LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ხვდებიან კრიტიკას ელენე ხოშტარია და მისი მეუღლე: „ქალაბიჭა ხარო, რას უსტვენო, უთქვამთ ჩემთვის…“

2124
elenexoshtariafortuna

ელენე ხოშტარიას მოსაზრებით, პოლიტიკაში მყოფი ადამიანები უნდა ეცადონ, ეს სფერო სიბინძურისგან გათავისუფლდეს. თავად ბევრი იმედგაცრუება და ემოციური მომენტი გამოიარა, თუმცა დღეს ბევრად უფრო მომზადებულია იმ ყოველდღიური გამოცდებისთვის, რომლებიც ამ სფეროში ყოფნას მოაქვს, განსაკუთრებით, ქალებისთვის…

შორიდან ჩანს, რომ ძალიან მტკიცე ხასიათი გაქვთ. მის ჩამოყალიბებაზე ან ადამიანებმა, ან გარემომ შეგიწყოთ ხელი?

ელენე ხოშტარია:

ჩემი აზრით, არ არსებობს არც ერთი ამბავი, ან ადამიანი, წიგნი ან მოვლენა, რომელიც ხასიათის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ალბათ, 90-იანმა წლებმა, რომელიც ჩემს თინეიჯერობას დაემთხვა და ძალიან საშიში პერიოდი იყო, ცხადია, გავლენა მოახდინა ყველაზე და მათ შორის, ჩემზეც. 9 აპრილს გავიხსენებ, ამ დღეს მიღებული ემოციები და შოკი დღემდე მომყვება. რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა ოჯახმაც. შემდეგ სკოლამ, რადგან ვსწავლობდი მეექვსე გერმანულ სკოლაში.

17 წლიდან მარტო დავიწყე ცხოვრება, როდესაც სასწავლებლად გავემგზავრე საზღვარგარეთ… როცა აანალიზებ, განიცდი, არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ემოციურადაც, ყოველდღიურად იცვლები ადამიანი. ცხოვრებაც ეს არის – ყოველდღიური არჩევანი გაყალიბებს იმ ადამიანად, როგორიც ხარ…

პოლიტიკამ რითი მიგიზიდათ? თანაც, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ქალისთვის ეს სფერო ორმაგად რთულია.

სულ მქონდა იმის განცდა, რომ რაღაცები შესაცვლელია. როცა ინსტიტუტი დავამთავრე, 2003 წელი, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ჩემი აზრით, მაშინ რეფორმებში მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პირწმინდად პოლიტიკაში არ ვყოფილვარ, საჯარო მოხელე ვიყავი, მაგრამ ქვეყნისთვის ცვლილებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო. შემდეგ არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდი და ვფიქრობ, მრავალწლიანი საჯარო მოხელეობის გამოცდილების შემდეგ, ამ სფეროს სხვა მხრიდან დანახვაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. იდეების განსახორციელებლად მაინც უშუალოდ პოლიტიკაში ყოფნაა გადამწყვეტი, ამიტომაც დავიწყე საქმიანობა ამ სფეროში. ასე უცებ არ მითქვამს, პოლიტიკაში მინდა-მეთქი. თავისთავად განვითარდა.

გეთანხმებით, რომ ქალისთვის რთულია ამ სფეროში ყოფნა. სხვადასხვა პრეტენზია ისმის. მაგალითად, ჰქონდეს ქალის იმიჯი, ეცვას კარგად, აქციებზე ჭიდაობა კაცის საქმედ მიიჩნევა, არადა, როცა ხედავ უსამართლობას, საკუთარ თავს ხომ არ ეტყვი, რომ ეს კაცის საქმე არაა. კაცის ტვინი აქვსო, როცა ამბობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალს არ შეიძლება, ჰქონდეს ასეთი ტვინი… მეც შევჯახებივარ ასეთ შეხედულებებს, ქალაბიჭა ხარო, რას უსტვენო, უთქვამთ ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემზე არ მოქმედებს. შეუძლებელია, პოლიტიკაში მყოფ ადამიანს არ აინტერესებდეს, რას ფიქრობენ მასზე, მაგრამ ზოგადად, ყველას თავისი წარმოდგენები აქვს. როცა ხარ საჯარო პირი, არც ის მგონია სწორი, რომ გიკვირდეს, რატომ გაკრიტიკებენ. სულ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ რაღაც გადაწყვეტილებას ვერ გაგიგებენ, არ მოეწონებათ შენი გარეგნობა, ქმედება, მერე აუცილებლად დაუშვებ შეცდომებს და მიიღებ კრიტიკას. თუკი მხვდება აგრესიული კომენტარები, თუკი ტროლი ან ბოტი არაა, ყველასთან ვცდილობ კომუნიკაციას, რომ გავიგო, რატომ აქვთ ესა თუ ის მოსაზრება. შეიძლება, არასწორი ინფორმაცია აქვთ, ან სხვა მიზეზია.

ეს თვისება პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია…

ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა ჩემთვის მოუწერიათ პირადში, კრიტიკით და შემდეგ დავმეგობრებულვართ. სრულიად ნორმალური მგონია, რომ ადამიანი ცდებოდეს, ან თავისი გადმოსახედი ჰქონდეს. ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, მათ შორის, იდეოლოგიაში დიდი განსხვავებებიც შეიძლება იყოს. როცა პოლიტიკოსი ხარ და ამბობ, რომ საქართველო უნდა იყოს განსხვავებული ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობის ქვეყანა, ყველაზე მიუღებელი იდეოლოგიის ადამიანთანაც უნდა შეგეძლოს საერთოს მოძებნა. არიან თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ისტორიას სხვანაირად უყურებენ. ჩემთვის ყველაზე მიუღებელი პრორუსები არიან, სტალინისტები. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეცდები, მათ ჩემი არგუმენტები შევთავაზო, მაგრამ თუკი მას არ მიიღებენ, ამ ადამიანების გარიყვა არასწორად მიმაჩნია. კონსოლიდაცია არ ნიშნავს, რომ განსხვავებულები ერთნაირები გახდნენ, არამედ ნიშნავს, რომ მათ ერთად ცხოვრება შეეძლოთ. ლიბერალიზმის მთელი არსი ესაა. კომუნიზმი ამბობდა, რომ ყველა ერთნაირი უნდა იყოს და ამან კატასტროფამდე მიიყვანა ბევრი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.

მირანდა მირიანაშვილთან დაკავშირებით თქვენი პოსტი გამახსენდა, როდესაც რადიკალიზმის უარყოფაზე ვსაუბრობთ, სადაც ამბობდით, რომ პოზნერის გამო მისი ბულინგი მიუღებლად მიგაჩნდათ.

მირანდას საქციელი მოექცა საჯარო ინტერესის სფეროში და მისი გაკრიტიკების უფლება ყველას ჰქონდა, მაგრამ აქცენტის გადატანა იმაზე, ფუ, მირანდაო, არ მიმაჩნია მისაღებად. ჩემი აზრით, მირანდა ცდება, როდესაც ასე იქცევა და ეს ქვეყანას აზიანებს, მაგრამ ასეთია, ასე ფიქრობს და ისიც ამ ქვეყნის მოქალაქეა. მას პირადად არ ვიცნობ. ვიღაცებს აბულინგებდნენ იმის გამო, რომ მირანდასთან ერთად ფოტოები ჰქონდა გადაღებული, რაც კატასტროფაა. ყველაზე არასწორი აზრის მქონე ადამიანიც ამ ქვეყნის მოქალაქეა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეცდები, რომ მირანდას და მისი მსგავსი მოსაზრებების ადამიანებზე მოვახდინო გავლენა და ავუხსნა, რომ ოკუპანტთან ერთად რაღაცები, ჯობია, არ გააკეთო, მაგრამ მირანდა მირიანაშვილი ჩემი მტერი ვერანაირად ვერ გახდება. ჩემი მტერი გახდება სისტემა, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და კანონს ღალატობს. შემხვედრიან ძალიან საყვარელი ბაბუები, რომლებსაც სტალინი უყვართ. მათ მაგალითებით ვესაუბრები, მაგრამ ისინი არ იქნებიან ჩემი მტრები.

სხვათა შორის, ძალიან შევწუხდი, როდესაც მირანდას დედის ინტერვიუ ვნახე. გასაგებია, პასუხს მოგთხოვენ, როცა ასეთი რამ ხდება, მაგრამ ემოციურად ძალიან შევწუხდი, დიდი სტრესის ქვეშ იყო, როცა ამ ინტერვიუს აძლევდა. დავინახე ეს და შემეცოდა…

პოლიტიკაში მეგობრები არსებობენ?

კი.

ვინ არიან თქვენი მეგობრები?

ნინო გოგუაძესთან მაკავშირებს არა მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი, არამედ დიდი მეგობრობაც. სხვებთანაც. ზოგადად, პოლიტიკაში ჭირს მეგობრობა. პირველ რიგში, კონკურენციის გამო. ისეთი სფეროა, სადაც მუდმივ კონკურენციაში ხარ. ეს ცუდი კი არ არის, უბრალოდ, ზოგჯერ ხელს უშლის რაღაცებს. მეორე მიზეზი დაბალი პოლიტიკური კულტურაა და ის მოსაზრება, რომ ეს ბინძური სფეროა. პოლიტიკაში ცუდსა და უარესს შორის ხშირია არჩევანი. შეიძლება, რაღაც ცუდის გაკეთებამ მოგიწიოს პოლიტიკაში, მაგრამ ეს უნდა იყოს არა წესი, არამედ გამონაკლისი. მუდმივად უნდა ეცადო, რომ პოლიტიკა ბინძური არ იყოს.

გიგრძნიათ ღალატი?

ძალიან ბევრჯერ. პოლიტიკაში შესვლის პირველ ეტაპზე მქონდა ილუზიები, რომ ვიღაცები ჩემი მეგობრები იყვნენ. მქონია არაერთი იმედგაცრუება, რამაც მძიმედ დამარტყა. მერე მივხვდი, რომ ემოციურ იმედგაცრუებებს არ უნდა გაჰყვე, არც ცინიკური გახდე. ამის მიუხედავად, ხელი არ ჩამიქნევია პოლიტიკაში მეგობრების შეძენაზე.

ამ ემოციური ძვრებიდან რითი და სად გარბიხართ?

ბევრი რამით. პირველ რიგში, ურთიერთობებით, მეგობრებთან ყოფნა ყველაზე დიდი განტვირთვაა, სტრესის შემდეგ ეგრევე მიმიწევს გული ისეთ ხალხთან, რომელთათვისაც არ არსებობს პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, ვარ ისეთი, როგორიც ვარ, ჩემი პლუსებით, მინუსებითა და წარუმატებლობებით. მეტწილად უპირობო სიყვარულისკენ ილტვი ადამიანი. რა ვქნა, წარუმატებელი ვარ, მაგრამ შენთვის იგივე ვარ, მეგობარი ვარ და გიყვარვარ…

როგორც ყველას, მეც მაქვს ჩემი საყვარელი მუსიკა, წიგნი… ამაზე არ მიყვარს ბევრი საუბარი, რადგან ჩემი ინტიმური სივრცეა. თხილამურებზე დავდექი გვიან, რამდენიმე წლის წინ. ძალიან მომეწონა და დიდი განტვირთვაა. ორი წელია, აღარ მისრიალია. მარტოც კი წავსულვარ „მარშრუტკით“ დილას სასრიალოდ და საღამოს ჩამოვსულვარ.

საინტერესოა ოჯახის წევრებისა და მეგობრების დამოკიდებულება, როდესაც თქვენს კრიტიკას ისმენენ?

ჩემი მეუღლე ძალიან მშვიდად ხვდება კრიტიკას, უყურებს, როგორც ჩემი პროფესიის განუყოფელ ნაწილს. „ფეისბუქი“ საერთოდ არ აქვს. შინაგანადაც აბსოლუტურად არ ადარდებს. ზუსტად ხვდება, რომ ყველაზე დიდი შეურაცხყოფაც რომ მომაყენონ, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ჩემი უფროსი შვილი თინეიჯერია. ამაზე მიფიქრია, არ მოხვდეს გულზე ცუდად-მეთქი, მაგრამ ძალიან შეგნებულია. ემოციურად სიმშვიდეს ინარჩუნებს. ერთადერთი, დედაჩემი ვერ შეეგუა. ვუხსნი, ბოტებთან საუბარს აზრი არ აქვს. დედაჩემი და დეიდაჩემი ეპასუხებიან ხოლმე, მე ვიცინი…

კონკურენცია ახსენეთ პოლიტიკაში და ხომ არ მიიჩნევთ, რომ ე.წ. რუსულ თემაში დღეს ცოტა კონკურენტი გყავთ?

არა, ბევრი ადამიანი იბრძვის, როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. პოლიტიკურ ელიტაში პროდასავლური ბევრი მოთამაშეა. ძალიან ბევრი რამ შემთხვევითობაა ხოლმე. გავრილოვის ამბავში ბევრი მირბოდა და ვინ მიასწრებდა, ამას წინასწარ ვინ განსაზღვრავდა. პოზნერის ამბავიც შემთხვევით გავიგე. არავის დაუმალავს, რომ პოზნერი ჩამოდის, ვიღაც ამაყობდა კიდეც ამით.

რუსეთში გყავთ მეგობრები?

მყავს, ჩემი შვილის ნათლია, რომელსაც ძალიან სწორი პოზიცია აქვს. რუსეთში არიან ასეთი ადამიანები. იქაც იცვლება ბევრი რამ. მართალია, ნელა, მაგრამ მაინც. პოზნერის ვიზიტის შემდეგ, გამოჩნდა, რომ ბევრი რუსეთში მხარს უჭერდა ჩვენს პროტესტს.

თქვენს ცხოვრებაში ფულს რა ადგილი აქვს?

არსებობისთვის აუცილებელი რამ არის. რეალიზების საშუალებაა, განათლების მიღების, არსებობის, მოგზაურობის, – სამყაროს შემეცნების, ხალხის გაცნობის. ერთ-ერთი ამოცანა ისიცაა, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ფული იყოს, ბევრი მდიდარი ადამიანი ცხოვრობდეს… ბინძური შეიძლება იყოს არა ფული, არამედ მისი მოპოვების გზები.

ახლა ცხოვრების რა ეტაპი გაქვთ, სად ხართ ამჟამად?

საინტერესო ეტაპია იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც ტიპის გამოცდილება შევიძინე, ასაკი ბევრ რამეს ამშვიდებს, მეტ გამძლეობას გმატებს, უფრო მყარად დგახარ ფეხზე. ყველაზე ძალიან მეშინია, რაღაცების მიმართ ცინიკური არ გავხდე, არ დავკარგო რწმენა იდეების მიმართ… იმედგაცრუებები და წარუმატებლობა იწვევს ხოლმე ამ ცინიზმს, თუკი ეს დიდი დოზით მოხდა. კარგავ სიცოცხლის ენერგიას. ყველაზე მეტად ამისი მეშინია, თუმცა არ მგონია, რომ ახლოს ვარ ამასთან.

დეპრესიული ხართ?

მქონია დეპრესიული მომენტები. თუკი დეპრესია გიშლის ცხოვრებაში ხელს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია. ჩემთვის ყველა დეპრესია ახალი ეტაპის საწყისი ყოფილა. ასეთ დროს ხდება ტკივილების მოშუშება, გადააზრება, შენს თავზე დაფიქრება, რის შემდეგაც ახალ ძალას იკრებ.

საკუთარი თავისთვის იმედი გაგიცრუებიათ?

რა თქმა უნდა. ასეთ დროს ვუფიქრდები, რატომ მოხდა ეს. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული მომენტია, როცა საკუთარი თავი არ მომწონს. ეგეც გაკვეთილია და ძალიან კარგია, როცა შენს თავს სარკეში უყურებ და ხედავ, რომ ცუდი გააკეთე. ამან არ უნდა დაგანგრიოს, ამაზე თვალიც არ უნდა დახუჭო. პირდაპირ თვალებში უნდა შეხედო. საკუთარი თავის არ უნდა შეგრცხვეს.

როდის იპრანჭებით?

სულ, ოღონდ სხვანაირად (იღიმის). ჩემი მეგობრებიც მეჩხუბებიან ხოლმე, ჩაიცვი, ესა, ისაო… ყველა იპრანჭება, სხვადასხვა ფორმით. ბრენდებში ვერ ვერკვევი. მეუბნებიან, ეს ბრენდი, ის ბრენდიო და არ ვიცი. ერთხელ ნიკა რურუას ეცვა „მარჯიელას“ ჯემპრი. მეგონა, გახეული იყო და ძაფებს ვაძრობდი. მერე მითხრეს, რომ ეს არის ბრენდის კონცეფცია და არა უბრალო ძაფიო…

10-15 წლის შემდეგ სად იქნებით, როგორ ფიქრობთ?

ცხოვრებას ფატალისტურად არ ვუყურებ. სად ვიქნები, ეს ჩემს ყოველდღიურ არჩევანზე იქნება დამოკიდებული. სად აღმოჩნდები, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ შეცდომას დავუშვებ და რამდენ სწორ ნაბიჯს გადავდგამ. რა თქმა უნდა, გინდა, შენი შვილები იყვნენ საუკეთესო წერტილში, რაც კი წარმოგიდგენია…

აკლდებათ თქვენი ყურადღება?

ობიექტურად როგორ არ აკლდებათ, მაგრამ ეს სულ არის ჩემი საფიქრალი და ვცდილობ, კომპენსირება იყოს – ფიზიკური დანაკლისის ამოსავსებად. პოზნერის ამბებზე ღამის გათენების შემდეგ, სახლში დილას მივედი და ცოტა ხანს არ დავწექი. სკოლაში მიდიოდნენ და ეს ერთი საათი გამოვიყენე მათთან კონტაქტისთვის. დილას რომ გაიღვიძებდნენ და სახლში არ ვიქნებოდი, შესაძლოა, მათთვის სტრესის გამომწვევი ყოფილიყო… ასეთი რაღაცებით ვცდილობ დაბალანსებას…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები