LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

177

საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ეროვნულ დღესასწაულს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ულოცავს. ამასთან დაკავშირებით მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტს მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და მთელ ქართველ ხალხს და გულმხურვალედ გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის მეგობრული განწყობა თქვენი ქვეყნისადმი და ჩემი მისწრაფება, მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდეს ძმური ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის.

თქვენი ეროვნული დღესასწაული წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამ დღეს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ჟან–ივ ლე დრიანი ამ დღეს თქვენს გვერდით აღნიშნავს თბილისში.

ეს მოვლენა ნაწილია 1918 წლის ასი წლისთავის კოლექტიური მოგონებისა, იმ კონფლიქტის გახსენებისა, რომელმაც დაანაწევრა ევროპის კონტინენტი, ასევე ახალი სახელმწიფოების წარმოქმნის აღნიშვნისა. საქართველო, როგორც რესპუბლიკა, სწორედ მაშინ გამოჩნდა საერთაშორისო არენაზე, თუმცა, ამავდროულად ეს იყო უძველესი კულტურის მქონე ერის დამოუკიდებლობის აღდგენა.

იმ არეულ ეპოქაში საქართველოს დამოუკიდებლობამ, სამწუხაროდ, დიდხანს ვერ გასტანა. მე დიდად ამაყი ვარ იმ მიღებით, რომელიც საფრანგეთმა გაუწია საქართველოს გადასახლებაში მყოფ მთავრობას 1921 წელს. ლევილ სურ ორჟის მამული, რომელიც თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა 2016 წელს, მოწმეა იმ ეპოქისა, როდესაც ჩვენმა რესპუბლიკებმა ასეთი სოლიდარობა გამოიჩინეს ერთმანეთის მიმართ.

ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მყარი მეგობრული კავშირის ნათელი დადასტურებაა ქართული და ფრანგული სამხედრო კონტინგენტების მეგობრობა, რომლებიც გვერდიგვერდ იბრძვიან სამშვიდობო ოპერაციებში, როგორც ეს ახლახან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იყო.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საფრანგეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის, ევროგაერთიანებასა და ნატოს-თან თქვენი პარტნიორობის მხარდაჭერას, თქვენი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობას”, – აღნიშნულია ემანუელ მაკრონის მისალოც წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები