LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომელ პირადზე? ისეთი რაღაცები მოვყევი… შეუძლებელია ჩემნაირი გრაფიკის მქონე ადამიანთან ვინმემ იცხოვროს“ – ნიკა ნიკვაშვილი

15
ნიკა-ნიკვაშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მუსიკოსი, პიანისტი და კომპოზიტორი, ნიკა ნიკვაშვილი, რომელმაც მუსიკალურ კარიერასა და გეგმებზე ისაუბრა.

გადაცემის ლაივი LIVE

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, როგორც ვიცი, ბაღის ასაკიდან უკრავ,

რაც თავი მახსოვს, იყო ინსტრუმენტი, მუსიკა და მუზიცირება, ეს ძალიან მაინტერესებდა, ეს იყო ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება და მას შემდეგ არის, არასდროს წასულა. ოჯახში მუსიკოსი არავინ მყავს, დედა ფილოლოგია, მამა და და – ეკონომისტები. მე კი მუსიკოსი აღმოვჩნდი. ამ ყველაფერში დედამ დიდი როლი ითამაშა,  ჩემს მიდრეკილებას ის მიხვდა. თუმცა წლების შემდეგ დედას ვსაყვედურობდი, რადგან ყველა საბანკოზე აბარებდა და ეს მეც მინდოდა. რაც შეეხება მუსიკას, ხან ავანგარდული მუსიკა მიზიდავდა, ხანაც ვენის სკოლა მხიბლავდა, შემდეგ რომანტიზმი, იმპრესიონიზმითაც ვყოფილვარ გატაცებული. ეს არის პერიოდებთან კავშირში. სწავლის პერიოდში ყველაფრით ვიყავი გატაცებული.

გაიხსენე პირველი წარმატება,

ნეტავ, იყო თუ არა წარმატება… და ვისთვის რა არის საერთოდ წარმატება? ბიძინა კვერნაძესთან რომ მოვხვდი, ეს იყო ჩემი დიდი გამართლება. კონსერვატორიაში ჩაბარებამდე სწორედ ის იყო ჩემი პედაგოგი, ჩემი ყველა წინსვლა მისი დამსახურებაა და მასთანაა დაკავშირებული, მასთან და მის გენიალურ ფრაზებთან, რომელიც მუდამ ჩემთან არის. მან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, როგორც მუსიკოსზე და როგორც ადამიანზე.

ცხოვრებამ დამაჯილდოვა იმით, რომ ძალიან კარგი პედაგოგები შემხვდა, არამარტო საქართველოში, პარიზშიც. მანამდე მოსკოვში ვცხოვრობდი. იქ კონსერვატორიაში ვაპირებდი ჩაბარებას, თუმცა მითხრეს, რომ ჯობდა, ეს დასავლეთში გამეკეთებინა. მეც აქცენტი საფრანგეთზე გავაკეთე და სწორი არჩევანიც გავაკეთე. ასე რომ მოსკოვში მუშაობით შემოვიფარგლე, იყო სხვადასხვა პროექტიც. მანანა თოდაძეს დიდი წვლილი მიუძღვის, მოსკოვში რომ ვიყავი, ძალიან მეხმარებოდა. ზოგადად, ძალიან მინდოდა საქართველოდან წასვლა. კომფორტის ზონიდან მინდოდა გასვლა. დამოუკიდებელი ცხოვრება მინდოდა. მოსკოვში ბევრი ცხოვრებისეული გამოცილება მივიღე, რაც შემდეგ გამომადგა. 2014 წელს კი საფრანგეთში გადავედი და დღემდე იქ ვაგრძელებ ცხოვრებას. რომ ჩავედი, ერთი სიტყვაც არ ვიცოდი, ძალიან რთული იყო. ჯაბა ქარსელაძე კი დიდი ხანია იქ ცხოვრობდა, ის არაჩვეულებრივად ფლობდა ფრანგულს, ძალიან დამიდგა გვერდში. დაუღალავი შრომა იყო – ენის კურსები, თან ჩემი პროფესია. იქ ორი კონსერვატორია დავამთავრე.

როგორც ვიცი, რუსეთის მოქალაქეობაზე თქვი უარი,

დიახ, ეს ადრე მოხდა, სანამ პარიზში წავიდოდი, ეს გმირობას არ უკავშირდება, ასე მივიჩნიე საჭიროდ, მე დღემდე საქართველოს მოქალაქე ვარ. საფრანგეთის მოქალაქეობაც არ მაქვს, მხოლოდ ცხოვრების უფლება მაქვს. ჯერჯერობით ეს ყველაფერი მაკმაყოფილებს.

ვინ არის შენი პირველი შემფასებელი?

არ მყავს ასეთი პერსონა. მყავს რამდენიმე ახლო მეგობარი, რომელთა აზრიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი. ბიძინა მეუბნებოდა, უფრო მეტი უნდა წაშალო, ვიდრე დაწეროო და ეს ლოზუნგად მექცა. არასდროს  ვარ კმაყოფილი, ვზივარ და ვაკრიტიკებ, დასრულებული არ მაქვს ერთი პროექტი, რომ მეორეს ვიწყებ. საკუთარი თავის მიმართ ყველა საკითხში კრიტიკული ვარ.

რატომ გადაწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა?

ამაში დიდი დამსახურება ბაკურ ბაკურაძეს აქვს. მან დაიწყო პროექტი „ავტოგრაფი“, ამ გადაცემამ თავისი სიტყვა თქვა და ამაში რომ სულ მცირე წვლილი მეც მაქვს, ძალიან მიხარია,  ეს იყო ბიძგი. ამ პროექტისთვის საქართველოში პერიოდულად უნდა ჩამოვსულიყავი, დიდხანს რომ გავჩერდი აქ, მივხვდი, ძალიან მომწონდა ეს ყველაფერი. კარად ვგრძნობდი თავს ჩემს ქვეყანაში, ბევრი რთულად ეგუება სხვა ქვეყნიდან დაბრუნებას, თუმცა მე ასე არ ვიყავი. პანდემიის პერიოდი სწორედ ამ ყველაფერმა გადამატანინა. აქედან დაიწყო ყველაფერი. ამას მოჰყვა გალა-კონცერტები და მასშტაბური ღონისძიებები.

რამდენად ნერვიულობ ხოლმე, როდესაც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს ასრულებ?

ვღელავ ძალიან, ყოველთვის ვღელავ. რთულია, კომპოზიტორს ავთენტურობა არ დაუკარგო და ოქროს შუალედი უპოვო. ზოგადად, ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, არცერთ საკითხში ხმაურიანი არ ვარ.

როგორ მოდის შენთან მუზა?

არასდროს არ მქონია არანაირი მუზა, რასაკვირველია, ყოველდღიურ ცხოვრებაში შთაბეჭდილებები არსებობს, მაგრამ, როგორც ასეთი, მუზა – არა. მუშაობაში მოდის მუზა, მაშინ გრძნობ გრძნობების გამოძახილს. სხვათა შორის, შეკვეთითაც დამიწერია. ეს მეხმარება, რადგან ჩემს ნებაზე რომ მივუშვა, არასდროს დავასრულებ, ასჯერ შევცვლი, შეკვეთისას კი ეს უკვე ვალდებულებაა.

რას უსმენ ავტომობილში?

ჩემს ცხოვრებაში მუსიკა იმდენად დიდი დოზითაა, რომ მანქანაში მინდა სიჩუმე იყოს, თუმცა არის მომენტები, როცა რამე მიმიზიდავს. პოპიც კი შეიძლება ჩავრთო. მე არ მიყვარს ელექტრონული მუსიკა, ჩემს ხასიათში ნაკლებად ჯდება. რაც დიდ ხმაურთან არის დაკავშირებული, არ მიზიდავს.

რაც შეეხება განტვირთვას, ორი მეგობარი მყავს – ცოლ-ქმარი, თუკი დრო გამომიჩნდება, მათთან ყავის დასალევად შევირბენ ხოლმე, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვა. მე, ზოგადად, სოციალური ქსელები არ მიყვარს, ტელეფონზეც მხოლოდ აუცილებელ ზარებს ვპასუხობ. ტელეფონი რამდენადაც ბევრ საქმე გვიკეთებს, ძალიან ბევრ დროს გვაკარგვინებს, ფუჭად. წელს ვოცნებობდი, ერთი დღე ზღვაზე წავსულიყავი, ძალიან მიყვარს ცურვა, თუმცა მთელი ზაფხული ისე გავიდა, ეს სურვილი ვერ ავისრულე.

შენ და სამზარეულო…

სხვათა შორის,  საფრანგეთში ყველაფერს ვაკეთებ, ისე კარგად არის მოწყობილი იქ ყველაფერი. აქ მიჭირს ჩემს ცოდნას გასაქანი მივცე – მარკეტებში პროდუქცია არ მომწონს, ბევრი უნდა ეძებო. სხვათა შორის, პარიზში ხაჭაპური გავაკეთე, მეგობრები დავპატიჟე. აქ მარტო ვცხოვრობ, დედა გემრიელობებს ამზადებს და ჩემთვის მოაქვს.

პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

რომელ პირადზე? ისეთი რაღაცები მოვყევი… 2023 წლის ბოლომდე უკვე ყველაფერი გაწერილი მაქვს. პირად ცხოვრებას ზრდა და ზრუნვა სჭირდება, შეუძლებელია, ჩემნაირი გრაფიკის და რეჟიმის მქონე ადამიანთან ვინმემ იცხოვროს. ამ ეტაპზე ეს ყველაფერი წარმოუდგენლად მიმაჩნია.

შენი გეგმების შესახებ გვესაუბრე,

წინ საახალწლო კონცერტებია, იანვრის ჩათვლით. მიხარია, რომ ბევრ პროექტში ვიქნები, შემდეგ მივემგზავრები საფრანგეთში, იქაც ბევრი კონცერტია დაგეგმილი, მე „კომპოზიტორთა კავშირის“ წევრი ვარ და ეს აუცილებელია. ამის შემდეგ საქართველოში ჩამოვალ – ბიძინა კვერნაძის 85 წლის იუბილე უწევს. შარშან მისი სახელობის კომპოზიტორთა კონკურსი დავაარსე, კომპოზიტორები ჩამომყავს, კონსერვატორიაში „მასტერკლასებს“ ჩაატარებენ, ბოლოს კი კონცერტები იტალიაშიც ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები