LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის დამატებითი სანქციები დაწესდება – პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს

266
7777

თვითიზოლაციისა და საკარანტინე რეჟიმის დარღვევისთვის საქართველოში, ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, მკაცრი სანქციები არ დაწესებულა. ბოლო კვირის განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც სამედიცინო პერსონალს სამართალდამცველების დახმარება სჭირდება, რომ  “ურჩ მოქალაქეებს” გაუმკლავდეს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყდა, რომ საკითხთან მიმართებაში რეგულაციები სავალდებულოც უნდა გახდეს და უფრო მკაცრიც, ვიდრე დღემდე იყო.

როგორ ისჯება კარანტინის დამრღვევი სხვადასხვა ქვეყანაში

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანო განაგრძობს მუშაობს და მზად არის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების განხილვისა და მიღებისათვის, რომელიც სჭირდება ქვეყანას და საზოგადოებას. კანონპროექტის დაჩქარებული წესით შემუშავება არჩილ თალაკვაძემ მამუკა მდინარაძეს დაავალა.

„მინდა ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესი განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დარღვევის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას – იქნება ეს ადმინისტაციული თუ სხვა ზომები. თითოეული ასეთი შემთხვევა წარმოადგენს რისკს, რისი უფლებაც ჩვენ ახლა ნამდვილად არ გვაქვს. ამიტომ პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა, რომ დამუშავდეს ცვლილებები, რომელიც ამისთვის იქნება საჭირო. ჩვენ გვჭირდება მკაცრი, გონივრული და პროფესიონალური პასუხი ყველა რისკზე, რომელმაც შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს. მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ერთად შევინარჩუნოთ ვითარება, რომელიც გვაქვს. ბევრმა ქვეყანამ ეს ვერ მოახერხა, საქართველომ ეს შეძლო და ეს ნამდვილად დასაფასებელია. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, საკოორდინაციო საბჭოს თითოეულ წევრს და ჯანდაცვის ყველა წარმომადგენელს, რომლებიც წინა ხაზზე დგანან და რისკებს უშუალოდ იგერიებენ და ებრძვიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.