LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები პუტინის რეჟიმს გაურბიან და ბინებს საქართველოში ყიდულობენ – რა მოხდება ემბარგოს შემდეგ

1935
Capture

ოკუპანტი ქვეყნის მორიგმა აკრძალვებმა რუსულ სააგენტოებს სალაპარაკო მისცა. ისინი აქტიურად წერენ, რომ თბილისსა და ბათუმში ბინებს, ძირითადად, რუსები ყიდულობენ. ემბარგოს შემდეგ კი, ადგილობრივი მედია საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვების შემცირებას პროგნოზირებს. ბიზნესსააგენტო „ერ ბე კამ“ „ორბი ჯგუფის“ წარმომადგენელი ჩაწერა, რომელიც ამბობს, რომ ბათუმში რუსების ინტერესი გაზრდილია და უცხოელ მყიდველთა შორის 40%-ით სწორედ რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ.

რადიო „ფორტუნა“ დაინტერესდა, საფუძვლიანია თუ არა რუსული მედიის პროგნოზი, შემცირდება თუ არა გაყიდვები უძრავი ქონების ბაზარზე და ვინ ყიდულობს ბინებს საქართველოში ყველაზე ხშირად.

„ფორტუნა“ „არსის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს და იმავდროულად მენაშენეთა ასოციაციის წევრს, თორნიკე აბულაძეს ესაუბრა. ის ადასტურებს, რომ უძრავი ქონების შეძენით, ძირითადად, რუსები და ირანელები ინტერესდებიან.

„ჩვენ უნდა განვასხვავოთ ბათუმისა და თბილისის უძრავი ქონების ბაზარი. ბათუმში ყიდულობენ, იმიტომ რომ ზაფხულში დასასვენებელი ჰქონდეთ. იქ ცხოვრებას არ აპირებენ. თბილისში ბინებს საცხოვრებლად იძენენ. მყიდველების უმრავლესობა არიან რუსები, მათზე უცხოელ მყიდველთა შორის ყველაზე დიდი წილი – 35% მოდის, შემდეგ არის ირანი  25%-ით და და 15%-ით მესამე ადგილზეა უკრაინა. დანარჩენი უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე ნაწილდება. რუსეთისა და ირანის შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ მათ თავიანთ ქვეყანაში ცხოვრება აღარ უნდათ. ეს ის მოსახლეობაა, რომლებიც თავიანთ ქვეყანში არსებული რეჟიმის გამო გარბიან. ანუ ახლა რა მოვლენებიც ვითარდება რუსეთში, ეს მათ ხელს არ უშლის უძრავი ქონების შეძენაში. ემბარგოებით მოთხოვნა არ მცირდება. თბილისში ვინც ყიდულობენ, ის რუსები ჩვენ მიმართ ლოიალურად განწყობილი არიან, ვინც პუტინის რეჟიმს ვერ იტანს“, – აცხადებს აბულაძე.

დეველოპერი განმარტავს, რომ ეს ყველაფერი ერთ რამეს ნიშნავს – ქვეყნის განვითარების დინამიკა დადებითია.

„არ უნდა დავუშვათ ერთი რამ – ე.წ. „გეტოები“, არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ხალხმა მჭიდრო დასახლებები, უბნები შექმნას“, – ამბობს „არსის“ ხელმძღვანელი.

კომპანია „ჯი დი ჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე კი ამბობს, რომ ფრენების შეზღუდვა უძრავი ქონების ბაზარს ვერ დააზარალებს. მისი თქმით, ბინის შეძენის მსურველები ტურისტები არ არიან, ისინი ინვესტიციებს დებენ, აქ ცხოვრებას გეგმავენ, ამიტომ, წაქაძის თქმით, ემბარგო მათ ხელს ვერ შეუშლის.

ბეჟან წაქაძე, „ჯი დი ჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი: „ბოლო დროს ირანიდან მოთხოვნამ იკლო, რუსეთიდან კი გაიზარდა. თუმცა აქ ასე ეთნიკურად რუსებს ვერ გამოვყოფ. ბევრი ქართველია, მაგრამ რუსეთის მოქალაქეა. ცენტრალურ უბნებში რა ბინებიც  გავყიდე, 1 გერმანელი იყო, 1 –  ჩინელი, დანარჩენი უმრავლესობა კი – რუსეთის მოქალაქე. მინდა გითხრათ, რომ ბოლო დროს რუსები უფრო ბათუმისკენ მიდიან.”

“ბიზნესს რაც შეეხება, ბიზნესის ყიდვაც გახშირდა. ეს არაა გამოწვეული იმით, რომ რაღაც საოცრება ხდება, ქვეყანა მიმზიდველი ხდება, მათთან არაა ასეთი პირობები ბიზნესისთვის და უნდათ, რომ თანხა აქ დააბანდონ. მოსაზრება, რომ რუსები აქ შეიძენენ და ქვეყანა ამით დაინგრევა – არასწორია. ჩვენ ქართველებსაც გვაქვს სხვა ქვეყნებში უძრავი ქონება და გაიქცნენ ? ხომ არ მოიკიდებს იმ სახლს და წაიღებს“, – აცხადებს წაქაძე.

უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია DK Capital-ის დამფუძნებელი დავით კენჭაძე კი ამბობს, რომ რუსეთის ტელეარხებზე აქტიური პროპაგანდა მიდის საქართველოს წინააღმდეგ და არის მოლოდინი, რუსებმა საქართველოში უძრავი ქონება აღარ იყიდონ. ის მიიჩნევს, რომ გაყიდვების ტემპის შესანარჩუნებლად იპოთეკურ სესხებზე რეგულაციები უნდა შერბილდეს.

ამ თემაზე „ჯი დი ჯი ჯგუფის“ დამფუძნებელმა გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით, ივლისში ბაზრის ანალიზის შესახებ დასკვნა დაიდება და იპოთეკური სესხების გაცემა გამარტივდება. ის ამბობს, რომ კომპანიებისთვის დაწესებულმა რეგულაციებმა მშენებლობა რეალურად გააძვირა, თუმცა ბინების ფასები არ იზრდება, სამაგიეროდ ეს ხარისხზე აისახება. „ეს მშენებლობის ხარისხს აგდებს სერიოზულად და მივიღებთ საშინელ სახლებს. ამიტომ გადასახედია ეს თემა“, – აცხადებს ბეჟან წაქაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები