LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო კამპანია პირბადეებით და სოციალური დისტანციის დაცვით – შეცვლის თუ არა პანდემია ამომრჩეველთან მოქცევის წესებს

184
may8nesw43546

ხელისუფლება რომ კორონავირუსის პანდემიას თავის სასარგებლოდ იყენებს და შეზღუდვებსაც იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენიც მისთვის იქნება ხელსაყრელი, ამაზე ექსპერტულ წრეებში უკვე ღიად საუბრობენ. ახლა მთავარი შეკითხვა ჩნდება – როგორ და რა ფორმით ჩატარდება არა მხოლოდ არჩევნები, არამედ წინასაარჩევნო კამპანია. მმართველი გუნდი გვპირდება, რომ ივლისიდან აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, თან არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს. შეზღუდვების სრულად გაუქმების შემთხვევაშიც, გაუგებარია, როგორ აპირებენ პოლიტიკოსები კამპანიის ჩატარებას, ივლიან თუ არა კარდაკარ, პირადად შეხვდებიან თუ არა ამომრჩევლებს, მოაწყობენ თუ არა აქციებს – სწორედ ამას გულისხმობს საარჩევნო კამპანია. ამ ყველაფერზე “ქართულ ოცნებას” ჯერ პასუხი არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ “ოცნებამ” კამპანია უკვე დაიწყო – კრონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ოპოზიცია სწორედ წინასაარჩევნო კამპანიად მიიჩნევს. რადგან მმართველმა გუნდმა ჯერ არ იცის, ზუსტად რას იზამს ივლისიდან, ჩვენ აზრი ექსპერტებს და ოპოზიციას ვკითხეთ.

პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, ეს მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდება.

მმართველი გუნდი, თან წინასაარჩევნო კამპანიის თარიღს ასახელებს, თან საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე საუბრობს, ეს რას ნიშნავს თქვენთვის?

– საგანგებო მდგომარეობაზე ხელისუფლება უფრო პოლიტიკური მიზნებისთვის ფიქრობს, ვიდრე ეპიდემიიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ეს ორი თვით გახანგრძლივებაც კი საკამათოა. დღეს ობიექტური ვითარება გვაფიქრებინებს, რომ არსებული სიტუაცია ამ ფორმით არ უნდა გაგრძელდეს. შეიძლება გარკვეული შეზღუდვები დარჩეს, მაგრამ არა – საგანგებო მდგომარეობა. ყველა ქვეყანაში,  მათ შორის იქაც, სადაც უფრო რთული ვითარება იყო, დაიწყო გახსნა და შეზღუდვების მოხსნა. ამიტომ თუ საქართველოს  ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ არსებული რეჟიმი ისევ გააგრძელოს, ე.ი. მას რაღაც პოლიტიკური მოტივები ექნება არჩევნებთან დაკავშირებით.

და რა მოტივები ექნება, ამ ვითარებაში როგორ მოახერხებს სრულყოფილი კამპანიის ჩატარებას, ხალხს თუ ვერ შეხვდება პირისპირ, კარდაკარ ვერ ივლის?..

– ჯერჯერობით, ამ ვითარებაში, რაც ქვეყანაშია, ვერანაირი კამპანია ვერ ჩატარდება. ამასთან დაკავშირებული ვერც ერთი ღონისძიება ვერ გაიმართება. შეიძლება ივლისისთვის ვითარება შეიცვალოს და მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს, მაგრამ წინასწარ საუბარი რთულია. ნებისმიერი პარტია ვალდებული და იძულებული იქნება, მოერგოს იმ ვითარებას, რომელიც იმ მომენტში იქნება ქვეყანაში.

 

რადიო “ფორტუნას” ექსპერტების ნაწილმა ისიც უთხრა, რომ პარტიებმა სიტუაციის შესაბამისად უნდა იმოქმედონ და ამომრჩევლებს იმ წესების დაცვით შეხვდნენ, რაც პანდემიის პერიოდშია გათვალისწინებული.

ჩვენ ოპოზიციურ პარტიებსაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ თუ შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება და საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება, საარჩევნო კამპანიას ხელს არაფერი შეუშლის.

ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, გარკვეული წესების დაცვით მოუწიოთ ამომრჩევლებთან შეხვედრა, მათ შორის აპირებენ, დაიცვან სოციალური დისტანცია და შეხვედრებისას გამოიყენონ პირბადეები. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რთული იქნება ხალხმრავალი შეკრებების მოწყობა, ნაწილი კი ფიქრობს, განსაკუთრებული აქცენტი სოციალური ქსელით კომუნიკაციაზე გააკეთოს. 

ახალ საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი თამთა შამათავა გვეუბნება, რომ 2020 წლის არჩევნები წინა არჩევნების მსგავსი არ იქნება.

“ეს არჩევნები იქნება სრულიად განსხვავებული. წინაასარჩევნო კამპანიაც ვერ იქნება ტრადიციული. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ვიპოვოთ მოქალაქეებთან მისასვლელი ახალი გზა, უნდა ვიფიქროთ, როგორ გავხადოთ მოქალაქეებთან კომუნიკაცია უფრო ეფქტური.

ცხადია, მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კამპანიის დროს, თუმცა  შესაძლოა, პანდემიის გამო ამის საშუალება არ მოგვეცეს. ამიტომ, ვფქირობ, მეტად მოგვიწევს ამომრჩეველთან ტელევიზიით, ინტერნეტით კომუნიკაციის დამყარება და ინფორმაციის მიწოდება. ჩვენმა გუნდმა უკვე დაიწყო ამ სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობა.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს არ ეხებოდეს და პირობები ყველასთვის თანაბარი იყოს. ეს იქნება დიდი გამოწვევა, რადგან უკვე ვხედავთ, როგორ იყენებს ხელისუფლება არსებულ კრიზისს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის.

გახარიას ე.წ. ანტიკრიზისული გეგმით, “ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია. ვფიქრობ, მნიშნველოვანია, ოპოზიციამ ერთობლივად ვიმუშავოთ ამ მიმართულებით და ხელისუფლებას არ მივცეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩეველზე ზეწოლის და  მანიპულაციების საშუალება”, – ამბობს “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი თამთა შამათავა.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიების ნაწილს გარკვეული გეგმა და ხედვა აქვს ჩამოყალიბებული, როგორ და რა ფორმით უნდა ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში, ჯერ კიდევ არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი – ხომ არ გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, რა ბერკეტები და რესურსები აქვს მმართველ გუნდს და ხომ არ არის მკვეთრად გამოხატული არათანაბარი მდგომარეობის რეჟიმში ოპოზიცია და რას იზამს საბოლოოდ ხელისუფლება.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული, ქვეყანაში ჯერჯერობით მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი, თუმცა შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და შემდეგი ეტაპი უკვე 11 მაისიდან დაანონსდა. არჩევნები კი 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები