუსწორდნენ ფიზიკურად მოქალაქეებს, ამნისტიის შედეგად გამოუშვეს დამნაშავეები და იყო ხელმეორედ დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ფაქტია, რომ ლარი გაუფასურდა და პრობლემები ბევრი მიმართულებით შეიქმნა, ერთ წელში ამის გამოსწორება შეუძლებელია და როგორ აპირებს, არც ამაზე საუბრობს. მაგალითად, არ ამბობს, როგორ უნდა მოხდეს ლარის კურსის სტაბილიზაცია. რაც შეეხება დაპირებებს პენსიების გაზრდაზე, 840 000-მდე პენსიონერია ქვეყანაში და მათ რომ გაუზარდო პენსია, წარმოიდგინეთ რა პროცესები დაიწყება, გაუფასურდება კიდევ უფრო ლარის კურსი. ეს არის საუბარი იმისთვის, რომ ერთი წელი კიდევ დააშოშმინოს მოსახლეობა, ამასთან ის შეურაცხყოფას აყენებს იმ მოქალაქეებს, ვინც ხმა მისცა გრიგოლ ვაშაძეს, საუბრობს იმ კონტექსტში, რომ მათ ძალადობას მისცეს ხმა,” – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

პოლიტოლოგი განმარტავს, რომ არასწორია საუბრებიც ორ საქართველოსთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ერთი ნაწილი სიმართლეს აძლევს ხმას, მეორე კი ძალადობას. პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ მოქალაქეები არჩევანში თავისუფლები არიან და ნებისმიერი არჩევანი პატივისცემას იმსახურებს.

ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეებს საჯაროდ მიმართა. როგორც მან განაცხადა, იცის ყველა ის მიზეზი, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილი გაბრაზებულია. მისივე თქმით მათ პირისპირ “რევანშისთვის გაერთიანებული მოძალდეები დგანან. ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები