LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი – ვეთანხმები რეგიონებში გასვლას და ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას, რომლის მიზანი იქნება შეკრება და არდაშლა, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება

204
1

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს.

სააკაშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ ივანიშვილის “რაც გინდა ის უწოდეები”, რომ ქვეყანაში არჩევნები არ იქნება, რიგგარეშე არჩევნები მით უფრო სწრაფად ჩატარდება.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის ეთანხმება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ რეგიონებში გასვლას და საერთო ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას, რომლის მიზანიც შეკრება და არდაშლა იქნება:

“ივანიშვილის პრემიერის დღევანდელი ცინიზმი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – მათ მთლიანად აქვთ დაკარგული რეალობის გრძნობა და მათგან მხოლოდ ცუდს უნდა ველოდოთ.

რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ ივანიშვილის “რაც გინდა ის უწოდეები”, რომ ქვეყანაში არჩევნები არ იქნება, მით უფრო სწრაფად ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ქართველმა ხალხმა უკვე ბოლო სამ არჩევნებზე გასცა რეჟიმს პასუხი და ვინაიდან არჩევნები, როგორც ინსტიტუტი გაუქმებულია, ამჯერად უპასუხებს ძალიან მძლავრი, სამოქალაქო პროტესტით ქუჩაში – 14 ოქტომბერი ამის მხოლოდ პირველი მერცხალი იყო.

ხალხის გატაცებასა და ძარცვას ბოლო მოეღება და საქართველო ისევ დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას. ქართველები შეძლებენ თავიანთ ქვეყანაში ღირსეულ, მაღალანაზღაურებად დასაქმებას. ბოლო მოეღება უსამართლობას და არავის არასდროს დაისვამენ თავზე. ამ უმძიმესი კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს, ერთადერთი სწორი გამოსავალია საზოგადოების გაერთიანება და რიგგარეშე არჩევნების, რაც შეიძლება სწრაფი დანიშვნა.

ვეთანხმები “ნაციონალური მოძრაობის” მიერ რეგიონებში გასვლას და ასევე, საერთო ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას, რომლის მთავარი მიზანი იქნება შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და მე არ შემეძლება უკანონო ტყვეობიდან გარეთ გასვლა.

საარჩევნო კამპანიაში ჩემი მონაწილეობის და ხალხის მობილიზების პირობებში (რასაც ჩვენ ვგეგმავთ) საქართველოს საზოგადოება დიდი უპირატესობით მოიგებს რიგგარეშე არჩევნებს. დღევანდელი დღის შემდეგ მთელ საქართველოს უნდა გავაგებინოთ, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს”, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები