LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავზარდოთ მილიარდერი: რჩევები ილონ მასკის დედისგან

440

თანამედროვეობის ნოვატორი ილონ მასკი ბევრად მეტია, ვიდრე ინჟინერი, გამომგონებელი ან ბიზნესმაგნატი, რადგან სტივენ ჯობსისა და მარკ ცუკერბერგის გვერდით, დღეს ისიც ლეგენდად ითვლება. ინტერნეტსტარტაპებზე ქონების დაგროვებით და კაცობრიობისთვის უკეთეს მომავალზე ზრუნავით, მასკი სულ მალე უპილოტო ავტომობილის ახალ, საინტერესო პროექტს დაიწყებს, კოსმოსში რაკეტის გაშვებით კი, უკვე მოაწყო ნამდვილი შოუ. საკუთარ წარმატებას ილონი დედის დამსახურებად მიიჩნევს, რომელმაც ყველა პირობა შექმნა ტალანტის აღსაზრდელად.

სხვათაშორის, სწორედ ილონ მასკის დედა – 68 წლის ბრწყინვალე ქალბატონი მეი მასკი იქცა ბრენდების Clinique და Revlon ჯერ მუზად მერე კი, სახედ.

მეი მასკი ცნობილ დიეტოლოგია, რომელიც მთელ მსოფლიოში მართავს ლექციებს ჯანსაღ კვებაზე, ჰყავს სამი შვილი და ცხრა შვილიშვილი. მისი უმცროსი ვაჟიშვილი კიმბალი The Kitchen-ის რესტორნების ქსელის მფლობელია, ქალიშვილი ტოსკა  ჰოლივუდის წარმატებული პროდიუსერი და რეჟისორი, უფროსი ვაჟი ილონი კი – პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენი. რა თქმა უნდა, რჩება შთაბეჭდილება თითქოს წარმატება ოჯახისთვის ჩვეულებრივი, აბსოლუტურად ბუნებრივი რამაა, მაგრამ გზა წარმატებისკენ ყველასთვის განსხვავებული და საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

მართალია, ილონის მშობლები ადრე დაშორდნენ, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა მაინც შეინარჩუნეს, ბავშვებმა კი, თვითონ აირჩიეს ვისთან სურდათ ცხოვრება. ილონი ჯერ დედასთან ცხოვრობდა, მერე კი, მამასთან გადავიდა.

1989 წელს, როცა მეი შვილებთან ერთად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან კანადაში გადაბარგდა, ერთდროულად ხუთ სამსახურში მუშაობდა. ქალბატონი მასკი ტორონტოს უნივერსიტეტში მოეწყო სამუშაოდ, რათა ბავშვებს კარგი განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ. გარდა ამისა, სწრაფად აითვისა დიეტოლოგის პროფესია, ატარებდა ლექციებს ჯანსაღ კვებაზე და უძღვებოდა სამოდელო კურსებს. საქმიანი დედის შემხედვარე, ბავშვებმაც ადრე დაიწყეს საქმიანობა. მაგალითად, ილონი Microsoft-ის კორპორაციაში მოეწყო სამუშაოდ ოჯახის მეგობრის დახმარებით. „პირველი ხელფასით ხალიჩა შევიძინე, რადგან ავეჯი არ გვქონდა და სულ იატაკზე ვიჯექით, მერე კი, ილონს კომპიუტერი ვუყიდე, რომელიც იატაკზე იდო და ისე მუშაობდა“, –  იხსენებდა მოგვიანებით მეი.

Huffington Post-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რაშია მისი აღზრდის საიდუმლო, მეი პასუხობს, რომ მთავარი სწორი მაგალითის მიცემაა. „ბავშვები ხედავდნენ, რომ ბევრს ვმუშაობდი და თვითონაც ადრე შეეჩვივნენ  მუშაობას“. სხვათაშორის, მეი არასდროს ასწავლიდა შვილებს ჭკუას და მხოლოდ პირადი მაგალითით აჩვენებდა, რომ გზა წარმატებისკენ საკმაოდ რთულია. ამასთანავე ქალბატონი დარწმუნებულია, რომ შვილების წარმატება მხოლოდ მათი დამსახურებაა. „არასდროს ვეხმარებოდი ბავშვებს, რადგან ძალიან ბევრს ვმუშაობდი და არასდროს მეცალა, ამიტომ წარმატებასაც დამოუკიდებლად მიაღწიეს“, – აღნიშნა მეიმ.

1995 წელს ილონმა და კიმბალმა საკუთარი კომპანია Zip2 შექმნეს. დედამ გაიზიარა შვილების სურვილი გამხდარიყვნენ მეწარმეები, სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნით მიატოვა ილონმა ძირითადი სამუშაო და ძმასთან ერთად გაემგზავრა Silicon Valley-ზე, სადაც წელიწადში ორჯერ დედაც სტუმრობდა, რომელიც აქტიურად უწყობდა ხელს შვილების ბიზნესის განვითარებას. როგორც თავად მეი იხსენებდა, ერთხელ გათენებამდე ეხმარებოდა შვილებს ინვესტორებისთვის პრეზენტაციის მოწყობაში: „ძალიან დავიღალეთ, მერე კი, პალო-ალტოს საუკეთესო რესტორანში წავედით, სადაც ბიჭებს ვუთხარი, რომ აღარასდროს გადავიხდიდი მათი ვახშმის ანგარიშს და შევასრულე მიცემული პირობა“.

1996 წელს ქალბატონმა მასკიმ მთელი დანაზოგი – 10 ათასი დოლარი შვილების კომპანიაში Zip2 ჩადო ოფისის არენდისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების დასაფარად. მაშინ მისი მოქმედება ავანტიურას უფრო ჰგავდა, თუმცა დედისთვის აუცილებელი იყო ეჩვენებინა შვილებისთვის, რომ სჯეროდა მათი წარმატების.

1999 წელს Zip2 307 მლნ. დოლარად კომპანია Compaq-მა შეიძინა, ილონმა კი, 22 მლნ. იშოვა. „ყოველთვის ბეჯითი მოსწავლე ვიყავი, ილონი კი, სუპერბეჯითი იყო“, იხსენებდა მეი, რომლის მთავარი მიზანი შვილებში შრომისმოყვარეობის გამომუშა იყო, რადგან მისი აზრით შრომა ადამიანებს აბედნიერებს და არ აძლევს დაბერების საშუალებას.

Huffington Post-ის კითხვაზე, რა ისწავლა ილონმა დედისგან, მეი პასუხობს: „იმედი მაქვს, ისიც ჩემსავით აღიქვამს ცხოვრებას“, რაც იმას გულისხმობს, რომ ილონს არაფერში სჭირდება იახტა და ფუფუნების ნივთები, რადგან მძიმე ეკონომიკურ პირობებში გაიზარდა, „ილონის მიზანი ფიზიკის კარგად ცოდნის წყალობით სამყაროს გაუმჯობესებაა. ადამიანები ფიქრობენ, რომ მას ანგარება ამოძრავებს, თუმცა ეს ასე არაა! ძალიან მწყინს როცა ჩემს შვილზე ასეთ რამეებს ამბობენ. მისთვის ფული არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი, რადგან უბრალოდ გატაცებული, მეტიც საკუთარი იდეებით შეპყრობილი ადამიანია“.

justgettingstarted – ყველაზე პოპულარული ჰეშტეგია მეი მასკის Instagram-ში. „ყველაფერი ახლა იწყება“ – ქალბატონი მასკის განცხადებით, ეს არა მხოლოდ დევიზი, არამედ ფილოსოფიაა, შვილებსაც ყოველთვის ოპტიმიზმით ცხოვრებას  ასწავლიდა და როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო მისი მთავარი რჩევა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები