LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავარჩიოთ საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

3771

სულ რაღაც ერთი თვე დარჩა ყველაზე მხიარულ და ყველასთვის საყვარელ დღესასწაულამდე – ახალ წლამდე. გირჩევთ, თავიდანვე დაიჭიროთ თადარიგი და შეუდგეთ თქვენი ახლობლებისთვის საჩუქრებზე ზრუნვას. ჩვენ კი, ჰოროსკოპით დაგეხმარებით, რათა არ შეცდეთ და თქვენმა სიურპრიზმა მისი მომავალი მფლობელის ყველა სურვილი და გემოვნება დააკმაყოფილოს.

 

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს როგორც წესი, მოსწონთ ყველაფერი, რაც “ახლოსაა სხეულთან” ან თუნდაც კავშირი აქვს გარეგნობასთან, იქნება ეს სპორტული ეკიპირება თუ აქსესუარები, მოდური ტანსაცმელი თუ მეიქაფი, ლამაზი სამკაული თუ არომატი. კარგი საჩუქარი იქნება ფიტნეს-კლუბის ან იოგას კურსების აბონიმენტი, ასევე მასაჟის ან კოსმეტიკური პროცედურების სერთიფიკატი.

კურო

კუროსთვის აუცილებლად ისეთი საჩუქარი შეარჩიეთ, რომლის ხელში დაჭერაც შეიძლება (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) და დიდხანს გაახსენებს თქვენს თავს მის მფლობელს. ეს შეიძლება იყოს პატარა სტატუეტი ან ლამაზი სანათი, მოდური ლარნაკი ან თუნდაც მცირე გაბარიტების ავეჯი. ასევე გამოდგება ყველაფერი, რაც ფულთანაა დაკავშირებული, მაგალითად ლამაზი ტყავის საფულე, ყულაბა ან ლატარიის ბილეთი. ზედმეტი არ იქნება საკვების გახსენებაც – გურმან კუროს ძალიან გაახარებს რომელიმე დელიკატესი, კარგი ღვინო ან ლამაზი ჭურჭელი.

ტყუპები

კომუნიკაბელურ ტყუპებს აუცილებლად მოეწონებათ საინტერესო წიგნი, ახალი სმარტფონი ან თამაში-თავსატეხი, რომელიც გონიერებას და კარგად დაფიქრებას მოითხოვს. კარგი იქნება ისეთი აქსესუარები, როგორიცაა ძვირფასი კალამი ან უბის წიგნაკი ადრესატის ინიციალებით გარეკანზე. ყურადღება მიაქციეთ საჩუქრებს, რომლებიც მოძრაობასთანაა დაკავშირებული, მაგალითად, თხილამურები, ციგურები ან თუნდაც თვითმფრინავის ბილეთი.

კირჩხიბი

შესძინეთ თქვენს საჩუქარს ნოსტალგიური ელფერი: ფაიფურის თოჯინა ან რბილი დათუნია, როგორც ბავშვობის განუყოფელი ნაწილი, ძველებური სამელნე ან ცნობილი ადამიანის მემუარები აუცილებლად გაახარებს კიჩხიბს. გამოდგება ნივთები, რომლებიც დროის მშვიდად გატარებისთვისაა განკუთვნილი, მათ შორის სათევზაო ანკესი, გრანდიოზული პაზლი ან სკრებლი. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობა მიდრეკილია ვიზუალური სილამაზის აღქმისკენ, ასე რომ მათთვის კარგი საჩუქარი იქნება ვიდეოკამერა ან ფოტოაპარატი. არ დაგავიწყდეთ ტკბილეული და ერთი ბოთლი კარგი ღვინო.

1

ლომი

ლომისთვის საჩუქრის არჩევისას გაითვალისწინეთ მისი მდიდარი ფანტაზია და ლტოლვა ყველაფერ ძვირფასისკენ. ის ყველა იმ საჩუქარს მოიწონებს, რაც “ლაქშერის” კლასს მიეკუთვნება, იქნება ეს დახვეწილი სამკაული თუ აქსესუარები, ძვირფასი საათი თუ ანტიკვარიატი, ალბომი ხელოვნების ისტორიაზე თუ წიგნი ხელნაკეთი გარეკანით, ლიმიტირებული კოლექციის არომატი თუ კოსმეტიკური საშუალებები აუცილებლად ოქროს ნაწილაკებით. ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია შეარჩიოთ პატარა, მაგრამ ძვირფასი ნივთი, რადგან მეფურ ლომებს ძალიან არ უყვართ კონტრაფაქტი და ყალბი ნივთების ტარება.

ქალწული

ისეთი საჩუქარი შეარჩიეთ, რომელსაც პრაქტიკული ქალწული ყოველდღე გამოიყენებს და თქვენც სითბოთი გაგიხსენებთ – ლამაზი ჭურჭელი, ორიგინალური რეცეპტების წიგნი თუ არომატული ზეთების ნაკრები – აუცილებლად მოეწონება ქალწულს. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებმა კარგად იციან მცენარეების ფასი, ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ აჩუქოთ ლამაზი ოთახის ყვავილი ან ნივთი, რომელიც ბინის ინტერიერსაც მოუხდება და აგარაკზეც გამოდგება. თუ თქვენს ახლობელ ქალწულს შინაური ცხოველი ჰყავს, შეგიძლიათ ისიც გაანებივროთ და ლამაზი აქსესუარი მისთვისაც შეარჩიოთ. ყურადღება მიაქციეთ ხელნაკეთ ნივთებს, რადგან ქალწულებს შორის ძალიან ბევრი კოლექციონერია.   

სასწორი

რაც უფრო დახვეწილი იქნება საჩუქარი, მით უკეთესი – ბილეთი ოპერის მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტზე ან მიწვევა ჩაის იაპონურ ცერემონიაზე, აბრეშუმის თეთრეული ან აღმოსავლური მარაო, მოხდენილი კოლიე ან ნაზი სუნამო – მოკლედ, სასწორს მოსწონს ყველაფერი, რაც ამშვენიერებს ცხოვრებას, სიმსუბუქეს და ელეგანტურობას მატებს მას. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები აფასებენ სილამაზეს ყველაფერში, ამიტომ არ დაგავიწყდეთ თქვენი საჩუქრის ლამაზად შეფუთვა, რაც სასწორს დამატებით სიამოვნებას მიანიჭებს.

მორიელი

მორიელის გულის მოგება რთულია, მაგრამ მაინც შეიძლება! ამ ზოდიაქოს ნიშანს ძალიან მოსწონს ტრანსფორმერი ნივთები – ქოლგა-ტროსტი, სანთებელა-ფარანი, ორფერი შარფი ან ჟილეტი, რომლის ტარება ორივე მხრიდან შეიძლება. მამაკაც მორიელს უყვარს ჩხირკედელაობა, ამიტომ ძალიან გაახარებს საჩუქარი, რომელიც მას ამაში დაეხმარება. არ დაგავიწდეთ ამ ზოდიაქოს ნიშნის მგრძნობიარე, ვნებიანი და ცოტა მისტიკური ნატურა. შეგიძლიათ აჩუქოთ ეროტიული პარფიუმი ან “კამასუტრის” გამოცემა, “ურთიერთობის სახელმძღვანელო” ან სექსოლოგიის წიგნი, ტაილანდური მასაჟის კურსის ან პარაშუტით ხტომის სერთიფიკატი. ერთი სიტყვით აქცენტი ყველაფერ ჯადოსნურზე და არა ბანალურზე გააკეთეთ.   

2

მშვილდოსანი

ამ ნიშნით დაბადებულების ინტერესის სფერო ძალიან ფართოა, მაგრამ ყველაზე მეტად მათ ეკზოტიკა იზიდავთ. შორეულ ქვეყნებზე ბევრის წაკითხვა შეიძლება, მაგრამ უკეთესია ყველაფერი საკუთარი თვალით ნახო, ამიტომ მშვილდოსნისთვის ყველაზე სასიამოვნო საჩუქარი მოგზაურობა ან მასთან დაკავშირებული ნივთი იქნება – სამგზავრო აქსესუარი ან ორიგინალური ეთნიკური სამკაული, სუნელების პარფიუმი ან წარმართული სტატუეტი, დისკი უცნაური და ნაკლებად გავრცელებული მუსიკით ან შორეული კონტინენტის ფოტოებიანი მეგზური, მექსიკური ფარდაგი ან თუნდაც ბრინჯაოს ლარნაკი აღმოსავლური ბაზრიდან.  

თხის რქა

თხის რქას ძალიან უყვარს სიმშვიდე და მარტო ყოფნა, ამიტომ საჩუქრად მისთვის ისეთი ნივთი შეარჩიეთ, რომელიც არ მოითხოვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. ამ ნიშნის წარმომადგენელს ერთ რამეზე  კონცენტრირება და ხანგრძლივი ფიქრი ახასიათებს, ამიტომ ძალიან მოეწონება “ინტელექტუალური” საჩუქარი – “ჭკვიანი” გაჯეტი, მაჯონგის ან ჭადრაკის მსგავსი თამაში და საინტერესო წიგნი. გამოდგება ნივთები ხანგრძლივი მოხმარებისთვისაც – გამძლე ტანსაცმელი ან კალმისტარი “მუდმივი” კალმით. გაითვალისწინეთ, რომ თხის რქას უბრალო წყალგამძლე საათი უფრო მოეწონება, ვიდრე ძვირფასი აქსესუარი, რომელიც ხვალ უკვე აღარ იქნება მოდური.

მერწყული

მერწყულის მთავარი შთაგონება სიახლეა, ამიტომ ძალიან გაახარებს სმარტფონის უახლესი მოდელი, ახალი ბესტსელერი ან აქტუალური გაჯეტი, მოკლედ ყველაფერი, რაც მოდაშია. სხვა ასოციაციები, რამაც საუკეთესო საჩუქარი შეიძლება გიკარნახოთ “სივრცე”, “მოძრაობა”, “შემოქმედება”, “ვარსკვლავები”, “ატმოსფერო” და “ასტროლოგიაა”. არ შეცდებით თუ აქცენტს ორიგინალურ საჩუქარზე – ექსპერიმენტული მუსიკის დისკზე, საავტორო არომატზე ან ამომავალი მზის იმიტატორ “ჯადოსნურ” ლამფაზე გააკეთებთ.   

თევზები

მთავარი კრიტერიუმია – ყველაფერი, რასაც ვერ შეზღუდავ ყოველდღიურობის, პრაქტიკულობის და ნორმის ჩარჩოებით. თევზებს ძალიან გაუხარდებათ ვარსკვლაური ცის ატლასი ან ტაროს ბანქო, აღმოსავლური ნარგილე ან არომატული ლამფა, ლამაზი სანთლები ან ჩინური “გარდაქმნების წიგნი”, დისკი წვიმის ხმაურით მედიტაციისთვის ან ფერადი ქვიშა, ნივთები ან მორთულობა მითიური ცხოველების – დრაკონებისა და მარტორქების გამოსახულებებით. ამ ნიშნის წარმოამდგენლები ძალიან აფასებენ ესთეტიურ საჩუქრებს, რომელთაც  ყველაფერთან ერთად მისტიკური აურაც ექნებათ ანუ ნივთები, რომლებიც თევზებს არარეალურ და ზღაპრულ ქვეყანაში “მოგზაურობაში” დაეხმარება.

3

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები