LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა შესაძლოა შიმშილობა განაახლოს – რა ულტიმატუმს აყენებს ყოფილი პრეზიდენტი

184
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა შიმშილობა განაახლოს. მესამე პრეზიდენტი პროტესტის უკიდურეს ზომას იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში კონსილიუმის მედიკოსებს, ასევე პირად ექიმს არ შეუშვებს. 

ამავე მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროსთან სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს და თქვეს, რომ მათი მოთხოვნაა, პენიტენციურმა სამსახურმა რაც შეიძლება მალე მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის შეშვებასთან დაკავშირებით.

მათი განცხადებით, ნიკოლოზ ყიფშიძისთან დაკავშირებით, მოთხოვნა 1 თვის წინ დააყენეს, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის ექიმს ციხეში შესვლისა და პაციენტის მონახულების უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ. მოძრაობა „მიშას სექტორის“ წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ასევე განაცხადეს, რომ აქცია-მსვლელობები დღის ბოლომდე, სხვადასხვა ადგილებზე კიდევ გაიმართება.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამაც გააკეთა და თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება.

სააკაშვილის მონახულებისა და რუსთავის დაწესებულების დატოვების შემდეგ მან ასევე თქვა, რომ მიუხედავად არაერთხელ დაყენებული მოთხოვნისა და მზაობისა, ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოელი ექიმების დაშვებაზე, ჯერჯერობით თანხმობა არ გაცემულა.

ნაყოფიას ინფორმაციით, სააკაშვილთან ულტიმატუმის შესახებაც ჰქონდა საუბარი. როგორც ენმ-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა, სრულად ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

„ნუ ექნებათ ილუზია, რომ ეს ამბავი ასე მარტივად ჩაივლის. ულტიმატუმი არსად გამქრალა, ამის შესახებ ის განცხადებას თავად გაავრცელებს, ხოლო რა ფორმით მოხდება სააკაშვილის მხრიდან პროტესტის გამოხატვა, უახლოეს დღეებში გაიგებთ“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები