LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვმართოთ სახლის პირობებში ომიკრონი – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

3118
gogoberidze

ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და საზოგადოებას ძალიან საინტერესო და საჭირო რჩევებს უზიარებს, თუ როგორ ამოიცნონ ომიკრონ შტამი და  როგორ მართონ სახლის პირობებში სწორად.

როგორც ღოღობერიძე აღნიშნავს, ომიკრონი ჩვეულებრივი ინფექციაა და კორონავირუსის ერთ-ერთი უმარტივესი შტამია.

გიორგი ღოღობერიძე: 

„თუ გგონიათ, რომ კოვიდის ეს შტამი ხველითა და შემაწუხებელი სუნთქვით დაიწყება, ასე ნამდვილად არ არის. ომიკრონის ყველაზე სახასიათო ნიშანი სურდოა, რომელიც ინფიცირებულების 73%-ს აღენიშნება. სურდოს დროს არ არის აუცილებელი მკურნალობა, არასწორმა მკურნალობამ შეიძლება პირიქით გაახანგრძლივოს სურდო. სურდოს სამკურნალოდ, როგორც წესი, ფიზიოლოგიური ხსნარები გამოიყენება. ხსნარის 5-7 დღეზე მეტხანს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტური რინიტი. ომიკრონს ასევე ახასიათებს: თავის ტკივილი 68%-ში, დაღლილობის განცდა 64%-ში, ცემინება 60%-ში, ყელის ტკივილი 60%-ში. ძალიან იშვიათია ხანგრძლივი ხველა, დაახლოებით ინფიცირებულების 44%-ს აღენიშნება. იშვიათად ახასიათებს, ასევე: ხმის ჩახლეჩვა, კანკალი, სიცხე, თავბრუსხვევა, ყნოსვის დარღვევა, უმადობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ღამით ოფლიანობა. აღსანიშნავია, რომ ომიკრონის მოხდის მერე ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს გულის აჩქარება, რომელიც თავისით ალაგდება და არ არის საჭირო მედიკამენტების მიხმარება.

სიცხის შემთხვევაში, არ უნდა ვიჩქაროთ ანტიბიოტიკის მიღება. ზრდასრულებში, თუ სიცხე 38 გრადუსამდეა და არ აწუხებს პაციენტს, დამწევიც  არ არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ იღებთ დამწევს და სიცხე მაინც არ იწევს, მაშინ არასწორად გაქვთ შერჩეული ან პრეპარატი, ან დოზა. რაც შეეხება სიცხის დამწევებს, გამართლებულია მხოლოდ ორი მედიკამენტი: პარაცეტამოლი  და იბუპროფენი. თუ გაქვთ ღვიძლისა და კუჭის პრობლემები მედიკამენტების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება.

ომიკრონის შემთხვევაში დაზიანების ადგილი არის ცხვირის ღრუ. ძალიან იშვიათად, რომ ომიკრონი ჩავიდეს ფილტვებამდე და გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა. ამიტომ, თუ პაციენტს არ აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება საჭირო არ არის.

ვირუსის კლინიკური ნიშნები უმეტეს შემთხვევაში  ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტიდან  2 დღეში ვლინდება. იშვიათად, რომ გამოვლინდეს 2 დღის მერე, თუმცა პირველი 5 დღე არის საყურადღებო. ტესტის გაკეთებას არ აქვს აზრი, თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან 72 საათი არ გასულა. ასეთ შემთხვევაში,  როგორც წესი, ტესტი უარყოფითი იქნება. თუ სახეზეა სიმპტომები: სურდო, ყელის ტკივილი და დაღლილობის განცდა, უარყოფითმა ტესტმა არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ვირუსი არ გვაქვს. ასეთ დროს, ადამიანი, სავარაუდოდ, ინფიცირებულია, მაგრამ ტესტმა ვერ დააფიქსირა, რადგან არასწორ დროს მოხდა ტესტირება. თუ თქვენ ხართ ინფიცირებულთან კონტაქტი, ან აღგენიშნებათ ომიკრონისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, სწრაფი ტესტი სახელმწიფო კლინიკებში უფასოდ გეკუთვნით. თუ 20 წუთის შემდეგ პასუხი უარყოფითი მოგივათ, უფასოდ გეკუთვნით პისიარ ტესტიც. პისიარ ტესტის განმეორებით გაკეთება მხოლოდ 72 საათის შემდეგ შეიძლება.

ინფიცირებულ ადამიანს ვირუსის სიმპტომები დაახლოებით 4-5 დღის განმავლობაში აღენიშნება. იშვიათად 7-14 დღე. გამონაკლის შემთხვევაში, კოვიდს ახლავს მშრალი ხველა, რომელიც გრძელდება არა უმეტეს 3 კვირა. ზოგიერთ შემთხვევაში ფიქსირდება პოსტ-ინფექციური ხველაც, რომელიც შეიძლება, გაგრძელდეს საშუალოდ 2 თვე. ეს ყოველივე ვითარდება იმის გამო, რომ გარკვეული დროის შემდეგ ხველა იქცევა რეფლექსად, რაც იწვევს ადგილობრივ ანთებას. ხველის შესამცირებლად უნდა მივიღოთ თბილი წყალი, სითხეების ხშირი მიღება აუცილებელია. საჭიროა ოთახის დატენიანება. უმჯობესია, ფანჯრები იყოს ღია. პაციენტი უნდა მოერიდოს თამბაქოს კვამლს. თუ ადამიანს  ხველა დიდი ხნის განმავლობაში გაუგრძელდება, საქმეში უნდა ჩაერთოს პულმონოლოგი და თერაპევტი, რომ მათ დანიშნონ ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ხველის პრობლემას მოაგვარებს. ასეთი მედიკამენტებია: ანტიქოლინგერული  მედიკამენტები, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები, ანტიჰისტამინური, დეკონგენსტანტი, ხველის დამთრგუნავი საშუალებები, ორალური კორტიკოსტეროიდები“.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები