LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულ ემბარგოს ვაჯობეთ – 10 თვეში 8 მილიონზე მეტი მოგზაური მივიღეთ

126
turists

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში პირველად ისტორიულ 8 მილიონს გადააჭარბა და 8 020 230 შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6 647 866 შეადგინა (ზრდა 6.2%-ია), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ – 4 429 601 (ზრდა 6%).

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, რუსეთიდან ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობამ 1 324 226 შეადგინა, რაც 6%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 984 533 შეადგინა ანუ 1.9%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით. მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში, ზრდის ტემპების გარკვეული შემცირებისა, ჯამში, ტურიზმის სფეროში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა და ძლიერდება.

„რუსეთის მიერ საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ყოველდღიური სამუშაო იყო მინიმუმამდე დასულიყო ის ზარალი, რომელიც კერძო სექტორს და მთლიანად ქვეყანას მიადგა. კერძოდ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანიები ჩაატარა აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, საუდის არაბეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, უზბეკეთში, ყაზახეთში და სხვა. იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულებისადმი ინტერესი მაღალია და ტურისტები გამოირჩევიან სწრაფი გადაწყვეტილების მიღებით. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიურად იმუშავა, რათა ერთი ბაზრიდან მიღებული დანაკარგი მაქსიმალურად შევსებულიყო სხვა ტურისტული ბაზრებიდან ზრდით“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში.

სად მიფრინავენ ქუთაისიდან ყველაზე ხშირად - 5 ყველაზე პოპულარული მიმართულება

განსაკუთრებით მოთხოვნადია გერმანული და პოლონური ქალაქები

მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაცია აგრძელებს კამპანიებს ისრაელში, გერმანიაში, უკრაინაში, ქუვეითსა და პოლონეთში. საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია გრძელდება National Geographic-სა და Google-ზე. CNN-ზე წლის ბოლომდე გრძელდება მასშტაბური კამპანია, რომელიც მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინგვერდებს. კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი Discover Georgia დამზადდა.

სარეკლამო კამპანიები ტარდება სხვა გავლენიანი საერთაშორისო მედიით და ონლაინპლატფორმებით. პარალელურად, ვმასპინძლობთ მსოფლიოში მაღალრეიტინგული მედიასაშუალებების ასობით წარმომადგენელს.

დეტალური სტატისტიკა კი ასეთია: ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების ზრდა შეინიშნებოდა – ესტონეთი +79.1%, საფრანგეთი +51.4%, გერმანია +43.6%, პოლონეთი +43%, გაერთიანებული სამეფო +31% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ყაზახეთი +139.4%, ყირგიზეთი +66.7%, ჩინეთი +58.9%, ისრაელი +56.9%, საუდის არაბეთი +44.9% და სხვა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა ამ ქვეყნებიდან: სომხეთი (+12.7%), აზერბაიჯანი (+7.7%), რუსეთი (-15.2%) და თურქეთი (+16.9%).

რაც შეეხება შემოსავლებს, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ოქტომბრში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.8 მილიარდ დოლარს (ზრდა +0.9%), რაც 25 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები