LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაში დამოკიდებულება იქნება მკაცრი – დიმიტრი ხუნდაძე

115

პარლამენტის ჯანადაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა სააფთიაქო სექტორში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ სხვაგან, უმკაცრესი იქნება.

დეპუტატის განცხადებით, სერიოზულად და ობიექტურად შესწავლას საჭიროებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძის დაკავებასთან დაკავშირებული საქმე.

“ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის სწორად წარმართვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოგამსაღებლებთან ბრძოლა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი დიდი პრობლემაა სააფთიაქო ნარკომანია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ იქნება ძალიან მკაცრი დამოკიდებულება. შს სამინისტრომ არაერთხელ გამოავლინა შავ ბაზარზე სხვადასხვა მეთოდებით მონაწილე პირები. ეს პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა 2013 წლიდან დავიწყეთ, როცა შემოვიდა სარეცეპტო რეფორმა. ამ გზაზე სამართალდარღვევის არა ერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. დღეს სამწუხარო ფაქტთან გვაქვს ადგილი, როცა სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობაში პასუხისმგებელი პირები არიან ეჭვმიტანილი. მჯერა, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად. პასუხისმგებელი პირები ხელს უნდა უწყობდნენ ამ სექტორის გაჯანსაღებას და არა სააფთიანო ნარკომანიის ჩამოყალიბებას. აქ დამოკიდებულება იქნება მკაცრი,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები