LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინახოთ ბავშვის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი ტელეფონში – მოგონებების დახარისხება

909
bavshvi mogonebebi

მშობლები ყოველთვის ცდილობენ შვილების მნიშვნელოვანი მომენტები დააფიქსირონ და შეინახონ. სმარტფონები განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ტექნოლოგიური წინსვლის მიუხედავად, მეხსიერება „ამოწურვადია“ და კარგი მოგონებების შესაქმნელად მათი დახარისხება აუცილებელია.

მეხსიერების პრობლემა რომც არ დადგეს, ყველაფრის ვიდეოდ და ფოტოდ შენახვა რამდენიმე ხნის მერე დიდ ქაოსს გვაძლევს. იმისთვის, რომ ამ ქაოსში არ ჩაიკარგოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები თავიდანვე შექმენით საქაღალდეები, სადაც თემატურად შეინახავთ ვიდეოებსა და ფოტოებს. ასე მათ საჭიროების შემთხვევაში მარტივად მიაგნებთ.

გარდა ვიდეო/ფოტოსი არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ „მოგონებების შენახვის“ სხვა გზაც არსებობს – აუდიო და ტექსტური.

თუ რაიმე ფრაზის ჩაწერა გინდათ, დიდი ალბათობით ვიდეოთი ამის გაკეთება გაჭირდება – შეიძლება ბავშვმა სწორედ კამერასთან არ თქვას და გაიმეოროს ის რაც გინდათ… ეს ჟურნალისტებმა განსაკუთრებით კარგად იციან, არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსი და კამერასთან კარგად ნამუშევარი რესპონდენტების კარგი გამონათქვამები, გულახდილი საუბრები ძირითადად კამერის მიღმა რჩება, სამაგიეროდ ეს ყველაფერი გვესმის ჩვენ და ვიმახსოვრებთ, თუმცა ცოტა ხნით…

ამ დროს საუკეთესო გამოსავალი ჩაწერაა – სმარტფონი ხომ მხოლოდ ფოტოსა და ვიდეოს არ აერთიანებს. აქ ყველაზე კომფორტული სანიშნეებიცაა (ე.წ. ნოუთები), რომლის გამოყენებაც ბევრს ავიწყდება.

 

 

მაგალითად ანდროიდის „სანიშნეს“ ასეთი ფუნქცია აქვს – თან ჩაწეროთ რას ამბობს თქვენი შვილი და თან აუდიო გქონდეთ ჩართული. თუ გაგიმართლებთ ტექსტთან ერთად მის ხმასაც შეინახავთ, რომელიც წლებთან ერთად ძალიან შეიცვლება.

მოგონებები და ფსიქოლოგია

ეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ საჭიროცაა. კვლევებისა და გამოკითხვების მიხედვით წლების შემდეგ, უფრო ძვირფას მოგონებად არა ფოტო და ვიდეო, არამედ ხმა იქცევა ხოლმე.

გარდა მოგონებებისა ასეთ ჩანაწერებს კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს. ამას ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი რონალდ დევიდ ლეინგი, რომელიც საკუთარი ბავშვების გამონათქვამებს იწერდა, შემდეგ კი ამ ყველაფრის ანალიზით უჩვეულო წიგნი დაწერა სახელწოდებით – „ბავშვებთან დიალოგი“. ეს ერთდროულად გასართობი, ჩასაფიქრებელი და პროვოკაციული წიგნია, რადგან ლეინგი ამბობს, რომ ექსპერტი ასეთი ჩანაწერებით ბავშვის ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას დაადგენს.

ფსიქოლოგი განმარტავს როგორ ვიგებთ და ვიღებთ ბავშვობაში ისეთ ცნებებს, რაც ჩვენს ადგილს განსაზღვრავს მსოფლიოში – როგორ აღვიქვამთ ზომას, გეოგრაფიას, დროს, თანაგრძნობას, საკუთრებას, სოციალურ ნორმებს და სიკვდილსაც კი.

დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გადეპრესიულებული თაობის პრობლემებიც შესაძლოა მომავალში ამ ჩანაწერებით გადაწყვიტოთ. მანამდე კი შეიძლება აღზრდის პროცესშიც გამოგადგეთ.

თუმცა, ამ ფსიქოლოგიური გადახვევიდან დავუბრუნდეთ ტექნიკურ ბენეფიტებს…

 

არ დაგვეკარგოს

ჩვენი მშობლებიც იწერდნენ ვიდეოებს დისკებზე, კიდევ უფრო უფროსი თაობის წარმომადგენლები კასეტაზე, ფოტოებს კი ფირიდან ბეჭდავდნენ. თუმცა უმეტესი მათგანი ან დაკარგული, ან დაზიანებულია… ვისაც შემორჩა იმდენად განვითარდა ვიდეოსა და ფოტოს გადაღების ხარისხი, რომ შესაძლოა მას არც ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდეს.

ასე რომ, ხმა და ტექსტი საუკეთესო ვარიანტია მოგონებებისთვის…

რა თქმა უნდა, ჩვენს ციფრულ საუკუნეშიც არსებობს მასალის დაზიანების შანსები, თუმცა მათი დაცვის მექანიზმები ბევრად უფრო გამარტივებული გვაქვს.

უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის გირჩევთ ტელეფონში გაკეთებული ჩანაწერები თუ დახარისხებული ფოტო/ვიდეოები, პერიოდულად ვირტუალურ სივრცეში – დრაივზე, ქლაუდზე, ან თქვენთვის მოსახერხებელ პლატფორმაზე განათავსოთ და კომპიუტერშიც „დააკოპიროთ“.

 

ეს მეთოდი უკვე დატესტილია

ამ მეთოდით მოგონებების დახარისხება უკვე სცადა BBC-ს ჟურნალისტმა. მისი შვილი ახლა 9 წლისაა. მოგონებები კი რაც მან შეაგროვა ტელეფონში კვლავ ეტევა: სურათები, ფოტოები და სულ რაღაც 135-გვერდიანი ჩანაწერი. პირველი თაობის აიფონიდან, მომდევნო თაობის ტელეფონებში ისინი მარტივად გადააქვს და უძირფასეს მოგონებებს უწოდებს.

„როდესაც ამ პროექტის განხორციელება დავიწყე, არც კი წარმომედგინა რამდენად კომფორტული იქნებოდა მომავალში. შემიძლია უცებ, ნებისმიერ ადგილას გადავავლო თვალი ჩანაწერებს და წავიკითხო ისეთი საოცარი რაღაცეები, რასაც ვიდეოთი ვერ გადავიღებდი. ვფიქრობ ეს ჩანაწერები მისთვის, ყველა ვიდეოსა და ფოტოზე მნიშვნელოვანი იქნება“ – ამბობს ის.

 

კიდევ ერთი პლიუსი 

მშობლებმა შვილების ფოტო სოციალურ ქსელში მათი ნებართვის გარეშე არ უნდა დადონ

რა საფრთხე ემუქრებათ ბავშვებს, ვის ფოტოებსაც მშობლები დაუკითხავად აქვეყნებენ.

ბევრი მშობელი ვერ ხვდება რამდენად ბევრ მასალას ათავსებს ინტერნეტში. დაუხარისხებლად, გაუაზრებლად, შვილის პირველი სიტყვები, სიარული, არაესთეტიკური კვების ფოტოები (რომლებიც ზოგს ძალიანაც მოსწონს), თქვენს გაზრდილ შვილს შესაძლოა არ მოეწონოს. გარდა ამისა, ყველაფრის ინტერნეტში განთავსება ზოგის აგრესიას იწვევს, ზოგისგან კი შესაძლოა საფრთხესაც ელოდოთ.

სოციალური მუშაკები მუდმივად მოუწოდებენ მშობლებს არ გახადონ საჯარო მათი შვილების პირადი მასალები – არც ადგილმდებარეობა და არც სხვა დეტალები, რადგან ეს საფრთხისშემცველია.

დახარისხებული მასალები, სწორად და გააზრებულად შენახული დეტალები, ამ აურზაურსაც აგაცილებთ თავიდან. თქვენ ფიზიკურად არ გექნებად იმდენი და ისეთი ვიდეო, რომ ვირტუალური სივრცე ააჭრელოთ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები