LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო კლიპში მერია წელს ბევრად მეტ თანხას გადაიხდის

156
78845133-2508490282759740-4705451145978445824-o

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად თბილისის მერია აქტიურად ზრუნავს ქალაქის მორთვაზე და შესაბამისი ღონისძიებების მომზადებაზე. წელსაც, ტრადიციულად, საახალწლო ვიდეოკლიპის გადაღება იგეგმება. როგორც ირკვევა, თბილისის მერიამ კლიპის მომსახურება უტენდეროდ შეიძინა და მასში ბიუჯეტიდან 125 000 ლარს გადაიხდის.

ამ საკითხით არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ დაინტერესდა და ქალაქის მერიისგან ინფორმაცია გამოითხოვა. ორგანიზაციის განმარტებით, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. “ფლანგვის დეტექტორის” ცნობით, წინა წელთან შედარებით, წლევანდელ გადაღებებში მერია ბევრად მეტ თანხას გადაიხდის.

 

 

„წლევანდელი ვიდეოს გადაღებისა და დამზადების ფასი აღემატება წინა წლებისას – 2019 წლის ორი საახალწლო კლიპის გადაღებაში მერიამ მთლიანობაში 150 000 ლარი დახარჯა, 2018 წლის საახალწლო კლიპის გადაღებაში კი 115 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო ვიდეოს გადაღებისა და დამზადების მომსახურება მერიამ წინა წლების მსგავსად უტენდეროდ შეიძინა. გასულ წელს, უტენდეროს შეძენის გადაწყვეტილება მათ იმით ახსნეს, რომ მუდმივად იცვლება მოთხოვნები და ამიტომ ძნელია წინასწარ განსაზღვრო, რა უნდა შეუკვეთო კომპანიას.

საინტერესოა ისიც, რომ 2018 წლის საახალწლო ვიდეოს გადაღება თბილისის მერიამ შპს “ბეთერფლაის” დაუკვეთა. მაშინ და ახლაც აღნიშნული შპს-ს მფლობელი დავით ჯაში იყო, რომელმაც 2016 წელს “ქართულ ოცნებას” ფული შესწირა. ჯერჯერობით უცნობია, იგივე კომპანია იღებს თუ არა წლევანდელ საახალწლო კლიპს“, – აღნიშნავენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

რადიო „ფორტუნა“ თბილისის მერიას დაუკავშირდა და მათგან კითხვებზე პასუხი მოისმინა. უწყების განმარტებით, შემოთავაზებული სხვადასხვა ვარიანტებიდან ყველაზე იაფზე შეაჩერეს არჩევანი. მათივე განმარტებით, წელს ვიდეოკლიპს სხვა კომპანია გადაიღებს.

„საახალწლო კლიპის გადასაღებად ფინანსური რესურსი გამოიყო ნოემბრის შუა რიცხვებში. გარკვეული დრო დასჭირდა ბაზრის კვლევას. დარჩენილი დრო აღარ იყო საკმარისი, ჯერ კონცეფციის შესყიდვისთვის კონკურსის ჩასატარებლად და შემდგომ ამ კონცეფციის შესრულებისთვის ტენდერის გამოსაცხადებლად. საახალწლო კლიპის ღირებულება განისაზღვრა ბაზრის კვლევის შედეგად. სამმა სარეკლამო კომპანიამ მოგვაწოდა შემოთავაზება და ფინანსური დასაბუთება. სააგენტოს მხრიდან შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით განისაზღვრა შესყიდვის საორიენტაციო ღირებულება“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები