„ის, რომ დიმიტრი გვრიტიშვილისა და მიხეილ ჩინჩალაძის გვარები სიაში აღარ არის, პირველ რიგში განაპირობა ჩვენი მხრიდან ძალიან დიდმა პროტესტმა და წინააღმდეგობამ,“ – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144- კაციან სიას.

მისი თქმით, მიუხედავად ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის გვარების ამოღებისა, ახალ სიაში ისევ არის ისეთი მოსამართლეების გვარები, რომლებიც წარსულში უკანონო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული.

„ჩემი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომით ნამდვილად შევძელი იმ 10- კაციანი სიის შეჩერება. ის ორი გვარი გვრიტიშვილი და ჩინჩალაძე რომ აღარ არის სიაში, ძალიან დიდი წინააღმდეგობის შედეგია. ახლა ვხედავთ, რომ ახალ სიაში მეორდება გვარები, რომლებიც იმ სიაშიც იყო და ასევე მიუღებელია. ახალ სიაში ვხედავთ ბევრ მიუღებელ გვარს, მათ შორის ვხედავთ ისეთი მოსამართლეების გვარებსაც, რომელიც უკავშირდება წარსულში უკანონო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. მე არ ვიცი იუსტიციის საბჭო საბოლოოდ ვის წარადგენს პარლამენტში, მაგრამ იმ გვარებზე, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს და რამდენიმე მათგანი პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და რეპრესიებს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, გვექნება ძალიან მწვავე წინააღმდეგობა. სამწუხარო იქნება, თუ მეორე წრეზე ისევ მოგვიწევს ბრძოლა.

მე არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას. პირიქით, ვაპირებ, წინააღმდეგობა გავუწიო იმ განზრახვას, რაც „კლანს“ უნდა, რომ ხელში ჩაიგდოს სასამართლო. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უზენაეს სასამართლოში გამწესდნენ მაღალი რეპუტაციის, მაღალი სანდოობის, პროფესიონალი და მორალურად მყარი მოსამართლეები,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, როგორც ბესელიამ აღნიშნა, ახალ სიაში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის გვარები მისთვის მოულოდნელი იყო.

მსგავსი თემები