უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე დგას.

აზოვის ზღვაში უკრაინულ ხომალდებსა და რუსეთის გემებს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ შესაძლოა, ქვეყნებს შორის სრულმასშტაბიანი ომის სახე მიიღოს. რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად შეიარაღებული დახმარების გაწევას დაპირდა.

თავად უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს “არც გართობაა და არც თამაში” და უკრაინა სრულმასშტაბიანი ომის საფრთხის წინაშე დგას. ოფიციალურ კიევში აცხადებენ, რომ მოსკოვს სურს, ოკუპირებული დონბასისა და ოკუპირებული ყირიმის დამაკავშირებელი კორიდორი მიიღოს.

„რუსეთმა უკრაინის საზღვართან 80 ათასზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს. პოროშენკოს თქმით, რუსი ჯარისკაცების მობილიზება ხდება ანექსირებულ ყირიმსა და დონბასის სეპარტისტულ ნაწილებშიც.

პოროშენკო პუტინს სამომავლოდ, მთელი უკრაინის მითვისების გეგმის მომზადებაშიც ადანაშაულებს. გერმანულ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ „პუტინის ტყუილების არავის უნდა სჯეროდეს“.

„პუტინს მთელი ძველი რუსეთის იმპერიის დაბრუნება უნდა. მათ შორის, რა თქმა უნდა, ყირიმისაც და დონბასისაც, როგორც საკუთარ თავს „რუს ცარს“ უწოდებს, მისი იმპერია უკრაინის გარეშე ვერ იარსებებს. ის ჩვენ გვხედავს, როგორც საკუთარ კოლონიას,“აცხადებს პეტრო პოროშენკო.

 

სიმპტომები, რომლებიც ხან უკრაინაში ვლინდება, ხან საქართველოში – რა სურს რუსეთს სინამდვილეში?!

 

ერთ-ერთი ვერსია, რისთვისაც შესაძლოა, რუსეთი ემზადებოდეს, ისტორიიდან გამომდინარეობს. არავისთვის არაა საიდუმლო ის, რომ პუტინის სტრატეგიული ამოცანაა, პოსტსაბჭოთა სივრცეზე შეუზღუდავი გავლენა დაამყაროს, უკრაინა კი სწორედ ამ მიზნის მიღწევის კრიტიკული წერტილია.

თავად უკრაინაში ფიქრობენ, რომ რუსეთის მთავარ იდეას წარმოადგენს აზოვის ზღვის ჩაკეტვა და ფაქტობრივად, ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქების დაკავება, როგორებიცაა მარიუპოლი და ბერდიანსკი. ასევე, ამბობენ იმასაც, რომ აზოვის ზღვაში მომხდარი კონფლიქტი არ იყო სპონტანური, პირიქით, რუსები უკრაინულ ხომალდებს სწორედ მაშინ დასხნენ თავს, როდესაც უკრაინული გემები უკან ბრუნდებოდნენ.

ანალიტიკოსები რუსეთის ამ ვერსიას არ ენდობიან. როგორც “ფორტუნას” ბათუ ქუთელიამ განუცხადა, რუსეთის საჯარო განცხადებების  და ვერსიების დაჯერებას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ იტყუებიან და “ტყუილი მათი ჰიბრიდული სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია”. ქუთელია არ თვლის, რომ რუსეთის ამოცანა მხოლოდ უკრაინაა და ეს კონფლიქტი მხოლოდ უკრაინა-რუსეთს შორის დაპირისპირებაა.

“თუნდაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ არის მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის პრობლემა. ეს არის ფართო რუსეთის დაპირისპირება ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროსთან. ეს არის ფასეულობების დაპირისპირება რუსეთისა, ზოგადად, დემოკრატიის და თავისუფლების იდეასთან, რომელზეც აუტანლობა და მიუღებლობა აქვს რუსეთს თავის საზღვრებთან. აქედან გამომდინარე, ეს არის სიმპტომები, რომლებიც ვლინდება ხან უკრაინაში, ხან საქართველოში და ა.შ. ამიტომაც, მე ვთვლი, რომ ამ კონტექსტში განხილვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც საუბარია ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგზე, ერთიანობაში უნდა განვიხილოთ ის პრობლემები, რაც დღეს საქართველოს ან უკრაინას უდგას. სწორედ რუსული აგრესიული რევიზიონიზმის შემადგენელი ნაწილია დიდი, ფართო უსაფრთხოების კონტექსტისთვის, სადაც ჩვენ ყველას საქმე გვაქვს,” – ამბობს “ფორტუნასთან” ბათუ ქუთელია.

ქუთელიას აზრით, უახლოეს პერიოდში რაიმე ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება არ არის მოსალოდნელი, ამ ტიპის ზეწოლას რუსეთი უფრო გამოიყენებს უკრაინაში შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის, ასევე – ე.წ. ფართო სიგნალის გასაგზავნად იმ ქვეყნებში, სადაც მას ინტერესი აქვს – საქართველოსა და მოლდოვაში და ზოგადად, შავ ზღვაზე ე.წ. სამხედრო სტრატეგიული ბალანსის თავისი მიზნებისთვის შესაცვლელად.

“ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი ჰიბრიდული გამოწვევისა და ფსიქოლოგიური ზეწოლისა, უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ შიშით და დემოკრატიული პროცესები ან მცდელობები, რომ სწორი პოლიტიკური პროცესები განვითარდეს ქვეყანაში, შეცვალოს ასეთი ტიპის ზეწოლით – გააძლიეროს პრორუსული ძალები ან გააღრმავოს პოლარიზაცია საზოგადოებაში. პარალელურად, ბუნებრივია, ეს იქნება ფართო სიგანლის გაშვება, რომ შავი ზღვა არის მისი ექსკლუზიური ინტერესების სფერო,” – დასძინა ქუთელიამ.

ნატო-მ, რომელმაც დაგმო რუსეთის მიერ უკრაინული გემების ჩამორთმევა, განაცხადა, რომ ალიანსმა გაააქტიურა თავისი საქმიანობა მოსკოვის ანექსირებული ყირიმის შემდეგ. კრემლში კი ფიქრობენ, რომ პოროშენკოს თხოვნა საზღვაო მხარდაჭერისთვის იყო მიმართული, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში დაძაბულობის გაზრდას.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ უსაფრთხოებასაც. პრობლემის გადასაჭრელად კი, საჭიროა საერთო ევროპული პასუხი – ევროპული დემოკრატიის ერთიანი, თანმიმდევრული, დიდხნიანი პოლიტიკის შემუშავება.

 

ტრამპი-პუტინის შეხვედრა ჩაიშალა – შიდა პოლიტიკური პრობლემები თუ რუსეთ-უკრაინის კრიზისი?!

 

ივლისში დონალდ ტრამპის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან ოფიციალური შეხვედრა ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩატარდა. მაშინ ტრამპი ამბობდა, რომ პუტინთან მრავალ თემაზე ისაუბრა და ფიქრობდა, რომ „ყველაფერი კარგად იქნებოდა.“ პუტინის თქმით კი, მათ მანამდე ჰქონდათ სატელეფონო საუბრები, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. პუტინი მაშინ იმედოვნებდა, რომ შეხვედრა ორი ქვეყნისთვის პოზიტიურ შედეგს გამოიღებდა.

სამიტის დასრულებიდან მალევე დაიგეგმა ორი ქვეყნის ლიდერის მომდევნო შეხვედრა და ის 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით არგენტინაში უნდა გამართულიყო. თეთრი სახლის პრესსპიკერის, სარა სანდერსის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი მაშინ მიიჩნევდა, რომ ივლისის სამიტის შემდეგ კიდევ ერთი სამიტის გამართვა აუცილებელი იყო და დონალდ ტრამპი მზად იყო, მოსკოვში ვიზიტის საკითხი განეხილა.

თუმცა, აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერმა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის გაუქმების საფუძველი ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტია.

„იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ გემები და მეზღვაურები რუსეთიდან უკრაინაში არ დაბრუნებულან, მე გადავწყვიტე, რომ ყველა მხარისთვის კარგი იქნება არგენტინაში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკვე დაგეგმილი შეხვედრა გავაუქმო. მოუთმენლად ველი მნიშვნელოვან სამიტს მას შემდეგ, რაც ეს სიტუაცია მოგვარდება,“ – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.

ოფიციალური მოსკოვი ფიქრობს, რომ ტრამპმა პუტინთან შეხვედრა შიდა მიზეზების გამო გააუქმა. „როიტერსის“ ცნობით, რუსეთს სჯერა, რომ ვიზიტის გაუქმება არაფერ შუაშია აზოვის ზღვის მოვლენებთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„არის პროვოკაცია, რომელიც კიევმა აზოვის ზღვის მიმდებარედ დაიწყო, ის მიზეზი, რის გამოც ვიზიტი გაუქმდა? ჩვენ მოვისმინეთ ოფიციალური ვერსია და მას მხარს ვუჭერთ. მჯერა, რომ პასუხები აშშ-ის შიდა პოლიტიკური სიტუაციით უნდა მივიღოთ,“ – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ამ ფაქტს მალევე საერთაშორისო გამოხმაურებებიც მოჰყვა. გაერო-ს უშიშროების საბჭოში ამერიკის წარმომადგენელმა ძალიან მკაცრი შეფასება მისცა რუსეთის უკანონო ქმედებას. ასეთივე მკაცრია გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პოზიციაც. მერკელის შეფასებით, გერმანია მზად უნდა იყოს უფრო მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

„გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა და რუსეთი საწყის ეტაპზე ჩაატარებენ მოლაპარაკებების რაუნდს ქერჩის სრუტეში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით,“ – დააანონსა მერკელმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანიამ რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა დისკუსიის გამართვა დავების შესახებ და ეს შეთავაზება ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მერკელის თქმით, მოლაპარაკება საკონსულტაციო დონეზე უნდა გაგრძელდეს ნორმანდიის ფორმატში, რომელიც ცდილობს უკრაინის და რუსეთს შორის დაძაბულობის განმუხტვას.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მთავარი მოტივატორი ტრამპის მიერ რუსეთთან შეხვედრის გაუქმებისა, არის ის, რომ რუსეთი არღვევს ყველანაირ საერთაშორისო კონვენციას და თამაშობს წესების გარეშე, საერთაშორისო ურთიერთობებში.

“აქ არის წითელი ხაზი. სწორედ ამის გამო დაუწესდა მას სანქციები და ეს სანქციები კიდევ უფრო იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი არ ამბობს უარს ასეთი ტიპის ქმედებებზე. ეს სანქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი მყისიერი რეაგირებისთვის. მნიშვნელოვანია, ასევე, დიდხნიანი ფასის გადასახდელად რუსეთისთვის, რომ გადაიხადოს ეკონომიკური ფასი, მაგრამ პარალელურად, საჭიროა პოლიტიკურად ძლიერი გზავნილი. პროაქტიული პოლიტიკური გზავნილის გაგზავნა რუსეთისთვის და ამ კუთხით, მე ვთვლი, რომ გარდა იმ ყველაფრისა, რაზეც ანგელა მერკელმაც ისაუბრა, საჭიროა ერთმნიშვნელოვან საკითხზე ზუსტი ნაბიჯების გადადგმა. ეს არის უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. ეს იქნება ყველაზე ძლიერი პოლიტიკური გზავნილი იმისთვის, რომ რუსულ აგრესიულ რევიზიონისტს მოყვება მკაფიო პოლიტიკური ნაბიჯები ნატო-ს გაფართოებისა ამ რეგიონში,” – ამბობს “ფორტუნასთან” ბათუ ქუთელია.

თუმცა, მიუხედავად საერთაშორისო რეკომენდაციებისა, რუსეთს ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ბალი“ გადააქვს. გარდა ამისა, რუსული სპეციალური დანიშნულების მქონე გემი, რომლის ფუნქციაა, საზღვაო ნაღმების აღმოჩენა-განადგურება და გემების გადაყვანის უზრუნველყოფა დანაღმული საზღვაო ტერიტორიებიდან, ამჟამად შავი ზღვიდან აზოვის ზღვის მიმართულებით მიემართება. ამის შესახებ გამოცემა Reuters იუწყება.

სარაკეტო სისტემა „ბალის“ გადატანის ამსახველი კადრები youtube-ზე გავრცელდა. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ მიემართება სამხედრო კოლონა პოლიციელების თანხლებით, სევასტოპოლ-ქერჩის ტრასის მე-15 კილომეტრზე.

შეგახსენებთ, რომ „ბალი“ სანაპირო სარაკეტო სისტემაა, რომელიც 2008 წლიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების სიაში ირიცხება.

თათია კაკიაშვილი

ტეგები: "ფორტუნას" თემები ვლადიმერ პუტინი პეტრო პოროშენკო რუსეთ-უკრაინის კრიზისი რუსეთი-უკრაინა
თათია კაკიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები