LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება დავით გარეჯთან დაკავშირებით: საკითხის გადაწყვეტას დრო სჭირდება

117
david-gareji-monastery-complex-in-tbilisi-354135

კომუნიკაცია მიმდინარეობს ძალიან პარტნიორულ ატმოსფეროში, თუმცა ვიცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო სჭირდება, – ასე გამოეხმაურა  საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან დავით გარეჯის ტერიტორიაზე უდაბნოს მონასტრის გადაკეტვას. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ყველამ ემოციური ქმედებებისა და განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა, რის შესახებაც, როგორც საგარეო უწყებამ, ისე სასაზღვრო დაცვის შესაბამისმა სამსახურმა, ჩვენს კოლეგებს მივმართეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია. ვმუშაობთ საკითხის დარეგულირებაზე, რომ შეუფერხებლად მოხდეს პილიგრიმებისა თუ ტურისტების გადაადგილება. კომუნიკაცია მიმდინარეობს პარტნიორულ ატმოსფეროში, თუმცა იცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან, ეს პროცესს ნამდვილად არ წაადგება.  ჩვენ პერმანენტულად ვითხოვთ, როგორც მოცემულ მონაკვეთზე, ისე საყდრის მთელ პერიმეტრზე ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. იმედი გვაქვს, აზერბაიჯანული მხარე გაგებით და კონსტრუქციულად მოეკიდება ამ საქმეს“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

რაც შეეხება დელიმიტაციას, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საზღვრის ორი მესამედი შეთანხმებულია, დანარჩენ ერთ მესამედზე მუშაობა გრძელდება.

„იცით, რომ გარკვეული პაუზა იყო, იმის გათვალისწინებით, რადგან კომისიების განახლება უნდა მოხდეს, როგორც აზერბაიჯანულ, ისე ქართული მხრიდან და ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

დავით გარეჯში აზერბაიჯანელები სასულიერო პირებს არ უშვებენ

შეიძლება ასე ყველამ თავზე გადავლა დაგვიპიროს... რატომ დაიძაბა ვითარება?

შეგახსენებთ, უკვე მესამე დღეა, აზერბაიჯანელებმა დავით გარეჯის მონასტერი ჩაკეტეს.ინფორმაციას ამის შესახებ დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები