LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

115
lomjaria_axali

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ირაკლი კვარაცხელიას უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს გარდაცვალების გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო მექანიზმების მაქსიმალური გამოყენებით, ძალისხმევა არ დაიშუროს ეფექტური გამოძიებისა და სავარაუდო დამნაშავეების პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად.

„შემაშფოთებელია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გარდაცვლილის მიმართ დაკავების დროს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რაც დამატებით შესწავლას საჭიროებს. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ კვარაცხელიას ცხედარი უმოკლეს ვადებში გადმოეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რათა დროულად ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავება არის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი, რასაც, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ხშირად აქვს ადგილი და წარმოადგენს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილებისა და უსაფრთხოების უხეშ დარღვევას საოკუპაციო ძალების მხრიდან.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმის აუცილებლობას და საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები