LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ეტლით მოსარგებლე ორსული ქალის მიმართ ირიბი დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა: PHR

62
BeFunky-collage

„სახალხო დამცველმა  ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შშმ პირის მიმართ ირიბი დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა,“ -ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR) ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ეტლით მოსარგებლე ორსულმა ქალმა ერთ-ერთ კერძო კლინიკას მიმართა, რათა სახელმწიფოს მიერ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უფასო მომსახურება მიეღო.

PHR-ისვე ცნობით, იმის გამო, რომ კლინიკა სრულად მიუწვდომელი იყო, კერძოდ, შენობას არ ჰქონდა პანდუსი, ასევე, ექიმის კაბინეტამდე მისასვლელი გზა კიბით იყო დაკავშირებული, საპირფარეშოთი სარგებლობა ეტლით მოსარგებლისთვის იყო სრულიად შეუძლებელი.

„მისაწვდომობის სტანდარტების დარღვევის გამო, განმცხადებელმა კუთვნილი 8 ვიზიტიდან ისარგებლა მხოლოდ ერთით, რა დროსაც, ექიმამდე მისასვლელად მეუღლეს მისი ხელში აყვანა მოუხდა, რაც ქალისთვის ღირსების შემლახველი იყო.

ლაბორატორიული კვლევების ჩატარების მიზნით, კლინიკის წარმომადგენელი ქალს სახლში ეწვია. საბოლოოდ, განმცხადებელს მოუწია ესარგებლა კერძო კლინიკებით და ფინანსური ხარჯი გაეღო იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურება ადაპტირებულ, ღირსეულ გარემოში მიეღო“,- ნათქვამია PHR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სახელმწიფოს, კლინიკის დაფინანსებამდე, არ განუხორციელებია მონიტორინგი, იყო თუ არა კლინიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული.

უფრო მეტიც, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სახელმწიფო რეგულაციების მიღების დროს, საერთოდ არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს.

ორგანიზაციის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის ფაქტზე „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  სახალხო დამცველს მიმართა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა მოითხოვა.

სახალხო დამცველმა დაადგინა ირიბი დისკრიმინაციის ფაქტი და ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი წინადადებით მიმართა.

„რამდენადაც მისაწვდომობის ვალდებულება უპირობოა, სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულების უგულებელყოფას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის გამართლება.

შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის არარსებობა როგორც ფიზიკურ გარემოზე, ისე სერვისებსა და ინფორმაციაზე, უნდა შეფასდეს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ირიბ დისკრიმინაციად,“ – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, ბარიერები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები აწყდებიან, არღვევს მათ დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებას, ხოლო სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

„ასევე ირღვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ჯანმრთელობის დაცვის უფლება. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლებას, პიროვნების ავტონომიურობას,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს ზოგადი წინადადებით მიმართა:

  • სისტემურად გააანალიზოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსული ქალების საჭიროებები ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მისაწვდომობის კუთხით და აღნიშნული საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა;
  • უზრუნველყოს, რომ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფოპროგრამაში მონაწილეობის უფლება არ მიენიჭოს სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც არ იქნება უზრუნველყოფილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემო;
  • დააჩქაროს ქვეყნის მასშტაბით არსებული ანტენატალური სერვისებისმიმწოდებელი დაწესებულებების რეგიონალიზაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი.