როგორი იყო მიმდინარე წელი ეკონომიკური თვალსაზრისით და რა გველოდება მომავალ წელს – 2020 წელი რადიო „ფორტუნას“ ეთერში ეკონომისტმა, პროფესორმა ლადო პაპავამ შეაჯამა.

როგორც მან აღნიშნა, გლობალური გამოწვევა არც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იყო გამონაკლისი.

„პანდემია არ ნიშნავს ერთი ქვეყნის პრობლემას, ეს გლობალური პრობლემაა. პანდემიამ გლობალური ეკონომიკური კრიზისი შექმნა.

პანდემია რომ დასრულდება ეკონომიკის ამოქმედება სწრაფად და მარტივად შეუძლებელი იქნება, მას ექნება თავის სირთულეები. ყველაზე მთავარი, რაც საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, ქვეყანა უნდა გამოიყვანოს ტურისტული ხაფანგიდან. ამიტომ უნდა განვავითაროთ ეკონომიკის ისეთი დარგები, როგორიც არის მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.

თუ კი გვინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვძვრეთ ეკონომიკური სირთულეებიდან და გავხდეთ განვითარებული ქვეყანა, პრიორიტეტი უნდა გახდეს მეცნიერება და განათლება, რომელიც შექმნის მაღალ ტექნოლოგიურ ძვირადღირებულ პროდუქტებს.

მაშინ საქართველოს ექსპორტიც გაიზრდება და ჩვენი მდგომარეობა მსოფლიო ბაზარზე უკეთესი იქნება“,-განაცხადა ლადო პაპავამ.

ლარის მიმართ გაგრძელდება გაუფასურების ტენდენცია

რაც შეეხება ლარის კურსს, ეკონომისტი ამბობს, რომ მომავალ წელს ლარის სტაბილურობის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება.

„პროგნოზი ლარის კურსთან მიმართებაში როგორც წესი არ კეთდება, მით უფრო კრიზისულ ვითარებაში, უბრალოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი ამისთვის, რომ რყევები რაც იყო 2020 წელს გამოირიცხოს.

პრაქტიკულად, ჩვენი საგარეო სავაჭრო ბალანსიდან გამომდინარე, ლარის სტაბილურობის შენარჩუნება, ძალიან რთული იქნება.

ლარის მიმართ გაგრძელდება გაუფასურების ტენდენცია, ოღონდ ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს გაუფასურება არ იყოს ნახტომისებური და არაპროგნოზირებადი”,-განაცხადა ეკონომისტმა.

როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, ამის ინსტრუმენტები და რესურსები ეროვნულ ბანკს გააჩნია.

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები