LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადა“ – კალათბურთელმა მეგობრებმა პირბადეების ახალი ქართული ბრენდი შექმნეს

682
130512309-1078849392536950-8885119549387322995-n

„სადა“ – ასე ჰქვია, ქართული წარმოების პირბადეების ახალ ბრენდს, რომელიც ორმა კალათბურთელმა მეგობარმა შექმნა. ორიგინალური დიზაინის პირბადეები ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანზეა გათვლილი. პროდუქციის რეალიზაცია ჯერჯერობით სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება, თუმცა „სადას“ შემქმნელებს დიდი გეგმებით აქვთ.

როგორ გაჩნდა „სადას“ ბრენდის ქვეშ პირბადეების წარმოების იდეა და რითია ახალი ქართული ბრენდი, ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან, გამორჩეული – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ფორტუნა“ კალათბურთელ მეგობრებს საბა შარაშიძეს და დაჩი მხეიძეს ესაუბრა.

როდის გამოჩნდით ბაზარზე და სად ხდება „სადას“ პირბადეების რეალიზაცია?

დავიწყოთ თავიდან: 2018 წელს, სტარტაპ „ანბანმა“ გამოაცხადა კონკურსი, სადაც მივიღეთ მონაწილეობა და გავხდით ერთ-ერთი გამარჯვებულები. იმის გამო, რომ ჩვენ 8 წლიდან ვთამაშობთ კალათბურთს, მაშინ გვქონდა იდეა და შევქმენით ცნობილი კალათბურთელების სახის ნიღბები. იქ გვიტარდებოდა ტრენინგები, როგორ შეგვექმნა საკუთარი კომპანია და როგორ განგვევითარებინა ის. ასევე მოგვეცა შესაძლებლობა, გამოგვეტანა და გაგვეყიდა „ფაბრიკაში“ „სტარტაპ ანპანის“ საშობაო ბაზრობაზე ჩვენი ნიღბები, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. სწორედ ამ პროექტის შემდეგ, შევქმენით ჩვენი ბრენდი და  სულ ვფიქრობთ ახალ-ახალ იდეებზე. დღეს ჩვენი პირბადეები იყიდება სოციალური ქსელის და მეგობრების დახმარებით.

– რატომ „სადა“?

ჩვენ ვართ ბავშვობის მეგობრები,  საბა და დაჩი, ამიტომ ჩვენს ბრენდს დავარქვით „სა-და“, ანუ ჩვენი ინიციალები და ასევე გვიყვარს ყველაფერი, რაც სადაა…

როგორ გაგიჩნდათ პირბადეების წარმოების იდეა?

პანდემიის პერიოდში, „თბილისის ბასკეტს“ (კალათბურთის გუნდია, რომელშიც ჩვენ ვთამაშობთ) ჰქონდა ინტეგრირებული შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან. ამ შეხვედრა-თამაშის დროს, ყველაზე ახლო შეხება გვქონდა ერთ-ერთ 17 წლის ბიჭთან. იქვე გავიგეთ, რომ ამ ბავშვს მუდმივად სჭირდება ძალიან ბევრი მედიკამენტი და მკურნალობა. ამიტომ, ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ მოდი რამე გავაკეთოთ ისეთი, რომელსაც გავყიდით და ამ ბავშვსაც დავეხმარებით. ახალი წლის მოსვლა რომ მოახლოვდა, გადავწყვიტეთ, დღეს ყველაზე საჭირო ნივთის – პირბადეების შექმნა ხარის პრინტით, რადგან 2021 ხარის წელიწადია და თან, ჩვენთვის ასოცირდება სიძლიერესთან და თავისუფლებასთან. ასე რომ, თითოეული პირბადის შემოსავლიდან 10% გადაერიცხება ამ ბიჭს.

რითი გამოირჩევა „სადა“ ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან?

ეს თავად მომხმარებლებს ვკითხოთ. თუმცა, ვცდილობთ, გვქონდეს კარგი ხარისხი და შევქმნათ ოპტიმისტური და იმედისმომცემი პროდუქტი, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით.

– რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენ მიერ წარმოებული ირბადეები?

პირბადეები გათვლილია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანებზე. თუმცა, აქაც ვაფიქსირებთ ჩვენ სიყვარულს კალათბურთის და ზოგადად, სპორტის მიმართ და ასევე შევქმენით სპორტის მოყვარულთათვის სპეციალური, წარწერებიანი პირბადეც.

-სამომავლოდ, თუ გეგმავთ პირბადეებთან ერთად, სხვა სახის პროდუქციის წარმოებასაც?

რატომაც არა, გვაქვს საინტერესო გეგმები და რაც მთავარია, გვჯერა, რომ 2021-ში ჩვენი იდეები პანდემიას აღარ დაუკავშირდება.

დამატებითი ინფორმაცია “სადას” შესახებ, იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები