LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება: “მოქალაქეებთან ჯარიმების ენით საუბარი არ უნდა გვჭირდებოდეს“

93
MEZVRISHVILI

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მკაცრი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„დღეს გამოვლინდა 218 შემთხვევა. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ორი მოქალაქე. გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს თამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვითარება ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ამისთვის უწყებათაშორისი საბჭო, მთავრობის თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშებიც მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. შეიძლება იყოს მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ამა თუ იმ რეგიონში ეპიდვითარებაზე“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

როგორც მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე მოქალაქეებმა რეგულაციები ჯარიმების დაწესების გარეშეც უნდა დაიცვან.

„ვხედავთ წესების დარღვევის შემთხვევებს. საკმაო პერიოდია გასული, რაც პანდემიასთან ვიბრძვით ჩვენს მოქალაქეებთან ერთად და იმ პირობებში, როდესაც ბევრი რამ ვისწავლეთ, არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენს მოქალაქეებთან ჯარიმების ენით საუბარი. ჯარიმების გარეშეც, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, რომ პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას უნდა ვიცავდეთ.

რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, თითოეული ჩვენგანი რამდენად დაიცავს წესებს. როდესაც ვსაუბრობთ პირბადის ტარების, ასევე დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე, ისე, არასაჭირო შეკრებებისგან თავის შეკავების აუცილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის წინდაუხედავობა კავშირშია ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან, ამიტომ ყველაფერი ამისგან თავი უნდა შევიკავოთ და მაქსიმალურად დავიცვათ წესები”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები