LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ქმედებები უკრაინისა და საქართველოს მიმართ ზედმეტად აგრესიულია: ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე

57
turner

ნატო-ს პოზიციაა, რომ რუსეთის ქმედებები თავისი მეზობლების, უკრაინისა და საქართველოს მიმართ ზედმეტად აგრესიულია, – ამის შესახებ თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ პატრიკ ტერნერმა ტალინში „ბუქარესტის ცხრიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პატრიკ ტერნერმა აღნიშნა, უცვლელია ნატო-ს პოზიცია იმასთან დაკავშიებით, რომ რუსეთის ქმედებები მისი მეზობლების, უკრაინისა და საქართველოს მიმართ ზედმეტად აგრესიულია, თუმცა ნატო-ს პოზიცია არ არის მიმართული რუსეთის პროვოცირებისკენ, არამედ ეს არის რეალობის ადეკვატური აღწერა.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობები რუსეთთან ბოლო კრიზისამდე დიდი ხნით ადრე გაუარესდა და მოსკოვსა და ნატო-ს პირდაპირი დიალოგი უკვე 18 თვეა, არ აქვთ.

„ნატო-ში რუსეთის მისიის დახურვა და მოსკოვში ნატო-ს ოფისების დaხურვა არ ნიშნავს, რომ დიალოგი ახლა დასრულდა. ჩვენ ვწუხვართ ამაზე, თუმცა კვლავ ღია ვართ დიალოგისთვის“, – აღნიშნა ტერნერმა.

ტალინში „ბუქარესტის ცხრიანის“ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი. მისი თქმით, შეხვედრაზე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, ასევე საქართველოსა და უკრაინასთან ნატო-ს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

„ძალიან სასარგებლო იყო მინისტრებისგან რუსეთთან მათი მუშაობის გამოცდილების მოსმენა. დღევანდელი მოლაპარაკებების ძირითადი მომენტი ჩემთვის იყო ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი მინისტრების მტიცე მხარდაჭერის და იმის მოსმენა, თუ როგორ შეუძლია ნატო-ს უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება“, – განაცხადა დონფრიდმა.

„ბუქარესტის ცხრიანი“ 2015 წელს შეიქმნა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ და მასში შედიან პოლონეთი, რუმინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი.

პოპულალურები