ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან შეკრებას ლიეჟში „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი აფასებს.

უსუფაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით არის დაკავებული. მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლება და კეთილდღეობა აღელვებს.

„მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ მას შემდეგ დაკავებულია ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით.

მან ჯერ საქართველოში დაამტკიცა, რომ არაფრად უღირს არაფერი, გარდა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა და კეთილდღეობისა. შემდგომ უკრაინაში დაადასტურა იგივე და ახლა ლიეჟში, ზიმბაბვეში და სხვაგან, ყველგან შეეცდება ამის გაკეთებას,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს გუშინ შეხვდა. შეხვედრაზე სააკაშვილის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ. ისინი დარბაზში არ შეუშვეს, რასაც ინციდენტი მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები