LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ექნებათ ვალდებულება, ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ – ჯანდაცვის მინისტრი 

101
ზურაბ-აზარაშვილი

სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ექნებათ ვალდებულება, ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ ისე, რომ მათი ხელფასები ღირსეული იყოს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

აზარაშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებმა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსებით, მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს. საოპერაციო მოგების გათვალისწინებით, მინისტრმა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს სახელფასო სისტემის გადახედვისკენ მოუწოდა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო კლინიკაში, კერძოდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პილოტურ რეჟიმში, წარმატებით ხორციელდება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ღირსეული ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დაწესებას გულისხმობს.

„მთლიან სექტორში ვსაუბრობთ, დაახლოებით, 60 ათასამდე ასეთ დასაქმებულზე. საპილოტედ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე გავუშვით მინიმალური ანაზღაურების სისტემა, სადაც მინიმალურ ფიქსირებულ ანაზღაურებას ვაძლევთ ექიმებს. იმ მომგებიანობიდან გამომდინარე, რაც სექტორს აქვს, მოვუწოდებ, თავისის სურვილით გადახედოს მათ ხელფასებს, აიღოს ჩვენი მაგალითი, რა შეიძლება, ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე იყოს მინიმალური ანაზღაურება, ექიმებისთვის და ექთნებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ ის ღირსეული ანაზღაურება, რასაც თავიანთი შრომიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე იმსახურებენ“, – განაცხადა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა ცვლილების განხორციელების კონკრეტული დრო არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა სიახლის რეალიზებაზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს და არც ეს ინიციატივა იქნება ის საკითხი, რომლის განხორციელებასაც წლები დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები