LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იპოვოთ საყვარელი საქმე – სკოტ დინსმორის რეკომენდაციები

8 წლის წინ მომცეს ყველაზე  ცუდი რჩევა, რომელიც ჩემს სამსახურს და კარიერას ეხებოდა. ერთმა მეგობარმა მითხრა: „ნუ ფიქრობ, მოგწონს თუ არა შენი სამსახური ახლა. შენ გჭირდება კარგი რეზიუმე“, – ამის შესახებ სპიკერმა სკოტ დინსმორმა TED-ზე  გამოსვლისას ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შეხედულებები და გამოცდილება გაუზიარა, თუ რატომ ვერ პოულობენ ადამიანები საკუთარ საქმეს.

„მაშინ ესპანეთიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ კომპანიაში.  მქონდა ბევრი იდეა, ვფიქრობდი სამყაროს შეცვლაზე…მაგრამ გავიდა 2 თვე და შევამჩნიე, რომ  ყოველდღე დილით მაქვს სურვილი თავით გავტეხო ჩემი კომპიუტერის მონიტორი. დაახლოებიოთ 2 კვირაში წამოვედი სამსახურიდან. გადავწყვიტე მეპოვნა ისეთი საქმე, რომლითაც კვალს დავტოვებდი. დავიწყე გამოკითხვა, აღმოვაჩინე, რომ მარტო არ ვიყავი. თურმე 80% -ს არ უყვარს საკუთარი სამსახური. დავინტერესდი, იმ ადამიანებით, რომლებიც სიამოვნებას იღებენ სამუშაოსგან. შევეცადე გამერკვია, რა აძლევს მათ სტიმულს.

ყველაზე ხშირად, როცა ადამიანებს ვეკითხებოდი, რატომ აკეთებდნენ ამა თუ იმ საქმეს,  მპასუხობდნენ, რომ ეს დაავალეს. რაც უფრო მეტად ვუღრმავდებოდი საკითხს, ვფიქრობდი შემექმნა ჯგუფი, სადაც ადამიანები შეიკრიბებოდნენ და მიხვდებოდნენ, რომ შეიძლება სხვანაირად მუშაობა. არ აქვს მნიშვნელობა იქნები სტივ ჯობსი თუ პატარა მაღაზიის მფლობელი, მთავარია სამსახურის შერჩევისას რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინო.

პირველი – ადამიანები განსხვავდებიან, ყველამ კარგად იცის საკუთარი თავი. თუ არ იცი რას ეძებ, მაშინ ვერასდროს იპოვნი. შენს ნაცვლად ამას ვერავინ გააკეთებს. ჩვენ ვხარჯავთ მეტ დროს ტელევიზორის არჩევაზე, ვიდრე პროფესიის. დასაწყისისთვის საჭიროა განსაზღვროთ, რა არის თქვენი ძალა და რაში ხართ გამორჩეული, დილით, როცა იღვიძებთ, რისი კეთება გინდათ, გამოიყენეთ თქვენი ძლიერი მხარეები.

მეორე – დაუკვირდით როგორ იღებთ გადაწყვეტილებებს. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი შინაგანი მდგომარეობა.

მესამე – შემდეგი ნაბიჯია გამოცდილება. ყველას აქვს რაღაც გამოცდილება, ყოველდღე ჩვენ ვიგებთ რა გვიყვარს და რა არა. მაგალითად მე, სულ ვფიქრობ, რა იყო ჩემ გაკეთებულ საქმეში შესაცვლელი, რის გამეორებას ვისურვებდი…

მეოთხე – არანაკლებ მნიშვნელოვანია გქონდეთ კავშირი ადამიანებთან, რომლებიც სტიმულს მოგცემენ. გააკეთეთ ჩანაწერები, თუ რა მოგწონთ ამ ადამიანებში, მათ გაკეთებულ საქმეში, დროთა განმავლობაში მოგემატებათ იდეები, ეს ყველაფერი საქმეში გამოგადგებათ და ცხოვრებაც ბევრად საინტერესო გახდება.

გახსოვდეთ, ყოველ ახალ გამოგონებასა და მიღწევაზე ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს იყო გამოუსადეგარი ან რეალობას არ შეესაბამებოდა. მაგალითად, როჯერ ბანისტერის რეკორდი, თითქოს წარმოუდგენელი იყო, რომ ადამიანს შეეძლო 1, 600 კილომეტრი 4 წუთზე ნაკლებ დროში გაერბინა. და რა მოხდა მერე? 2 თვის თავზე ეს რეკორდი კიდევ 16 ადამიანმა გაიმეორა. თავდაჯერებულობა ბევრ ფაქტორზე მოქმედებს. მაგალითად, მე ძალიან მეშინია წყლის. თუ წყალი მუხლს ზევით არის, საშინელი შეგრძნებები მიჩნდება. 3 წლის წინ გადავწვიტე ჩემი ძალები მომესინჯა და გამეცურა. წყალთან მიახლოებისას ისევ უკან დავიხიე, ამ დროს მომიახლოდა ჩემი მეგობარი და მითხრა: „სამაშველო ჟილეტი გაცვია, არ ჩაიძირები. ზვიგენის თუ გეშინია, რატომ ფიქრობ, რომ ეს ზვიგენები მაინდამაინც შენ ამოგირჩევენ იმ 80 კაციდან, რომლებმაც ასევე შენთან ერთად უნდა გაცურონო“. ვუსმენდი მის სიტყვებს და ვმშვიდდებოდი. სხვათაშორის ეს ჩემი მეგობარი სულ რაღაც 13 წლის იყო. ჩვენ გვჭირდება ბიძგი. ადამიანები გვეხმარებიან თავისი გამოცდილებით ან სიტყვით.  გინდათ რამის კეთება, მაშინ შეხედეთ მათ, ვინც ეს უკვე გააკეთა.

ბიზნესმენმა ჯიმ რონიმ თქვა, თქვენ ხართ საშუალო არითმეტიკული იმ  5 ადამიანისგან, ვისთანაც კონტაქტობთ. ისწავლეთ ღირსეული ადამიანებისგან. ისინი ცვლიან ყველაფერს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა წრეში ტრიალებთ.

ნებისმიერ თქვენთაგანს აქვს რაღაც მისწრაფება, სურვილი, რომელშიც მთელ რესურს ჩადებს. მე 4 წელი დავხარჯე იმისთვის, რომ შემექმნა მოძრაობა „იცხოვრე შენი ცხოვრებით“. ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ ამ საქმის მიმართ ინტერეს მხოლოდ სამი ადამიანი გამოხატავდა, ესენი იყვნენ: დედა, მამა და ჩემი მეუღლე. მთელი ეს წლები ვწვალობდი, ბოლოს პროექტის დახურვაზეც ვიფიქრე. ერთხელაც სან-ფრანცისკოში გავემგზავრეთ ძალიან საინტერესო ადამიანებთან, რომლებიც „გიჯური“ ცხოვრებოთ ცხოვრობდნენ, ჰქონდათ თავგადასავლები, ბიზნესი, წერდნენ ბლოგებს. მთელ ჩემს დროს მათთან კონტაქტში ვატარებდი. სწორედ ამის შემდეგ გაიზარდა ჩემი მოძრაობის მიმართ ინტერესი და დღეის მდგომარეობით 158 ქვეყნიდან 300 000 ადამიანს აერთიანებს.

გახსოვდეთ, არავინ აგიკრძალავთ შეისწავლოთ თქვენი თავი, თქვენი მისწრაფებები. შეცვალეთ თქვენი წრე საინტერესო ადამიანებით. ნუ მიდიხართ მათთან, ვინც ქვევით გექაჩებათ. გახსოვდეთ ჩვეულებრივი ადამიანები, არაჩვეულებრივ შედეგს დებენ. თუ თქვენ გაინტერესებთ ქსოვა, მაშინ მოძებნეთ ვინმე ამ სფეროში და ისწავლეთ მისგან. გახსოვდეთ, მაჰათმა განდი იყო იურისტი, მან მიატოვა თავისი პროფესია იდეისთვის. მისი სიტყვებია: „თავიდან ისინი გაიგნორებენ, შემდეგ დაგციანიან, შემდეგ იბრძვიან შენთან ერთად, ბოლოს კი შენ იმარჯვებ“. იცოდეთ – შეუძლებელია მანამდე, ვიდრე ვიღაც არ გააკეთებს ამა თუ იმ საქმეს. თქვენ გაქვთ არჩევანი: შეგიძლიათ დარჩეთ ადამიანებთან, რომლებიც გეუბნებიან, რომ ვერ შეძლებთ, ან  გარშემო შემოიკრიბოთ ისინი, ვინც სტიმულს მოგცემენ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები