LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აფასებს საკუთარ თავს დათო გორგილაძე: „ბრედ პიტთან მიახლოებული რომ არ ვარ, ეს ახალი ხომ არ არის…“

14
დათო-გორგილაძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ბლოგერი, ტელეწამყვანი დავით გორგილაძე.

საკუთარი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ მაინცდამაინც კარგი მოლაპარაკე არ ვარ. დალაგებული საუბარი მიჭირს, აზრებს ვერ ვალაგებ, წერა ჩემთვის უკეთესი ხერხია საკუთარი თავის გამოხატვისთვის. რაც ვიზუალს შეეხება, ბრედ პიტთან მიახლოებული რომ არ ვარ, ეს ახალი ხომ არ არის. რადიო არის ჟურნალისტიკის ყველაზე მაგარი მიმართულება, ერთადერთი. – მას სამწერლო ჟურნალისტიკა გაეჯიბრება. რადიოს თავისი არსით, ინტიმით ვერც ერთი მიმართულება ვერ შეედრება. აქ შენი ერთადერთი ინსტრუმენტი არის ხმა, რომლითაც ყველაფერი უნდა შეძლო.

მოდი, სულ თავიდანნ დავიწყოთ… 

ჩვენ ცოტა მომდევნო თაობა ვართ, ვინც წამოიწყო ბლოგერობის საქმიანობა, პატარა წრე იყო, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით. რაც შეეხება ჟურნალისტიკას, მე ვიცოდი, რომ მინდოდა ამბების მოყოლა, რა ჟანრში გავაკეთებდი ამას, რა სტატუსით, მექნებოდა თუ არა ხელფასი, ეს ყველაფერი არ ვიცოდი. ეს პროცესი მე სიამოვნებას მანიჭებდა. მომწონდა, როცა რეალურ ამბებს ჩემ მიერ გამოგონილ რაღაცებს ვამატებდი. ბევრი სასიამოვნო სატყუარა ახლავს თან ამბების მოყოლას. ბავშვობაში ამბების თხრობის დროს ვიტყუებოდი და ეს ტყუილი სიამოვნებას მანიჭებდა, მაგიაც ამაშია, უფრო ლამაზდებოდა ამბავი, რასაც ვყვებოდი.

ჩემი მოთხრობების პირველი შემფასებელი იყო ჩემი უახლოეს მეგობარი, კლასელი, ირაკლი ისაკაძე. მას გავუგზავნე ჩემი პირველი მოთხრობა, რომელსაც ერქვა „ხოსე ულამაზო“, ეს იყო ამბავი ბიჭზე, რომელიც იყო ულამაზო და გოგონებთან არაფერი გამოსდიოდა. ჩემმა მეგობარმა რომ წაიკითხა, მითხრა საკუთარ თავზე დაგიწერიაო. პერსონაჟებში შენი საკუთარი პიროვნების ანასხლეტი მუდამ არის. ბუნებრივია, კომპლექსების ნაწილი მოგყვება, შეიძლება, გაქცევას ცდილობდე, თუმცა ბოლომდე ვერ. მე მარკესით მოვჯადოვდი, პიროვნულად მადლიერი ვარ მისი, რომ არა ის, მე რაღაცებს ისე ვერ დავინახავდი, როგორც დავინახე. დიდძალი ინსპირაცია მიმიღია, იდეებიც მომიპარავს, გადმომიწერია, მაგრამ წერას ახასიათებს ის, რომ წერაში უნდა დამარცხდე. მერე მარცხდები უფრო უკეთესად, მერე კიდევ უკეთესად და შეიძლება გამარჯვებამდე მიხვიდე. თუმცა ყოველივე ეს წერის გარეშე გარდაუვალია. როცა ჩემი წიგნი გამოვეცი, წიგნის მაღაზიაში დღეში რამდენჯერმე შევდიოდი ხოლმე, რომ მენახა, ხომ იდო წიგნი. ამოუხსნელი სიამაყე გეუფლება ასეთ დროს, როცა შენი წიგნი მაღაზიაში დევს დიდი ავტორების გვერდით, თუმცა ეს განცდა შემდეგ უკვე დიდ პასუხისმგებლობაში გადაიზრდება ხოლმე.

რა არის სტერილური ლიტერატურა?

სტერილური ლიტერატურა ჩვენ გვეუბნება, რომ არ ვართ მარტოები ამ სამყაროში. მთელი სიამოვნება ამბის თხრობის არის ის, რომ შენ აიღო პერსონაჟი და ჩააგდო რთულ მდგომარეობაში. მე დღეს გავურბივარ, რომ პერსონაჟის სამეტყველო ენაში იყოს ბილწსიტყვაობა. მთავარი ისაა, რომ მკითხველმა პერსონაჟებში დაინახონ საკუთარი თავი. ყველაფერი უნდა იყოს ორგანული.

როდის მიხვდი, რომ შედექი, როგორც მწერალი?

არა, არც მგონია… კი იყო ჯილდოები, მაგრამ ჯილდო არ განაპირობებს მაღალ ლიტერატურას. აი, მაგალითად ნობელის პრემია უამრავ ცუდ მწერალს აქვს და ბევრ კარგს არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ბოლო იქნება მხატვრულ ლიტერატურაში, თუმცა ახლა მე მხატვრულ ლიტერატურას ვუღალატე, არ მაქვს ამისთვის დრო. თუკი გინდა, რომ წერო, ამას დრო სჭირდება.

რამდენად რთული პიროვნება ხარ? რამდენად რთული შენთან ცხოვრება და შენით ურთიერთობა?

მიყვარს ადამიანები, მათთან საუბარი. კი, ხასიათის ადამიანი ვარ, ვატყობ ხოლმე ბოლო დროს, რომ წამიერად შეიძლება ხასიათი შემეცვალოს. თუმცა არ მგონია, რომ ადამიანებს საქმეს ვურთულებ. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, სხვებს ხასიათს არ ვუფუჭებ, მაგრამ ვაი და დადგეს დრო, როცა მათთვისაც მომინდეს ხასიათის გაფუჭება? ეს ფიქრი მაწვალებს.

როგორ მოხვდი ტელევიზიაში? 

ტელევიზიაში საკუთარი თავი არ მქონდა წარმოდგენილი, სრულიად მოულოდნელად „პირველ არხზე“ დასჭირდათ დილის გადაცემის წამყვანი, კამერა არ მაშინებდა, ახლა საერთოდ ღელვა არ მაქვს. ერთმა მსახიობმა მითხრა, როცა სცენაზე გამოსვლის დროს ღელვა გამიქრაო, მივხვდი, რომ უნდა წამოვიდეო. ეს ფაქტი მაღელვებს ცოტა. პირველი ეთერის მერე გასაწური გავხდი. ჩემდა გასაოცრად, გადაცემა „აუტანელი სიმსუბუქე“ ძალიან პოპულარული გახდა, ქუჩაში ხალხი მცნობდა.  მთავარი აქ არის გულწრფელობა. ჩვენ კადრში ჭუჭყს არ ვებრძვით, რა საჭიროა ყველაფრის გაკოხტავება. აი, მაგალითად, ქეთათო გაბრაზდა, ადრე „ფეისბუქზე“ ვიხუმრე რაღაც და ეს არ დავიწყებია, მან ეს წყენა გამოხატა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. შემდეგ გადავაფასე ეს ყველაფერი, რატომაც არა, როცა წყენის გამოხატვა ღიად შეგიძლია, ეს კარგია.

„რა, სად, როდის“ – რა მოგცა ამ პროექტში მონაწილეობამ?

არნახული ადრენალინი იყო, როცა პირველად დავიწყე თამაში, მე-7 ე კლასში ვიყავი. სატელევიზიო ვერსიაში ყველაფერი მოწყობილია ისე, რომ შენ თავი იგრძნო ცუდად. სკამიც ცუდად დევს, რომ  უხერხულად იჯდე, ყელში გიჭერს ბაფთა, სახეში განთებს განათება და გწვავს, გცხელა და გაქვს ერთი წუთი კითხვაზე პასუხის გასაცემად. თან გრცხვენია, იქნებ ვცდებიო ფიქრობ, მთავარი ისაა, როცა თავის შერცხვენის მომენტს გადალახავ. ბევრი შერცხვენა მქონია, მაგრამ ეს კანონზომიერი, ყველაზე დიდი აზარტი არის ის განცდა, რომელიც შეუძლებელია, სიტყვებით გადმოსცე.

რას ნიშნავს შენთვის პოპულარობა?

მთავარია, ასეთ დროს იცოდე, რომ ეს არის ძალიან მყიფე რამ და შეიძლება, ნებისმიერ მომენტში ჩამოიშალოს. იოლად მიგივიწყებენ, ცნობადობას არ უნდა გამოეკიდო. ის დაიკარგება. ჯობია, საკუთარ თავს არ უღალატო. მე მარტო, უმისამართოდ სიარული მიყვარს.

რა გაღიზიანებს ადამიანებში?

მაღიზიანებს ამპარტავნება, სიყალბე, ამბიციები, მაღიზიანებს მლიქვნელობა, ბევრი რამ მაღიზიანებს, თუმცა ამასთან თანაცხოვრებას ვსწავლობ. მარტივად ვექცევი ადამიანების გავლენის ქვეშ, ჩემი მონუსხვა არის იოლი. მანიპულატორები მარტივად მოქმედებენ ჩემზე. ჩემი მოტყუება მარტივია.

შენ და რელიგია…

მე არ ვარ ეკლესიური, ადრე ვიყავი. რაღაცების მწამს, სიკეთის და ბოროტების. მივეკუთვნები ისეთ ადამიანებს, რომლებიც ღმერთთან შუამავლებს არ ეძებენ.

რას გვეტყვი თანამედროვე ქართულ მწერლობაზე?

გადასარევად არის საქმე, ჩემი აზრით, სერიოზული ავტორები გვყავს. ადამიანები, რომლებიც წერენ ქართულ ენაზე, მაღალი ხარისხის ლიტერატურას ქმნიან. ასეთი ავტორები არიან ყველა თაობაში. თანამედროვე საქართველოში იქმნება მაღალი ლიტერატურა, გნებავთ პოეზია, გნებავთ პროზა.

რაიმეს თუ წერ ახლა?

ვწერ და იმედია, გვირაბის ბოლოს სინათლეს დავინახავ მიმდინარე წლის ბოლოს. მრავალხაზიანი რომანია, სამი გამოკვეთილი პერსონაჟით, სამი განსხვავებული პრობლემით. ბევრი გამწარდება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები