LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ფიქრობთ, ნიკა მელიას დაკავების დროს მე არ ვფიქრობდი რისკებსა და საფრთხეებზე?: ირაკლი ღარიბაშვილი

75
ირაკლი ღარიბაშვილი

ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას დაკავების დროს მომატებული რისკი და საფრთხე არსებობდა, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება. მისი განცხადებით, ნიკა მელიას დაკავების დროს „რისკებსა და საფრთხეებზე თავადაც ფიქრობდა“.

მისივე განცხადებით, „გიორგი გახარიას მხრიდან უპრეცედენტო გადაწყვეტილება ვიხილეთ, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ მოიძებნება, რადგან „პრემიერი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო“.

ღარიბაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავების ოპერაცია უპრობლემოდ ჩატარდა და არავინ არ დაზიანებულა.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ყველა ჩვენს ქმედებაზე, გადაცდომაზე, მიღწევასა თუ წარმატებაზე. რაც შეეხება შეფასებას – ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება. მან ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას.

გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს ის იყო ბიზნესომბუდსმენი. შემდეგ ის დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, შს მინისტრად, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, რომელიც მთლიანად კურირებდა უსაფრთხოების სისტემად. შემდეგ იყო პრემიერ-მინისტრი და ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო შემთხვევა მისი მხრიდან, რისი მსოფლიო ანალოგიც არ მოიძებნება – როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო.

ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ არავითარი შეიარაღებული დაპირისპირება არ იგეგმებოდა და არ იყო მოსალოდნელი. იქ იყავით ჟურნალისტებიც. იყვნენ პოლიტიკოსები. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ხელჩართული ბრძოლა დაწყებულიყო.

მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მის ამ გადაწყვეტილებას დაერქვა სახელი – პრემიერ-მინისტრს, რომელიც კრიზისის დროს გუნდის ლიდერი იყო, უნდა აეღო პასუხისმგებლობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ, ჩემი და ბატონი გომელაურის ხელმძღვანელობით უპრობლემოდ ჩავატარეთ ოპერაცია, არავინ დაზიანებულა.

როგორ ფიქრობთ, მე არ ვფიქრობდი რისკებსა და საფრთხეებზე?“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.