LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ემანუელ მაკრონი

ემანუელ სალომეა

საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას იმ საზღვრების ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ელისეს სასახლეში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ემანუელ მაკრონმა პირისპირ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა და ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ბუნებრივია, მე კიდევ ერთხელ გავუმეორე ქალბატონ პრეზიდენტს, რომ საფრანგეთი აუცილებლად და სრულად უჭერს მხარს საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას იმ საზღვრების ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა,“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში პრობლემები ერთობლივი ძალებით უნდა გადაიჭრას.

„ჩვენ პოლიტიკურად ვიღებთ ვალდებულებას, რაც გვაქვს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებთან მიმართებაში და ჩვენ შევეცდებით, რომ ერთობლივი ძალებით შევძლოთ ამ პრობლემების გადაჭრა,“ – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს.

„შევეხეთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს, ასევე უსაფრთხოების საკითხებს შავი ზღვის რეგიონში და ჩვენი მოსაზრებები ამ კუთხით ერთმანეთს ემთხვევა. გვსურს, საფრანგეთი აქტიური მონაწილე და მხარე იყოს იმ თანამშრომლობაში, რომელიც შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობას ეხება. ამ კუთხით კავშირებს გავაძლიერებთ,“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მან ქართველი კოლეგისგან მიწვევა მიიღო და ბედნიერი იქნება, საქართველოს ესტუმროს.

„ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ მე დამპატიჟეთ საქართველოში და რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები, ვუპასუხო თქვენს ამ მოწვევას და გეწვიოთ საქართველოში,“ – მიმართა ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილს ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საფრანგეთში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებით მხარეები ერთობლივად იმუშავებენ.

„ქალბატონი პრეზიდენტო, თქვენ ძალიან კარგად, მოგეხსენებათ, რომ აქ მხოლოდ მეგობრები გყავთ. ასე რომ, ჩვენთვის დიდი ბედნიერება არის მივიღოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის არც თუ ისე დიდი ხნის წინ არჩეული პრეზიდენტი,“ – მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას და აღნიშნა, რომ საფრანგეთი მისი მიღებით ყოველთვის მოხარული იქნება.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრა დღეს ელისეს სასახლეში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ამასთან,  ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაარსების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები