LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადავარჩინოთ ურთიერთობა კარანტინში – ფსიქოლოგების რჩევები

323
pexels-photo

კორონავირუსი მთელ მსოფლიოს მოედო და მილიონობით ადამიანი სახლში გამოკეტილი აღმოჩნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყვილებს რომლებიც აქამდეც ერთად ცხოვრობდნენ ან კარანტინის ერთად გატარება გადაწყვიტეს, ერთმანეთთან ზედმეტად ბევრი დროის გატარება და ზოგჯერ ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლაც კი უწევთ.

ბუნებრივია, ბევრი წყვილისთვის ეს მარტივი არ აღმოჩნდა და როგორც ჩინეთის მაგალითმა აჩვენა, ბევრი ოჯახი დაინგრა კიდეც. თუმცა, ფსიქოლოგები ფიქრობენ, ყველაფერი ასე ცუდად არ არის და პირიქით, ამ დროის სასარგელოდ გამოყენება და ურთიერთობის გამყარებაც შეიძლება. მიზნის მისაღწევად ბევრი მუშაობა და არამხოლოდ საკუთარი არამედ პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებაც აუცილებელია.

ექსპერტებმა შეარჩიეს რამდენიმე საკითხი, რომელიც კარანტინულმა წყვილებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ:

დღის ჩვეული რუტინა არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ

თვითიზოლაციისა და სოციალური დისტანციის პირობებში ბევრი ადამაინის კარიერა სახლიდან გრძელდება. შედეგად, ადრე გაღვიძება, ყავა, თავის მოწესრიგება თუ სხვა წესები შეცვლილი ან საერთოდ უგულვებელყოფილია. ფსიქოლოგები კი ფიქრობენ, რომ წყვილებისთვის პრე–კარანტინული რუტინის შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

იმისათვის, რომ წყვილს ურთიერთობა არ გაუფუჭდეს, თითოეულს თავისი ცხოვრება და რუტინა უნდა ქონდეს. პრიორიტეტი ის ქცევები უნდა იყოს, რასაც ისინი პანდემიამდე ყოველ დღე ასრულებდნენ.

პოზიტიური აზროვნება

არც თუ ისე მარტივ რეალობაში დადებით მხარეებზე ფოკუსირება წყვილს ახალი ენერგიებით აავსებს. ფსიქოლოგები არავის ურჩევენ ცუდ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებას, მაგალითად ჩხუბს იმაზე რომ ვიღაცამ სახლი არ დაალაგა, საჭმელი არ გააკეთა თუ ჭურჭელი დატოვა გასარეცხი. სამყაროში ნეგატიური ენერგია ისედაც საკმარისზე მეტია, ამიტომ უმჯობესია თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მას ნაკლებად შემოუშვებთ.

ბევრი რამის საკუთარი ხელით კეთება

როდესაც რამეს საკუთარი ხელით აკეთებთ – ნერვულ სისტემას ძალიან დიდ სამსახურს უწევთ. ფსიქოლოგთა აზრით, საუკეთესო გამოსავალი სამზარეულოში ფუსფუსი ან ფაზლების აწყობაა. ორივე საქმიანობა ტვინის უჯრედებს ავარჯიშებს, სასიამოვნო ემოციებს იწვევს და ნერვებსაც ამშვიდებს. ასე რომ 24 საათის განმავლობაში ფილმებისა და სერიალების ყურებას აჯობებს, რამე საკუთარი ხელით გააკეთოთ.

ისაუბრეთ ყველა თემაზე

არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რამდენად უსიამოვნოა თემა, წყვილმა ყველაფერი უნდა განიხილოს. უნდა ისაუბროს ყველა პრობლემაზე და მათ გადაჭრას მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს. ქალები და კაცები სტრესულ სიტუაციებს განსხვავებულად უმკლავდებიან, ამიტომ შესაძლოა თქვენთვის ნაკლებად მტკივნეული საკითხი თქვენი პარტნიორისთვის ნამდვილი კატასტროფა იყოს.

იფიქრეთ ურთიერთობაზე როგორც ბიზნესზე და დეტალურად დაგეგმეთ

წყვილებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც შვილებიც ყავთ, კარანტინმა ცხოვრების ჩვეული სტილი რადიკალურად შეცვალა. მათ დამატებითი მოვალეობები დააკისრა, მაგალითად ისეთი როგორიცაა ბავშვების განათლება. ასეთ ვითარებაში გვერდში დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალი მოვალეობები მშობლებმა თანაბრად უნდა გადაინაწილონ და ცუდი არ იქნება თუკი შეადგენენ გეგმას, რომელსაც დეტალურად მიყვებიან.

გამოიჩინეთ ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა

ურთიერთობის ექსპერტები ფიქრობენ, რომ სტრესულ გარემოში წყვილებმა ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული თანაგრძნობა უნდა გამოიჩინონ. ხშირ შემთხვევაში ოჯახების დანგრევის მიზეზი სწორედ გულგრილობა ხდება ხოლმე.

თანაც, კორონავირუსის ეპოქაში პრობლემები მომრავლდა, ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა და პარტნიორის გვერდში დგომა ასეთ დროს ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები