LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია სირთულეების როლი წარმატების მიღწევაში – ფორტუნა აკადემია

590
456

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხშირად სირთულეებია გადასალახი. როგორია წარმატებული ადამიანების მიერ განვლილი გზა და ჰქონდათ თუ არა სირთულეები, ამ თემაზე “ფორტუნა აკადემიასთან” სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობის პროგრამის ხელმძღვანელმა ანნა გოდაბრელიძემ და ქოუჩმა ირინა ჭოჭუამ ისაუბრეს.

ანნა გოდაბრელიძე:

“წარმატებას ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად უყურებს და აღიქვამს. ზოგისთვის ეს მისი პიროვნების ცნობადობაა, ზოგისთვის პროფესიული წარმატება, რასაც შეიძლება ცნობადობაც მოჰყვეს, ზოგიერთისთვის მცირედის მიღწევაც წარმატებაა. მთავარია პირადად შენთვის წარმატება, ბედნიერება თუ სხვა შეგრძნება საიდან იწყება და რით კმაყოფილდები.

ჩემს შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული ვარ, თუმცა ესეც შედარებითია.  წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია გქონდეს მიზანი, ბევრი იშრომო, გარკვეული სირთულეების შემთხვევაში კვლავ ბრძოლის სურვილი მოძებნო საკუთარ თავში და რაც ასევე ხშირ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია – გაგიმართლოს, ანუ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდე და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მე მიყვარს ჩემი პროფესია, ჩემი საქმიანობა. თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის ძირითადი ნაწილი საფრანგეთში მივიღე. მეღვინეობა მარტო ღვინის დაგემოვნების ცოდნა არაა, ღვინის დაყენებას, შექმნას დიდი ფიზიკური დატვირთვა და შრომა სჭირდება, რამდენიმე კვირის განმავლობაში გადაბმულად უძილო ღამეები (თუ დიდ მაშტაბზე მუშაობ) და ამავდროულად საღი  გონების შენარჩუნება, შემდეგ ზრუნვა დაბადებული ღვინოს გამოზრდაზე და ა.შ. ვისაც ღვინის დაყენების გამოცდილება აქვს სხვანაირი სიღრმით აფასებს ღვინოს, არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, რომელსაც მხოლოდ ამ გამოცდილებით იღებ.

გამოწვევების მიღება და სირთულეების გადალახვა აუცილებელია. წელიწადნახევარი სტაჟიორად ვმუშაობდი საფრანგეთის სხვადახვა  რეგიონში. საქართველოში რომ დავბრუნდი ერთერთი დიდი საწარმოს ტექნიკური დირექტორის თანამდებობა შემომთავაზეს (300 ჰ ვენახით). ვფიქრობდი დავთანხმებოდი თუ არა, შევძლებდი თუ არა დამოუკიდებლად ხელმძღვანელობას, არა მხოლოდ ხარისხიანი ღვინის დაყენებას, არამედ კომპანიის მართვასაც. ჩემი დღევანდელი გადმოსახედიდან ეს იყო ძალიან გაბედული და შეიძლება ითქვას ცოტა თავზეხელაღებული ნაბიჯიც, მაგრამ ძალიან დიდი შესაძლებლობა მომცა პროფესიონალური ზრდის, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და ხალხთან, თანამშრომლებთან ურთიერთობის სწორად წარმართვის თვალსაზრისით. ამის შემდეგ ყველა სხვა გამოწვევა ახალი ინტერესი იყო, ხშირად მიწევდა და ახლაც მიწევს ახლის შექმნა ან განახლება და ზრუნვა მოცემულების  მდგრადად შენარჩუნებისთვის.

მთავარია ის პროფესია აირჩიო, რომელიც გეყვარება და სიამოვნებით დაიხარჯები. ძირითადად ძალიან ახალგაზრდას გვიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება, რაც არც ისე ადვილია, მაგრამ თუ გარკვეული დროის შემდეგ მიხვდი, რომ სხვა სფერო არის შენი ინტერესი, ცვლილებები ყოველთვის შესაძლებელია.”

ირინა ჭოჭუა:

“მე ვფიქრობ, წარმატება არის საკუთარ სურვილებში გამორკვევა და მერე ამ ყველაფრის რეალობად ქცევა. სიუჟეტებს ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, წარმატებული ფინანსისტი გამოხვალ თუ წარმატებული დიასახლისი, ეს უკვე სოციალური როლებია, რომლებსაც ვირჩევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია რასაც ავირჩევთ, იქ ბოლომდე ვრეალიზდეთ, თვალები აგვენთოს ყოველ ჯერზე და დილით გაღვიძება გვეჩქარებოდეს, რათა საყვარელი საქმე ვაკეთოთ. ამ ფიქრებით მივედი იქამდე, რომ ჩემთვის წარმატება არის სიყვარული – ადამიანმა იპოვოს ის საქმე და ის მეორე ადამიანი, რომელიც მთელი არსებით ეყვარება და ამ ყველაფერს თავის ცხოვრებას გაუზიარებს. თუკი ადამიანი ამას შეძლებს, ის უკვე წარმატებულად მიმაჩნია.

წარმატების გზა ყოველთვის რთულია და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. ეს არის ძიების და თვითგამორკვევის გზა, რომელიც მარცხზე, იმედგაცრუებაზე, ემოციურ დარტყმებზე გადის. ხმამაღლა ვთქვა, რომ მე ვარ წარმატებული, ვფიქრობ ჩემთვის ჯერ ადრეა. ერთადერთი, რაც ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მოვინდომე და ჩემი თავი შევქმენი ისეთად, როგორიც ახლა ვარ. მაქვს საყვარელი საქმე და მყავს საყვარელი ადამიანი. და ამ საყვარელ საქმეში ძალიან ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ალბათ რაღაც საინტერესოს და სხვა ადამიანებისთვის ღირებულს როდესაც შევქმნი, მერე უკვე თამამად ვისაუბრებ ჩემს წარმატებაზეც, ყველაზე დიდი სირთულე იყო საყვარელი საქმის ძიება. ბევრი საქმიანობა ვცადე და გამოვიცვალე, სანამ მივაგნებდი ქოუჩინგს. მთავარი ცდუნება ალბათ იყო არ მესმინა სხვა ადამიანებისთვის და მესმინა საკუთარი თავისთვის. მე ვარ ადამიანი პროცესში და ცხოვრების ამ ეტაპზე ეს მაბედნიერებს.

ამ ყველაფრის უკან დგას ბევრი გათენებული ღამე და არაადამიანური შრომა. რამდენჯერაც რაღაც ისე არ გამომსვლია ან მარცხი განმიცდია, მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ჩემი დაბალი თვითშეფასება და ფიქრები, რომ მაინც არ გამომივა. გარე ფაქტორებიც ბევრი იყო, არ მქონდა მატერიალური რესურსები, არ მქონდა კარგი კავშირები და ა.შ. თუმცა, შენი წარმატება დამოკიდებულია დიდწილად შენს გადაწყვეტილებებზე, რას ირჩევ, იყო გარემოების მსხვერპლი თუ შეცვალო გარემო”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები