LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო შესყიდვების პროცესში უკანონო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

67
prokuratura

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, გამგეობამ გამარტივებული შესყიდვის ფორმით, რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა და ბრალდებულები სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს თაღლითურად დაეუფლნენ.

“გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის მანძილზე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული შესყიდვის ფორმით, 523 403 ლარის საერთო ღირებულების რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა სხვადასხვა სამუშაოს შესყიდვის თაობაზე. სამუშაოების შემსრულებელი შპს „ვანის საგზაო“-ს დირექტორი ბ.გ., ი/მ გ.ა., ი/მ ზ.დ., ი/მ შ.ფ. და ი/მ ა.ა., ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის გზით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გ.ნ. გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ზემოაღნიშნულ პირებთან ანგარიშსწორება მოახდინა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების მოთხოვნათა უგულებელყოფით, რაც მას შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრას ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ავალდებულებდა. გ.ნ.-ს ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი – ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიადგა ზიანი 46 875 ლარის ოდენობით,”- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გ.ა.-ს, ზ.დ.-ს, შ.ფ.-ს და ა.ა.-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბ.გ.-ს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება ყოფილ საჯარო მოხელეს, მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები