LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი პაციენტი უნდა აიცრას და რომელი არა – ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

552
ninolomidze

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ნინო ლომიძემ „Euronews Georgia”-ს ეთერში  ვაქცინაციის დროს ალერგიული რეაქციის განვითარების რისკებზე ისაუბრა.

„ჩამოვთვალოთ, თუ რომელი პაციენტი უნდა აიცრას და რომელი არ უნდა აიცრას. მწვანე შუქი ანთებული აქვთ იმ ალერგიულ პაციენტებს, რომელთაც გააჩნიათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ალერგია საინჰალაციო ალერგენების მიმართ, როგორიც არის ოთახის მტვერი, მცენარეული ალერგენები, მწერის ნაკბენი, საკვები ალერგენები –  თხილეული, კვერცხი, რძე, ზღვის პროდუქტები და ა.შ. ​ასევე დასაშვებია ვაქცინაცია ჩაუტარდეთ ასთმის მქონე პაციენტებს, იმ შემთხვევაში, თუ მათი ასთმა კარგად კონტროლირებულია და ვაქცინაციის მომენტისთვის გამწვავება არ აღენიშნებათ. ვაქცინაცია ასევე დასაშვებია მედიკამენტებზე მსუბუქი და საშუალო ალერგიის მქონე ადამიანებისთვის. ყველა ასეთი ალერგიული პაციენტი 30 წუთი იცდის და მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ყვითელ ზონაში არიან ის ადამიანები, რომელთაც წარსულში აღენიშნებოდათ სიცოცხლისთვის საშიში, ძლიერი სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები რომელიმე ვაქცინაზე, ასევე საინექციო მედიკამენტზე.

კატეგორიულად არ უნდა გაკეთდეს ვაქცინაცია იმ პირებში, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დაუფიქსირდა ​ძლიერი ანაფილაქსიური რეაქცია. აქ შემდგომი დოზა არ შეიძლება გაკეთდეს. კვლევების მიხედვით, 70 %-ზე მეტი ალერგიული შემთხვევა განვითარდა გაკეთებიდან 15 წუთის ფარგლებში. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ნახევარი საათი კლინიკიდან არ უნდა გავიდეს პაციენტი. ანაფილაქსიურ შოკზე როდესაც ვსაუბრობთ, მისი დეფინიცია არის სწრაფი რეაქცია. არ უნდა შეეშინდეს იმ ადამიანს, ვინც ჩაიტარა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომ მსგავსი ტიპის რეაქცია დაემართება მეორე დღეს.

საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, მაინცდამაინც ​რომ მივიღოთ ანტიალერგიული წამალი ვაქცინაციის წინ, ასეთი რეკომენდაცია არ არის,“ – აღნიშნავს ნინო ლომიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები