რამდენიმე მარტივი რჩევა არასასიამოვნო ჩვეულების დასამარცხებლად

აღიარეთ, რომ დიდი ხანია შეეჩვიეთ საქმის გადადებას და აქტიურობის ნაცვლად, დღის დიდი ნაწილის არაფრის კეთებაში გატარებას. ფსიქოლოგების მტკიცებით, სიზარმაცე ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა, რადგან სწორედ ასე იცავს ორგნიზმს ზედმეტი სტრესისგან, მაგრამ რა ვქნათ, თუ უსაქმურობა ცხოვრების წესად გვექცა? –  გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას არასასიამოვნო ჩვეულების დასამარცხებლად.

წინასწარ შემუშავებული გეგმა – წინასწარ დაგეგმეთ დღე, რათა ზუსტად განსაზღვროთ დატვირთვა და სწორად გაანაწილოთ დრო. თუ გრძელვადიანი გეგმის შემუშავება გსურთ, მაშინ მნიშვნელოვანი საქმეები რამდენიმე ეტაპად დაყავით და თანამიმდევრობით შეუდექით მათ შესრულებას.

ენერგიული დილა – ფსიქოლოგები გვახსენებენ, რომ დროულად გამოფხიზლება – წარმატების მთავარი გარანტორია. მიეჩვიეთ სულ მცირე 8 საათი ძილს – ეს დრო სრულიად საკმარისია დასვენებისა და ენერგიის აღსადგენად. ნუ წამოხტებით მაღვიძარას პირველსავე ზარზე, გამოფხიზლდით და მხოლოდ მერე ადექით, თუმცა ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ მთელ დღეს საწოლში ნებივრობაში გაატარებთ. ფორმის შესანარჩუნებლად შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები, მიიღეთ კონტრასტული შხაპი და მიირთვით ნოყიერი საუზმეზე.

ყურადღების კონცენტრირება – თუ მნიშვნელოვანი საქმის შესრულებისას, თვალი მუდმივად უმნიშვნელო წვრილმანებზე გაგირბით, დარწმუნებული იყავით, რომ პროცესი დიდი ხნით გაჭიანურდება, თქვენ კი, არაფრის კეთებით დაიღლებით. ნუ დაკარგავთ დროს უსაქმურობაში და თვითონ დარწმუნდებით, რამდენად სწრაფი და შედეგიანი იქნება თქვენი მუშაობა.

გადადების გარეშე! – ნუ დაემსგავსებით „ქარწაღებულთა“ პერსონაჟს სკარლეტ ო’ჰარას და ნუ გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას გაურკვეველი დროით. მოიკრიბეთ ძალა და აიძულეთ საკუთარ თავს მუშაობა, რადგან ეტაპობრივად უფრო მარტივად დაძლევთ პრობლემებს, ვიდრე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი ყველაფერს ერთად.

მცირე პაუზა – თუ ცხოვრების წესის შეცვლა და სიზარმაცისთვის ომის გამოცხადება გადაწყვიტეთ, მთავარია არ გადააჭარბოთ და თვეების მანძილზე დაგროვილ საქმეს ერთიანად არ ეცეთ, რადგან სწრაფად დაიღლებით, განწყობა გაგიფუჭდებათ და ისევ ჩვეულ სიზარმაცეს დაუბრუნდებით. თუ მთელი დღე კომპიუტერთან მუშაობთ, მაშინ ყოველ 30-40 წუთში სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ, რადგან სწორედ ასე შეძლებთ მხნეობის, ხალისის დაბრუნებას და შედეგიანად მუშაობას.

კომპლიმენტები და საჩუქრები – მოტივაციის შესანარჩუნებლად ხშირად შეაქეთ, წაახალისეთ საკუთარი თავი და „ყოველი წარმატებული მისიის“ შემდეგ გაუკეთეთ მცირე საჩუქარი. მთავარია, ისწავლოთ ობიექტურად შეფასება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ საქმისა და საჩუქრების კეთების დაბალანსებას.

მოტივაცია – სანამ მოქმედებას გადაწყვეტთ, კარგად გაიაზრეთ რისთვის მუშაობთ და რის მიღწევას ცდილობთ. არ ღირს რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა, უმჯობესია მცირეთი დაიწყოთ და ეტაპობრივად გაართულოთ მიზნები.

დროის სწორად განაწილება – თანამედროვე სამყაროში, სადაც მხოლოდ სწრაფად მოქმედებით შეიძლება შედეგის მიღწევა, აუცილებელია დროის სწორად განაწილება. ზუსტად განსაზღვრეთ პრიორიტეტული საქმეები, რომელთა შესრულება სწრაფადაა საჭირო, მერე კი, მათ განხორციელებაზე იზრუნეთ, რომელთა გადადება არ გაზარალებთ და თავად დარწმუნდებით, რომ საქმის გაკეთებასაც მოასწრებთ და თავისუფალი დროც საკმარისად დაგრჩებათ.

 

ტეგები: ფსიქოლოგია ფსიქოლოგიური რჩევები

მსგავსი თემები