LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთ-სირიის ერთობლივი თამაში თუ „სამშობლოს“ ნოსტალგია – აფხაზეთში შესაძლოა, სირიელი და იორდანელი რეპატრიანტები ჩაასახლონ

გალსა და გაგრაში შესაძლოა, სირიიდან და იორდანიიდან რეპატრიანტები ჩაასახლონ. სოხუმში უკვე ითქვა, რომ ასოცდაათ იორდანიელ აფხაზს უკვე აქვს სურვილი, აფხაზეთში სამუდამოდ დასახლდეს. ამ ინფორმაციას რუსულ მედიასთან აფხაზეთის ე.წ. რეპატრიანტთა საქმეების მინისტრი, ბესლან დბარი ავრცელებს.

სოხუმში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რადგან ე.წ. რესპუბლიკის საზღვრებთან ბევრად მეტი ეთნიკური აფხაზი უნდა ცხოვრობდეს, ვიდრე „სხვა ეროვნების წარმომადგენელი“. ამ უკანასკნელში კი ქართველები იგულისხმებიან.

დბარი ამბობს, რომ ხალხი, ვისაც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება სურს, რეპატრიაციის ფონდიდან დახმარებას არ ითხოვს. ე.წ. მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაბრუნებული თანამემამულეების განსახლება მოხდება გაგრისა და გალის რაიონებში და ამ პროცესში ე.წ. „სამინისტრო“ ჩაერთვება.

„გაგრა და გალი – ეს არის ჩვენი რესპუბლიკის კარიბჭე. ჩვენი ქვეყნის სასაზღვრო ტერიტორიაზე გაგრის რაიონში, როგორც გალში, ძირითადად, ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, იქ კი აფხაზები უნდა ცხოვრობდნენ, რომლებიც რესპუბლიკაში მომსვლელ ადამიანებს ეტყვიან „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,“ – განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

ანალიტიკოსების განცხადებით, აუცილებელია ქართულმა მხარემ პასუხი გასცეს, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციას, ასევე, აცნობოს საერთაშორისო თანამეგობრობას ის ფაქტი, რომ არის მცდელობა, იორდანიიდან და სირიიდან რეპატრიანტები აფხაზეთში დასახლდნენ.

ისტორიულად, 1856 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ, რომელშიც რუსეთი დამარცხდა, ეთნიკური აფხაზები, ჩერქეზები, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხები, ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე ჩაასახლეს. იმ პერიოდში, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, თანამედროვე სირიის და იორდანიის ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მოგვიანებით, 1877-1878 წლებში, რუსეთის იმპერიიდან ეთნიკური აფხაზები კვლავ გადაასახლეს და ეს ფაქტი, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ აფხაზი ხალხის გენოციდად შეფასდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო არააფხაზი და არაქართული მოსახლეობის ჩასახლება.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სწორედ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, თუ როგორ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები სირიის და იორდანიის ტერიტორიაზე.

„გარკვეულწილად აქ შესაძლებელია თვითონ აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმსა და რუსეთს შორის არსებობდეს გარკვეული გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზები თავად შეწუხებული არიან იმით, რომ მას შემდეგ, რაც ქართველთა ეთნიკური წმენდა განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დღევანდელ დღესაც კი ეთნიკურ აფხაზთა პროცენტული შემადგენლობა აფხაზეთის მთლიან შემადგენლობაში 30%-ს არ აღემატება. შესაბამისად, ალბათ აფხაზებს სურთ, შეცვალონ დემოგრაფიული ვითარება და გაზარდონ აფხაზთა პროცენტული შემადგენლობა,“ – ვარაუდობს ნიკა ჩიტაძე.

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის თქმით, ის რეპატრიანტები, რომლებიც აფხაზეთში ჩასახლებას გეგმავენ და 35-50 ასაკობრივ ჭრილში არიან, გენოფონდის განსაკუთრებულ გარღვევას ვერ მოახდენენ, მაგრამ „აფხაზეთის ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ თუ ამ ადამიანებს კარგი პირობები შეუქმნეს, მათ მალე სხვებიც მოჰყვებიან.“

მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მუჰაჯირების შთამომავალთა დაბრუნება პირველად 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, თუმცა მათი თავდაპირველი სტუმრობა ე.წ. „დაზვერვას“ უკავშირდებოდა. არეშიძე ამბობს, რომ მაშინ რეპატრიაციის ამ პროექტმა არ გაამართლა და მოგვიანებით, ეკონომიკურმა და სოციალურმა მდგომარეობამ ეს პროცესი შეაჩერა, აფხაზეთში ჩამოსვლა აღარავის უნდოდა, მიზეზი კი სიდუხჭირე იყო.

არეშიძე ამბობს, რომ რეპატრიანტთა აფხაზეთში ჩამოსახლების წინააღმდეგი რუსეთი არც მაშინ ყოფილა, თუმცა საკუთარი პირობები მაინც ჰქონდა.

„რუსეთი თურქეთში მცხოვრები აფხაზების დაბრუნების წინააღმდეგი იყო. რუსეთის ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ თურქეთიდან ჩამოსახლებული მუჰაჯირების შთამომავლები თურქეთის ინტერესების გამტარებლები იქნებოდნენ და ამ პროცესს ყველანაირად უშლიდა ხელს. ამ თემასთან დაკავშირებით ბაღაფში თურქეთში 4-5-ჯერ იყო ჩასული. უნდოდა, თურქეთში მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავლები ჩამოეყვანა და მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ მცდელობას მაინც აგრძელებდა. ბაღაფშის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება კრემლის საავადმყოფოში სწორედ ამ თემასთან იყო დაკავშირებული,“ – ამბობს მამუკა არეშიძე.

რეპატრიაციის ე.წ. სამინისტროში ამბობენ, რომ ამ 130 ადამიანს ე.წ. უწყება არ აფინანსებს, თუმცა ნიკა ჩიტაძე ამ გარემოებას ეჭქვეშ აყენებს და ამბობს, რომ რეპატრიანტების დაფინანსება არაოფიციალურად მაინც ხდება ან მოხდება.

„არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩასახლებისთვის მზად არიან, რუსეთმა გარკვეული დაფინანსება გამოუყო. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს 130 ადამიანი აფხაზთა სახლებში უნდა ჩასახლდეს, მათ არც აფხაზური ენა იციან, ეს ენა თვითონ არც აფხაზებმა იციან, მითუმეტეს, სირიისა და იორდანიის ტერიტორიაზე მცხოვრებმა აფხაზური წარმოშობის ადამიანებმა, აფხაზური საიდან უნდა იცოდნენ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ჩიტაძე.

ანალიტიკოსების თქმით, იმ ფონზე, როცა თავად ეთნიკურად აფხაზ მოსახლეობაში რუსეთის მიმართ უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება, რუსეთი ცდილობს, შექმნას იმის იმიტაცია, თითქოს აფხაზებს ეხმარება. გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ სირიამ საქარველოს ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ 29 მაისს აღიარა.

მოგვიანებით, საქართველოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად შეწყდა. ოფიციალური თბილისის, საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლელი პარტნიორების პოზიციაა, რომ ასადის რეჟიმმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის ზეწოლით მიიღო, რითაც დამასკომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები დაარღვია.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც ყურადღება აუცილებლად გასამახვილებელია, არის ის, რომ ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტობის მეოთხე ვადაში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძირითადი ინტერესის სფეროდ და ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კავკასია რჩება, მისი ძირითადი მიზანი კი, პოსტსაბჭოთა სივრცის რაიმე ფორმით ისევ რუსეთის გავლენაში მოქცევაა. თუმცა, პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ პუტინის კიდევ ერთი მიმართულება მოკავშირის, ამ შემთხვევაში აფხაზეთის, გულის მოგებაც იყოს.

ბესლან დბარის გალის რაიონში ვიზიტის დროს მასსა და გალის ე.წ. გამგებელს შორის რეპატრიანტთა ჩასახლების კონკრეტულ თარიღზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მოგვიანებით, როგორც დბარიმ განაცხადა, ზაფხულის ბოლომდე გადაწყდება იორდანიიდან ჩამოსული დიასპორის საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი.

აფხაზეთში ე.წ. სახელმწიფო კომიტეტი რეპატრიაციის საკითხებში 1993 წლის მარტში შეიქმნა ე.წ. რესპუბლიკასა და უცხოურ აფხაზურ დიასპორას შორის ურთიერთობის გასავითარებლად. აღნიშნული უწყება რეპატრიანტებს ადაპტირებაში ეხმარება.

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები