LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო მდგომარეობის დროს, ქვეყანა, ფაქტობრივად, სამედიცინო რეცეპტებით იმართებოდა: საიას ანგარიში

177
1

“მთავრობა ორდინარულ და საგანგებო მდგომარეობაში – გაუმჭვირვალობა, მოუმზადებლობა და რეცეპტები” – ამ სახელწოდების კვლევის შედეგებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს. 

კვლევა 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის საქმიანობას შეისწავლის.

217-გვერდიან კვლევაში ყურადღება გამახვილებულია იმ ხარვეზებზე, რომლებიც არა მხოლოდ მთავრობის ფუნქციონირების ოპერაციულ, არამედ ნორმატიულ დონეზეც გამოიკვეთა.

❗   საიას ანგარიშის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საქართველო მოუმზადებლად შეხვდა არა მხოლოდ კანონმდებლობის, არამედ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც, რამაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ადამიანის უფლებებში ინტენსიური და არასასურველი ფორმით ჩარევა გარდაუვალი გახადა.

❗   ანგარიშის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობისას კაბინეტის საქმიანობა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა, მიღებული გადაწყვეტილებები კი ძირითადად ეპიდემიოლოგების მოსაზრებებს ეყრდნობოდა და ქვეყანა ფაქტობრივად სამედიცინო რეცეპტებით იმართებოდა.

❓  ასოციაციაში დაინტერესდნენ, იცავდა თუ არა კაბინეტი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარებული წესის მიუხედავად, რამდენად შეძლო მან ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის თუ უკუკავშირის უზრუნველყოფა.

ანგარიში ორი ნაწილისგან შედგება:

➤   პირველი ნაწილი აღწერს მთავრობის საქმიანობას ორდინარულ ვითარებაში.

“ავტორებმა შეისწავლეს კაბინეტის, პრემიერის, მინისტრების და სპეციალური ორგანოების სტატუსი, უფლებამოსილებები და გადაწყვეტილების მიღების წესი, აგრეთვე მათი ურთიერთდამოკიდებულება როგორც ნორმატიული ჩარჩოს, ისე de facto სურათის გათვალისწინებით”.

➤   დოკუმენტის მეორე, და მთავარ ნაწილში შეფასებულია კაბინეტის საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის 2-თვიან პერიოდში.

“განხილულია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე გავლილი გზა, წინაპირობები, სხვადასხვა სამთავრობო აქტორის, მათ შორის, უწყებათაშორისი საბჭოსა და ოპერაციული შტაბის საქმიანობა. კვლევის ორივე ნაწილის ერთიანი ანალიზის შედეგად იკვეთება მოდელი, რომლითაც საქართველო სარგებლობს როგორც ორდინარული, ისე საგანგებო მდგომარეობის დროს, ასევე, ტრანსფორმაცია ერთიდან მეორეზე”.

საიას ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობამ პანდემიის სამართავად არ გამოიყენა (ან სათანადოდ არ გამოიყენა) ნორმატიულ ან ფაქტობრივ დონეზე უკვე არსებული, სპეციალურად კრიზისების მენეჯმენტისთვის გათვალისწინებული ორგანოები და შექმნა ახლებური დროებითი სისტემა, რისი საჭიროებაც კვლევის არცერთ ეტაპზე არ დადასტურდა.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მსჯელობის ეტაპზე ადამიანის უფლებების დამცველი სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების ჩართულობის მექანიზმი არ არსებობდა.

“პროცესიდან ფაქტობრივად გამორიცხული იყო პარლამენტიც. დახურულ კარს მიღმა საქმიანობა და საზოგადოებისთვის მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებების წარდგენა კვლევის ავტორების მიერ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დამაზიანებელ ფაქტორადაა შეფასებული.” – აღნიშნულია ანგარიშში.

საიას მიერ მომზადებულ დოკუმენტში ხარვეზების იდენტიფიცირების პარალელურად, შემოთავაზებულია რეკომენდაციები და საქმიანობის გაუმჯობესების გზები, მათ შორის, შესწავლილი 9 სახელმწიფოს გამოცდილებასა და კარგ პრაქტიკაზე დაყრდნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები