LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიზრუნოთ ბავშვებზე სახლში, როდესაც თვითიზოლაცია გარდაუვალია – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

1406
29028189-10215412502529568-3107418068540719104-n

როგორ ვიზრუნოთ ბავშვებზე სახლში, როდესაც თვითიზოლაცია გარდაუვალია – ამ თემაზე “ფორტუნა” გთავაზობთ ფსიქოლოგ თამარ ისაკაძის რეკომენდაციებს.

#დარჩისახლში მოწოდება, რომელსაც დღეს ვიზიარებთ, პარალელურად ახალი გამოწვევაა ბავშვებისთვის, უფროსებისთვის და ოჯახებისთვის COVID19-ის პრევენციის პირობებში. მანამდე ალბათ უამრავჯერ გვინატრია სახლში დარჩენა, მაგრამ როცა ეს დრო ხანგრძლივდება ჩნდება უამრავი შეკითხვა, მათ შორის ის, თუ რა ვაკეთოთ სახლში? განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში, რომლებსაც შეუმცირდათ სოციალური კონტაქტები, შეეზღუდათ გარეთ გასვლის, გარეთ გართობისა და გარემოს შემეცნების აქტივობები.

ეფექტურ შედეგს იძლევა ბავშვებისთვის ერთგვარი რუტინის, სტრუქტურირებული რეჟიმის, განრიგის შემუშავება:

ბავშვები აქამდე მიჩვეულები იყვნენ გარკვეულ რუტინას, რომელსაც მიჰყვებოდნენ და იცოდნენ, რის შემდეგ რა მოხდება. რუტინა და სტრუქტურირებული რეჟიმი მათ ეხმარება მოლოდინების შექმნაში, უჩნდებათ  თვითრეალიზაციის შეგრძნება, რომ დრო ფუჭად არ გაატარეს, რუტინის შემუშავებაში ეფექტურია ჩავრთოთ ბავშვები, ჩამოწერონ დღის განრიგი, ამით თავიდან ავიცილებთ მხოლოდ კომპიუტერთან მთელი დღის გატარების საფრთხეს.

სამაგიდო და მოტორული, მოძრავი თამაშების ბალანსის დაცვა:

უკვე ბევრი დაიწერა, რომ ბავშვებისთვის თვითიზოლაციის პირობებში საუკეთესო პერიოდია ხატვის, ლოტოს, ფაზლებისა და ლეგოების აწყობის, კითხვისა და წერისთვის, თუმცა ბავშვებს მოძრავი აქტივობებიც სჭირდებათ, ამიტომ დღეში ერთხელ ან ორჯერ რამდენიმე წუთიანი ცეკვა, ვარჯიში, თუნდაც საიტზე  https://www.youtube.com ბევრი ვიდეო, რომლის ჩართვა და მოძრაობების გამეორებაც შეიძლება. რამდენიმე რჩევა სამაგიდო თამაშებისთვის თუკი ყველა რესურსი ამოიწურა და ბავშვებს მობეზრდათ:

ა) ხელნაკეთი ლოტო ან მონოპოლია, დაამზადეთ ბავშვებთან ერთად

ბ) ძველი ნივთებისგან ხელნაკეთი სათამაშოების დამზადება, მაგალითად წვენის ყუთისგან რობოტი და ა.შ. წინდებისგან სათამაშოები

გ) ხელნაკეთი წიგნების დამზადება

დ) ხატვა და აპლიკაციების დამზადება

ე) ცეკვის ილეთების გამეორება, ვისაც როგორ შეუძლია, მთავარია მოძრაობა და მუსიკა

ემოციური კავშირის შენარჩუნება და გაძლიერება მშობლებსა და შვილებს შორის:

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები და მშობლები ერთ სივრცეში უფრო მეტ დროა ატარებენ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს დადებითი ემოციების გაძლიერებას, შეამცირეთ შენიშვნები, მიეცით ბავშვს დადებითი უკუკავშირი, აღნიშნეთ მისი ძლიერი მხარეები, უსაფრთხოების დაცვით ჩართეთ პატარ-პატარა საოჯახო საქმეებში.

უსაფრთხოების კონტროლი და დაცვა:

სამწუხაროდ, დახურულ სივრცეში რამდენიმე ადამიანის ყოფნა ზრდის ძალადობისა და კონფლიქტის რისკს, ამ დროს ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ფსიქოლოგიური და ემოციური უსაფრთხოება მეტად მნიშვნელოვანია. აქვე იგულისხმება ბავშვების დაცვა ინტერნეტში განთავსებული ასაკის შეუსაბამო ინფორმაციისგან, ამის პრევენციისთვის, წინასწარ ერთობლივად შეარჩიეთ ანიმაცია ან ფილმი.

კომუნიკაცია და საუბარი შვილებთან:

საუბარი და კომუნიკაცია ბავშვს მარტოობის განცდას აარიდებს,  ზემოთ საუბარი იყო ხატვაზე, წერასა და კითხვაზე, თუმცა უშუალო კომუნიკაცია არანაკლებ მნიშვნელოვანია და აზრების ზეპირად გაზიარება.

სხვადასხვა სახალისო აქტივობები:

ინტერნეტში უამრავი ინფორმაციის მოძიება შეიძლება, კონკრეტული აქტივობების შეთავაზებაზე, მაგალითად, მძივების აწყობა იქნება, ეს თუ სენდვიჩების მომზადება, ყველაფერი გემოვნებაზეა, ინტერესებსა და რესურსების ხელმისაწვდომობაზე, მაგალითად, მე გადავაწყდი ძალიან კარგ იდეას ცივი ფაიფურის დამზადებაზე, რომლის ცდასაც ვაპირებ.

საკუთარი სტრესის მართვა:

საკუთარი სტრესისა და ემოციების მართვა ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა სტრესულ ინფორმაციას გადავაწყდეთ, შევეცადოთ ბავშვებს არ გადავდოთ უარყოფითი ემოცია.

შეეცადეთ, სახლში ყოფნის ეს პერიოდი საუკეთესო მოგონებად დარჩეს თქვენი შვილებისთვის, შემდეგ გაიხსენებენ, რა წაიკითხეს ამ დროს, რა დაწერეს, რა დახატეს, რას თამაშობდნენ”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები