ზაფხული სერიალების მოყვარულთათვის ძალიან შთამბეჭდავი პროექტებით იხსნება, რომელთა შესახებაც დაწვრილებით სწორედ ჩვენს სტატიაში ვისაუბრებთ…

„დომი“ / Dom

პრემიერის თარიღი: 4 ივნისი

არხი: Amazon Prime

„ამაზონის“ ორიგინალი სერიალი მოგვითხრობს ბრაზილიელი მამა-შვილის, პოლიციელისა და ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ბანდის ლიდერის დაძაბული და ჩახლართული ურთიერთობის შესახებ. ახალგაზრდა ბიჭი, სახელად პედრო, პოლიციელის კანონმორჩილი შვილიდან ნელ-ნელა დანაშაულებრივ სამყაროში ჩათრეულ ბანდის ლიდერად ყალიბდება, რომელსაც პედრო დომს უწოდებენ. თუმცა მამა ყველაფერს გააკეთებს, რომ უძღები შვილი დაიბრუნოს…

„ლაისის ამბავი“ / Lisey’s Story

პრემიერის თარიღი:

არხი: Apple TV+

სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის თრილერის ადაპტაცია მოგვითხრობს ნიჭიერი მწერლის ქვრივის, ლაისის ამბავს. ქალბატონს ძალიან უჭირს მეუღლის დაკარგვასთან შეგუება, თუმცა მალე მის ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს საიდუმლოებები, რომლებსაც მისი გარდაცვლილი ქმარი მალავდა… მთავარ როლებში ჯულიანა მურსა და კლაივ ოუენს ვიხილავთ.

„ვარსკვლავდაცემული“ / Starstruck

პრემიერის თარიღი: 10 ივნისი

არხი: HBO Max

ჯესი სრულიად ჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალია, რომელიც არც განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა და არც განსაკუთრებული წარმატებით. თუმცა ცნობილ კინოვარსკვლავს, ტომს, ეს სულაც არ უშლის ხელს მის შეყვარებაში. და მაინც, რამდენად შესაძლებელია ჩვეულებრივი ქალისა და კინოვარსკვლავის სიყვარული შედგეს?

„ლოკი“ /   Loki 

პრემიერის თარიღი: 11 ივნისი

არხი: Disney +

სერიალი „მარველის“ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ვილანის, სიცრუის ღმერთის, ლოკის შესახებ მოგვითხრობს, უფრო კონკრეტულად კი იმაზე, თუ რა ბედი ეწია მას „შურისმაძიებლები: თამაშის დასასრულში“ განვითარებული მოვლენების შემდეგ. სერიალი „მარველის“ კინოსამყაროს ნაწილია, მთავარ როლში კი, რასაკვირველია ტომ ჰიდლსტონს ვიხილავთ…


“ლუპინი“ / Lupin

პრემიერის თარიღი: 11 ივნისი

არხი: Netflix

მაურის ლე ბლანშის ნოველაზე დაფუძნებული სერიალი დახელოვნებული ქურდის, არსენ ლუპინის ამბავს მოგვითხრობს. ლუპინის მამა იმ დანაშაულისათვის დააკავეს, რომელიც მას არ ჩაუდენია, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა. ლუპინი მამის სიკვდილის გამო შურისძიებას ცდილობს და პარალელურად, ყველაზე შთამბეჭდავ ძარცვას გეგმავს თავის გუნდთან ერთად, რომელიც ლუვრიდან მარია ანტუანეტას ყელსაბამის მოპარვას აპირებს…

“სარას რესპუბლიკა“ / The Republic of Sarah

პრემიერის თარიღი: 14 ივნისი

არხი: The CW

მას შემდეგ, რაც ყოვლისშემძლე კომპანია პატარა ქალაქში რესურსებს აღმოაჩენს და მათ მოსაპოვებლად მთელი რიგი კერძო საკუთრებების განადგურების ნებართვას იღებს, ქალაქის ერთ-ერთ მკვიდრს, სარა კუპერს თავში გენიალური იდეა მოსდის, გამოაცხადოს ქალაქის დამოუკიდებლობა…

„ფიზიკური“ /Physical

პრემიერის თარიღი: 18 ივნისი

არხი: Apple TV+

სერიალი 80-იანი წლების საშუალოსტატისტიკური ამერიკელი დიასახლისის, შეილა რუბინის ამბავს მოგვითხრობს, რომელმაც თავისი გატაცება- აერობიკა პროფესიად აქცია და დიდ წარმატებასაც მიაღწია…

„სექსი/ცხოვრება“ / Sex/Life

პრემიერის თარიღი: 26 ივნისი

არხი: Netflix

და მაინც, რა მოხდება, როდესაც ბედნიერ ქორწინებაში მყოფი ორი შვილის დედა მოულოდნელად თავის ყოფილ შეყვარებულს, სტანდარტულ ცუდ ბიჭს კიდევ ერთხელ შეხვდება და მასთან ერთად სიგიჟეების ჩადენის დაუძლეველი სურვილი გაუჩნდება?

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები