LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველები და ვინ მკვიდრდება აქ?

877

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ემიგრაციისა და იმიგრაციის საკმაოდ აქტიური პროცესები მიმდინარეობს. ქვეყნისთვის განსაკუთრებით მტკივნეული და თვალშისაცემია ემიგრანტთა თემა.

 

სად მიდიან ემიგრანტები?

2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოდან სულ 88 541 ემიგრანტია წასული. მათ შორის ყველაზე მეტი, 22% რუსეთში ცხოვრობს.

ემიგრანტთა ნახევარზე მეტი ქალია, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება გენდერული თანაფარდობა იმ ქვეყნების მიხედვით, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ.

როგორც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ანგარიშშია ნათქვამი, ქართველი კაცების უმეტესობა (45%) უკრაინაში, რუსეთსა და აზერბაიჯანში მიდიან. ხოლო ქალები იტალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში.

აღწერის მიხედვით, საზღვარგარეთ წასვლამდე, ყოველი სამი ემიგრანტიდან 2 – ქალაქის 1 კი, სოფლის ტიპის დასახლებაში ცხოვრობდა.

საქართველოს ცალკეული რეგიონის მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, ყველაზე მეტი ემიგრანტი პროპორციულად იმერეთიდანაა (3,8%); ქვემო ქართლიდან (2.6%); ხოლო თბილისიდან (2.5%).

 

ვინ მკვიდრდება საქართველოში?

“საქსტატის” განსაზღვრებით, იმიგრანტად მიიჩნევა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბოლო 12 თვეში 183 დღე ან მეტი იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ამასთანავე, წინა 12 თვის განმავლობაში 183 დღე ან მეტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ჰქონდა გატარებული. ამ განმარტებით, 2016 წელს საქართველოში 90 228 იმიგრანტი იყო.

მათგან 42925 უცხო ქვეყნის მოქალაქეა: 26% რუსეთის, 24% სხვა ქვეყნების, 15% თურქეთის, 14% სომხეთის, 8% აზერბაიჯანის, 7% უკრაინის, 3% ინდოეთისა და აშშ-ის მოქალაქეები.

საქართველომ ბოლო 2015-2016 წლებში 46581 ბინადრობის ნებართვა გასცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, მათი დიდი ნაწილი (41%) შრომითი ბინადრობის ნებართვებია. ხოლო ტოპ ქვეყნები, ვის მოქალაქეებზეც შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცა – თურქეთი, ინდოეთი და ჩინეთია.

რაც შეეხება მუდმივად ცხოვრების ნებართვებს (19%), ის აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეებზე გაიცა.

საქართველოს მიერ გაცემული ბინადრობის ნებართვებიდან 16% სასწავლო მიზნითაა გაცემული, ძირითადად ინდოეთის, ერაყისა და ნიგერიის მოქალაქეებზე, ხოლო 9% ოჯახის გაერთიანების მიზნით, თურქეთის ირანისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებზე.

 

იმიგრანტები აქტიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას – ქართველებზე მეტადაც კი

2012-2016 წლებში საქართველოში უცხოელებზე დარეგისტრირებული უძრავი ქონების ნახევარზე მეტი რუსეთის მოქალაქეების სახელზეა გაფორმებული.

ხუთი წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის 34 024 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, 53% რუსეთის მოქალაქეების სახელზეა რეგისტრირებული. თურქეთის, ირანისა და ერაყის მოქალაქეების სახელზე ჯამურად – 6%.

ინფოგრაფიკები იმიგრაციასა და ემიგრაციაზე საქართველოში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით „ფორსეტმა“ მოამზადა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები