LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი დეპრესია და რომელი დაავადებები შეიძლება იწვევდეს დეპრესიის სიმპტომებს – გიორგი ღოღობერიძე

585
doctornews2304

როდის არის დეპრესია ნამდვილად დეპრესია, როდის გვაქვს საქმე უბრალოდ ცუდ განწყობასთან და რომელი დაავადებები შეიძლება იწვევდეს დეპრესიის სიმპტომებს? აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქ“- ლაივში Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელმა, ონკოლოგმა, ბიოქიმიაფარმაკოლოგიის ლექტორმა გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა

„დღეს ვისაუბრებთ არა მხოლოდ დეპრესიაზე, არამედ მის მსგავს მდგომარეობებზეც. როდის არის დეპრესია ნამდვილად დეპრესია? ხშირად ადამიანს დაქვეითებული აქვს გუნება-განწყობილება, მიდის ექიმთან, მკურნალობს დეპრესიაზე, მაგრამ უშედეგოდ. ბევრი არც მიდის ექიმთან და უბრალოდ, ასე ცხოვრობს. ასეთი ძალიან ბევრია. განწყობის დაქვეითებას ყოველთვის დეპრესია არ იწვევს. შესაძლოა იგი გამოწვეული იყოს რაიმე სხვა დაავადებით, ან რაიმე წამლით, რომელსაც პაციენტი სვამს. ასეთ შემთხვევაში დეპრესია მიზეზი კი არა, შედეგია.

ხშირად გუნება-განწყობის დაქვეითებას, ყველაფრის მიმართ უინტერესობას, მუდმივ დაღლილობას და უენერგიობას არა დეპრესია, არამედ სხვა მდგომარეობები იწვევს, მაგალითად:

1. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება – ზემოაღნიშნული ყველა სიმპტომი შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებამ, იოდდეფიციტურმა ჩიყვმა და თიროქსინის დეფიციტმა გამოიწვიოს, რაც იწვევს მეტაბოლიზმის დაქვეითებას და ძილიანობას, ფარისებრი ჯირკვალი არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, შესაბამისად ადამიანს არ აქვს ენერგია და კარგი განწყობა. მას ჰგონია, რომ ეს ყველაფერი დეპრესიის ბრალია, არადა ასე არ არის… თუ მსგავსი სიმპტომები გაქვთ, შეამოწმეთ თიროქსინის და TSH-ის შემცველობა, რათა ეს პრობლემა გამოირიცხოს.

2. ორგანიზმში კალციუმის მაღალი დონე – კალციუმი სერიოზული ნეიროტოქსინია, ამიტომ მისი მაღალ დოზას დეპრესიის მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. ის იწვევს ძილიანობას ან უძილობას, საერთო სისიუსტეს, ენერგიის ნაკლებობას და გუნება-განწყობის დაქვეითებას. კალციუმის დონის მატება შეუძლია სიმსივნეს, შარდმდენების გამოყენებას, ჰიპერპარათირეოზს, სარკოიდოზს, ტუბერკულოზს, დ ვიტამინის ჭარბ მოხმარებას და ა.შ.

3. ქრონიკული პასიური ანთება ორგანიზმში – ასევე იწვევს გუნება-განწყობის დაქვეითებას. ქრონიკული ანთების აღმოჩენა შეიძლება ერითროციტების დალექვის სიჩქარის და C რეაქტიული ცილის დონის განსაზღვრით. მათი მაღალი დონე ორგანიზმში ქრონიკულად მიმდინარე პასიურ ანთებაზე მიანიშნებს.

4. დაბალი ტესტოსტერონი – მამრობითი სქესის ადამიანებში გუნება-განწყობის დაქვეითება, უენერგიობა და ძილიანობა პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს ტესტოსტერონის ნაკლებობასთან. ტესტოსტერონის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა ან ფსიქიკურმა ტრავმამ, ანთებამ, ალკოჰოლმა, ჭარბმა წონამ, შაქრიანმა დიაბეტმა და ა.შ.

5. D ვიტამინის სიჭარბე ან დაბალი დონე– ორივე მდგომარეობა იწვევს დეპრესიას,

6. მედიკამენტები – სხვადასხვა სახის მედიკამენტებს შეუძლიათ დეპრესიის ყველა სიმპტომის გამოწვევა, მაგალითად ბეტაბლოკერებს. თუ გაქვთ გულის ქრონიკული დაავადებები, რომელთა გამო სვამთ ბეტაბლოკერებს, უნდა იცოდეთ, რომ ისინი იწვევენ ყველა ზემოთჩამოთვლილ სიმპტომს. მსგავს სიმპტომებს იწვევენ ასევე კორტიკოსტეროიდები და კონტრაცეპრივები, ისევე როგორც პარკინსოსნის დაავადების საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი. სიმპტომები შესაძლოა იშვიათად, მაგრამ მაინც გამოიწვიოს კუჭის დამცავებმა, მაგალითად ომეპრაზოლმა. ასევე აკნეს საწინააღმდეგო საშუალებებმა, ტკივილგამაყუჩებლებმა და ანტიბიოტიკებმაც.

აღსანიშნავია, რომ ასაკოვან ადამიანებში დეპრესია ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები