LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევაფასო, რომ სასამართლო სისტემაში არის “კლანი”, როდესაც ჩემს დამოუკიდებლობაში არავინ ჩარეულა: მოსამართლეობის კანდიდატი

47
1

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენდნენ.

ერთ-ერთ კანდიდატს, თამარ ოქროპირიძეს “მოქალაქეების” წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა დაუსვა კითხვა. იოსელიანის შეკითხვა სასამართლოში “კლანის” არსებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას უკავშრდებოდა.

როგორც ოქროპირიძემ აღნიშნა, ის არის კონკრეტულად ერთ-ერთი მოსამართლე და თავის საქმიანობაში არასდროს არანაირი ჩარევა არ უგრძვნია:

“მოსამართლეები შევიკრიბეთ და ერთობლივი განცხადება გავავრცელეთ. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ ჩვენ, მოსამართლეები ვართ აბსოლუტურად გახსნილები ნებისმიერი საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ – მობრძანდით, დაგველაპრაკეთ.

ჩვენგან გაიგეთ, თუ რა ხდება რეალურად სასამართლო სისტემაში. თუ ამბობს ნებისმიერი საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ თუნდაც, პირობითად ვთქვათ, რომ სასამართლო სისტემაში არის “კლანი”, მაშინ უნდა დაასაბუთოს, თუ რას ეფუძნება ეს გარემოება, რომელი “კლანი”, ვინ იგულისხმება ამ “კლანში”, რატომ არის “კლანი”.

მე ხომ ვარ კონკრეტულად ერთ-ერთი მოსამართლე, მე ჩემს საქმიანობაში არასდროს არანაირი ჩარევა არ მიგრძვნია. აქედან გამომდინარე, მე ვარ ყველაზე ობიექტური შემფასებელი. “კლანი” ხომ არის გარკვეული ზემოქმედების მოხდენა სასამართლო სისტემაზე, კონკრეტულ მოსამართლეებზე. მე ეს ინდივიდუალურ მოსამართლეს, არასდროს  მიგრძვნია ჩემს საქმიანობაში. როგორ შევაფასო, რომ სასამართლო სისტემაში არის “კლანი”, როდესაც ჩემს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობაში არავინ ჩარეულა.” – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ოქროპირიძემ.

ფოტო: IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები