LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აამღერა შვილები ნატო გელაშვილმა – „ჩვენს ოჯახში ისეთი გოგო ვერ შემოვა, ვისაც სიმღერა არ უყვარს…

natogelashvili

ნატო გელაშვილის ოჯახში სტუმრობა დიდი სიამოვნებაა. გარდა იმისა, რომ ცნობილი კომპოზიტორის სახლიდან სულ სიმღერის ხმა გამოდის, ის შესანიშნავ კულინარადაც მიიჩნევა და რაც ყველაზე მთავარია, როგორც მისი ვაჟები ახასიათებენ, სუპერდედაა.

გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებმა ახლახან დედის მიერ მათთვის დაწერილი სიმღერა შეასრულეს და აპირებენ, არა მხოლოდ ნატოს დაწერილი სიმღერები შეასრულონ. ქართული სიმღერით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მათ ბავშვობაში ნატო გელაშვილის კონცერტი ფილარმონიაში გაიმართა…

ნატო:

დიდი ხანია, ჩემი შვილების სიმღერას ვუსმენ და როცა მივხვდი, რომ შეიძლებოდა, ფართო ასპარეზზე გასულიყვნენ, გადავწყვიტეთ სიმღერის ჩაწერა. ახალი სიმღერა დავწერე ფოტოდან გამომდინარე, რომელიც სახლში გვიკიდია და ერთად გვაქვს გადაღებული, ფოტო იქცა ინსპირაციად. შევაპარე, მოდი, ვისწავლოთ ეს სიმღერა-მეთქი. ჩემი შვილები 24 საათი მღერიან, განსაკუთრებით ეს ლუკას ეხება. ამაში გიოც დამეთანხმება. ზოგჯერ ვთხოვთ ხოლმე, იქნებ დაუწიოს მუსიკას ან გამორთოს და მშვიდი საათი მოვაწყოთ. ბოლო ხმაზე აყვირებს და თვითონაც გაჰყვირის. თუ შემოხვალ და მუსიკა ბოლო ხმაზე არ ისმის, ე.ი. ლუკა სახლში არ არის.

ლუკა:

სახლში როცა ზიხარ ადამიანი, გყავს ძმა, რომელიც მუშაობს ბანკში, დედა რომ გყავს კომპოზიტორი და არის სახლში… ვუსმენ მუსიკას, ეს ბუნებრივია, რა ვაკეთო (იცინიან)?!.

ბავშვობიდან ასე იყვნენ?

ნატო:

ჩემი ფილარმონიის კონცერტი მზადდებოდა და რა თქმა უნდა, მიდიოდა გაუთავებელი რეპეტიციები ჩემს სახლში. მონაწილეობდა ყველა, თუკი ვინმე მღერის საქართველოში. „ქართული ხმების“ კვარტეტი ასრულებდა „თეთრ კლავიშებს“… მანამდე ქართულ სიმღერებს არ უსმენდნენ და ამ კონცერტის შემდეგ დაინტერესდნენ.

ლუკა:

პირდაპირ ვამბობ, რომ „ქართული ხმების“ კვარტეტმა მოახდინა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება.

გიორგი:

რომ დაიწყო რეპეტიციები, ქართული სიმღერით დავინტერესდით. დავიწყეთ კითხვების დასმა. ვინ იყო ყველაზე კარგი პირველი, მეორე ხმა და ა.შ.

ნატო:

გიორგის „პაჩემუშკას“ ვეძახით, რადგან სანამ ცნობისმოყვარეობას ბოლომდე არ დაიკმაყოფილებს, მანამდე სვამს კითხვებს. მოკლედ, მათში ამ კონცერტის შემდეგ მოხდა გარდატეხა. მანამდე უფრო მეტად უცხოურს, როკს უსმენდნენ. უცებ აღმოჩნდა, რომ სახლში მყავდა ორი „გრუზინი“ (იცინის). ოღონდ ისეთი, რომ დაიწყეს, ვნატრობდი, ნეტავ, ესენი გაჩუმდებოდნენ-მეთქი. ბოლო ხმაზე აყვირებდნენ რომელიღაც ანსამბლის სიმღერას და ზემოდან კიდევ თვითონ მღეროდნენ სხვადასხვა ხმას. ვფიქრობდი, რა მინდოდა წვენებში-მეთქი… იმ დღიდან მოყოლებული, მთელი კორპუსი ცნობდა, როდის ჩადიოდნენ და ამოიდოდნენ, ორ ხმაში (იცინის). აქაც ასეა, ახალ სახლში რაც გადმოვედით. ვთხოვ ხოლმე, ღამის ოთხ საათზე არ იმღერონ…

ლუკა:

სამაგიეროდ, მეზობლები მადლობებით მხვდებიან ხოლმე. მერვე სართულამდე სანამ ამოვდივარ, ხალხი გამოდის და მესალმება, მეუბნებიან, ყოჩაღო (იცინიან).

გიორგი:

კი, კი, ელოდებიან, როდის ამოვა ლუკა, რომ გამოვიდნენ და მადლობა გადაუხადონ.

ლუკა:

თავიდან, ქართულ სიმღერას გემო რომ გავუგეთ, დავეტაკეთ და სამას სიმღერას ერთად ვუსმენდით.

დედის სიმღერების აღქმა როდის დაიწყეთ?

გიორგი:

ნატოს სიმღერას ვერ იმღერებ, თუ თვითონ სახლშია. გამოგძახებს, ისე არა, ასე უნდა იმღეროო.

ნატო:

არასწორ ბგერას ვერც სხვას ვაპატიებ და ვერც ჩემს შვილებს.

გიორგი:

იცი, როგორი ამბავია? თავად დაწერა, გრძნობდა, რას აკეთებდა, შენ რომ გადაუხვევ ფარგლებს იქით, აღარ მოსწონს.

ლუკა:

დედას სიმღერას სჭირდება აღქმა. ზრდასრული უნდა იყო, რომ გაიგო, რა ხდება. დედას სიმღერებს უნდა ეწეროს +18, შეიძლება, ცოტა ზევითაც (იცინიან).

ნატო:

იცით, რას გეტყვით? +14 ვიყავი, სიმღერებს რომ ვწერდი (იცინის). ეს ორი მაწაკი მე გავზარდე?

ლუკა:

ნატოს სიმღერებს რომ მოუსმინო, შინაგანი სამყარო ჩამოყალიბებული უნდა გქონდეს. დღეს უკვე შემიძლია, შევიდე ჩემს ოთახში, ჩავრთო სიმღერა, რომელიც ბევრმა ხალხმა არ იცის და სიამოვნებით მოვუსმინო.

დედას რომელი სიმღერა მოგწონთ ყველაზე მეტად?

გიორგი:

„უსიმღეროდ“ მაგრად მიყვარს და „გაზაფხული მოვა“.

ლუკა:

მე მიყვარს „მე მზეს ვატან“.

ნატო, ასმენინებდით შვილებს საკუთარ შემოქმედებას?

არავისთვის არ მიყვარს საკუთარი აზრის ვინმესთვის თავზე მოხვევა, არც შემოქმედების. უბრალოდ, ჩემს სახლში სულ რეპეტიცია მიმდინარეობდა, სულ ახალ სიმღერას ვწერდი, რასაც ესწრებოდნენ. ზოგიერთ სიმღერაში იმდენად ღრმა ტექსტია, ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება აღქმა. თუმცა ჩემთან მოსულა 15 წლის მსმენელი და უთქვამს, ვგიჟდები თქვენს „მხატვარზეო“. ეს სიმღერა იმდენად ღრმაა, რომ მივხვდი, ის ბავშვიც თავად სხვანაირი იყო, მისი სულიერი სამყარო ჩემთვის ძალიან გასაგები გახდა. ბევრ სიმღერას ჩამოგითვლით, რომლებსაც ვერ გაიგებენ სულიერად ცარიელი ადამიანები. ზოგი რაღაც ასაკამდე უფრო მხიარულ მელოდიას და ტექსტს ანიჭებს უპირატესობას, შემდეგ კი ერთ დღეს მოვა და გეტყვის, რომ შენი რეპერტუარიდან სხვა სიმღერები ურჩევნია. სიმღერები იმიტომ იწერება, რომ ყველამ თავისი რაღაც იპოვოს. ეს მელოდიები აქ ტრიალებდა და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სიღრმეს ვერ ხვდებოდნენ, ბიჭებმა ყველა ჩემი სიმღერა იცოდნენ, ხვდებოდნენ, სადმე თუ გაიჟღერებდა, ხელწერასაც ცნობდნენ. თუმცა აქვე უნდა ვახსენოთ გენი, მამაჩემი მინდა ვახსენო, რომელიც არაჩვეულებრივად მღეროდა და ამის ახსნის და გადმოცემის უნარიც ჰქონდა. ბიჭების პირველი მასწავლებელი მათი ბაბუა იყო. მეც მიმიცია შენიშვნები, მაგრამ არასდროს მიმეცადინებია. კონკრეტულ მომენტში თუ რაღაც ჩახვევა არ მომწონებია და შემისწორებია.

ლუკა:

მთელი ზაფხული, ორი თვე ვისხედით ხოლმე ბაბუასთან ერთად, ცოტას ვსვამდით და თან გვამღერებდა. მაგრად მღეროდა და ძალიან უყვარდა ეს საქმე. ამას რომ ვუყურებდით, ჩვენც შეგვიყვარდა.

ნატო, ახალი სიმღერის ჩაწერის ამბავი დავასრულოთ…

ლუკა:

ვერ ვხვდებით ხოლმე, რომელია ახალი და რომელი ძველი. ჩვენ ხომ სულ გვესმის. დედა თუ არ გვეტყვის, რომ ახალია, მანამდე არ ვიცით.

გიორგი:

ახალი სიმღერა სპეციალურად ჩვენთვის დაწერა.

ნატო:

გიო არ იყო შესწრებული, როგორ ვწერდი, ლუკას ჰაერში ჰქონდა დაჭერილი.

ლუკა:

ჩვენი თავის რეალიზებას ამ მხრივ სულ ვახდენდით, ქორწილებში, სამეზობლოში, დაბადების დღეებზე. ამის პრობლემა არასდროს გვქონია, ხშირად გადმოუძახიათ კიდეც, თქვენ გენაცვალეთო. ასე რომ, ასე გამოკვეთილად მიზნად არ დაგვისახავს, რომ სიმღერა ჩაგვეწერა.

ნატო:

ჩემთვის ბიჭები მუსიკალურად უკვე ძალიან გაზრდილები არიან. ორივე კარგად სწავლობს და თავიანთი პროფესია აქვთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ როცა ადამიანს ქართული სიმღერა კარგად გამოსდის,  აუცილებლად უნდა იმღეროს და ჩანაწერიც დატოვოს. დოზირებულად, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი შვილები კლუბ-კლუბ ირბენენ და ყველა კონცერტზე გამოვლენ. ნამდვილად არ მაქვს ამისი სურვილი, მაგრამ მივიჩნევ, რომ ღირებულ კონცერტებზე თუ იმღერებენ, ეს კარგი იქნება. ჩემი აზრით, ქართულად ძალიან ცოტა ახალგაზრდა მღერის სწორად. ჩემთვის მიუღებელია მიმბაძველობა და სხვისი ხელწერის გამეორება. რაც ბიჭებში მომწონს, ისაა, რომ მათ თავიანთი სტილი, გემოვნება და მუსიკალური ხედვა აქვთ. ბევრად დიდებიც რომ იყვნენ, თუ რამე არ მომეწონა, შევუსწორებ და მე მაქვს ამისი უფლება. რა თქმა უნდა, ყოველთვის იღებდნენ ჩემს შენიშვნებს და ალბათ, მიიღებენ მომავალშიც.

ისეთი გოგონები რომ მოგეწონოთ, ვინც არც მღერის და არც მუსიკა უყვარს?

გიორგი:

რა თქმა უნდა, ასეთი მიზანი ვერ გვექნება, რომ მაინცდამაინც მუსიკალური გოგონები მოგვეწონოს, მაგრამ სასურველია, რომ თუ თავად ვერ იმღერებენ, მუსიკა მაინც უყვარდეთ. მაგას რა ჯობს, ოჯახში ორნი რომ ხართ და ორივე მღერით?!.

ლუკა:

ჩვენს ოჯახში ალბათ, ისეთი გოგო ვერ შემოვა, ვისაც სიმღერა არ უყვარს. შეიძლება, კარგი ვოკალური მონაცემი არ ჰქონდეს და ვერ მღეროდეს, მაგრამ უნდა უყვარდეს, რადგან ჩვენი შეყვარება სიმღერისა და მუსიკის გარეშე არ არსებობს. სულ ვმღერით.

ნატო, „33 კითხვის“ ჩასაწერად რომ გესტუმრეთ, მაშინ ძალიან სევდიანი იყავით, ახლა ძალიან კარგ ხასიათზე ხართ. ბიჭების სცენაზე გამოყვანას უკავშირდება ეს მხიარულება?

ამან ნამდვილად მომცა სტიმული იმის, რომ კიდევ დავწერო. იმას ვერავინ იტყვის, რომ ნატომ შვილების მომენტი დაიჭირა და ამიტომ არის ასეთ კარგ ხასიათზეო, დავხარჯულვარ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ჩემი სახლი უამრავმა მომღერალმა გაიარა. ახლა ჩემს შვილებს ვჭირდები, რადგან ჯერ არ იციან ეს სფერო. ვასწავლი ძალიან ბევრს და თავად ამოარჩევენ მომავალში. მე მიყვარს, როცა ვაცნობ სამყაროს და ვუტოვებ არჩევანის უფლებას. ახლა ჩემი სიმღერა შეასრულეს, მაგრამ აუცილებლად იმღერებენ სხვა კომპოზიტორების სიმღერებსაც, თუნდაც ნიჭიერი დამწყებისას… მუსიკას ჩარჩო არ აქვს.

სხვანაირი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. სიმართლეს გეტყვი, როცა ბიჭებმა პირველად იმღერეს, ძალიან ვინერვიულე. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, როცა შვილებს წარვადგენ. სულ ფიქრობ, როგორც დედას, ხომ არ გეჩვენება, რომ კარგად მღერიან? ამ დროს მუსიკოსი ხარ და ყველა ბგერა ათასჯერ გაქვს მოსმენილი და ზოგჯერ შესწორებულიც. კონცერტზეც ვერ მოვისმინე, თავიდან არ ვაპირებდი მათი გამოსვლის ნახვას, მერე დარბაზში მაინც გამოვედი. დამამშვიდებლებს მასმევდნენ. პირველი რაღაცნაირი განცდა იყო, ახლა უკვე მივეჩვევი… და ჩემი შვილებიც მიეჩვევიან.

გიორგი:

ჩვენ აქამდე სხვა გარემოში ვიყავით სიმღერას მიჩვეული, მიკროფონთან კი ყველაფრის გათვალისწინება გიწევს. მართლა ძალიან დიდი სანერვიულო გვქონდა.

ლუკა:

რომ მივედით სტუდიაში, პირველი მე შევედი და დიდი ხანი დამჭირდა. პირველი რომ ჩავწერე და გამოვედი, მერე უკვე ხელიც გავშალე (იცინის). ზოგადად, სანერვიულო იყო ესეც და სცენაზე გამოსვლაც. როგორც დედას აქვს ორმაგი პასუხისმგებლობა, ასევე ჩვენც.

ბოლოს მინდა გკითხოთ, როგორია თქვენი აღქმით ნატო, რის გამო უყვარს ხალხს, როგორ ფიქრობთ?

რატომ უნდა უყვარდეთ და მეც რატომ მიყვარს ნატო გელაშვილი, ჩემთვის, პირველ რიგში,  მისი დედის ფუნქციაა. ეს როლი აქვს შეთავსებული უმაღლეს საფეხურზე. ამის იქით არ არსებობს. ყველას საკუთარი დედა უყვარს, მაგრამ უცხო თვალითაც რომ შეხედოთ ჩვენს ოჯახს, აუცილებლად იტყვით, რომ ნატო გელაშვილი არის დედობის უმაღლესი საფეხური. კიდევ ბევრ რამეს ვიტყოდი მასზე, მაგრამ როგორც შვილი, ამას ვამბობ.

გიორგი:

ბევრჯერ შევსწრებივარ, როგორ გამოხატავს ხალხი მის მიმართ სიყვარულს. უცხო ადამიანი რომ გააყოლო ორი დღე, უამრავ დადებით ემოციას მიიღებს. ხანდახან დავფიქრებულვარ, ასე რანაირად უყვართ დედაჩემი, რომ მეც გულზე მხვდება-მეთქი. ეს საოცარი განცდაა. დედაჩემის შინაგანი მდგომარეობა და მისი სიმღერები უყვართ ალბათ ძალიან. გარდა ამისა, ის სუპერდედაა. ვძმაკაცობთ, ვმეგობრობთ, ყველაფერს ვუყვებით, რაც კი შეიძლება, ძმაკაცთან გავხსნათ.

ნატო:

მოკლედ, როცა ჩასაცუცქია, ვიცუცქებით (იცინიან).

ფოტო: ანდრო ოსადჩევი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები