LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფომ შშმ პირების 76% აბსოლუტური ყურადღების მიღმა დატოვა – რა პრობლემების წინაშე დააყენა პანდემიამ თემი

327
fortuna.ge (2)

COVID 19-ის პანდემიამ თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე მძიმე ზეგავლენა იქონია, თუმცა განსაკუთრებით დააზარალა მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც უმეტეს შეთხვევაში, სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური პაკეტების იმედზე ცხოვრობენ. ასეთ ჯგუფებს შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პანდემიამ ცხოვრების ხარჯები სხვების არაპროპორციულად გაუზარდა, ხოლო ამ დროს სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ დისკრიმინაციული მიდგომა მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტროში კი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მთავრობას რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნით მიმართავენ. ამბობენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას, სახელმწიფომ შშმ პირთათავის გამოყოფილი ფულადი ბენეფიტის (ე. წ. სოციალური პაკეტის) ზრდის აუცილებლობა უგულებელყო, რაც მათი თქმით, პირდაპირ დისკრიმინაციაზე მიუთითებს.

გარდა იმისა, რომ ორგანიზაციები გარკვეული პერიოდულობით საპროტესტო აქციებსაც მართავენ, სოციალური პაკეტების ზრდის მოთხოვნით, მათ უკვე შეიმუშავეს ონლაინ პეტიციაც, რომელზე ხელის მოწერაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

როგორც პეტიციაშია ნათქვამი, კორონა პანდემიამ შშმ პირებს სხვების არაპროპორციულად გაუზარდა ცხოვრების ხარჯები. მაგ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზების გამო უსინათლოთა გამცილებლები ვეღარ მუშაობენ, მოუწიათ ტაქსის ხარჯების გაღება.

„შშმ პირთა სოციალური პაკეტის მოცულობის გაზრდაზე უარს ვერც საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული კომპენსაცია აბალანსებს, რადგან ის გაიცემა მხოლოდ დროებით, 2021 წლის ივნისის ჩათვლით, თანაც მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომელიც ქვეყანაში მცხოვრები შშმ პირთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 24%-ს შეადგენს და აბსოლუტური ყურადღების მიღმა რჩება დარჩენილი 76% ,“ – ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ავრცელებს.

 

 არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს დამოკიდებულება

როგორც არასამთავროვო ორგანიზაცია – კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” თავმჯდომარემ, გიორგი ძნელაძემ, „ფორტუნასთან“ საუბრისას თქვა, 2021 წლის იანვრის თვიდან ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად, უცვლელი დარჩა შშმ პირთა არსებული სოციალური პაკეტი, ხოლო მისი უცვლელად შენარჩუნება შშმ პირთა სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებას ნიშნავს.

ამასთანავე, იგი არ პასუხობს სახელმწიფოს მიერ ნაკისრ გაეროს შშმ პირთა კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნას. მისივე თქმით, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მათ მოთხოვნებს, ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია.

განმარტებისთვის – აღნიშნული კონვენციის მე–4 და 28-ე მუხლები ხელმომწერ სახელმწიფოებს  შშმ პირთა სოციალური უფლებების პროგრესული რეალიზაციისა და უკან დახევის დაუშვებლობის ვალდებულებას პირდაპირ აკისრებს, ასევე ცხოვრების ადეკვატური დონის, სოციალური დაცვის უზრუნველყოფას. ასევე ირღვევა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის მე-15 მუხლი სოციალური დაცვის შესახებ და საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი სოციალური სახელმწიფოს შესახებ.

„ამ პრობლემის შესახებ არაერთი განცხადება გავაკეთეთ, ჯერ კოალიციის სახელით, შემდეგ ამ განცხადებას ძალიან ბევრი ორგანიზაცია შემოუერთდა, თუმცა, ვერ გეტყვით, რომ მას შემდეგ, ამ თემას რაიმე გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ იყო ის, რომ ხელმეორედ უფრო ვრცელი განცხადება გავავრცელეთ, რასაც რამოდენიმე, სხვა მოთხოვნაც დაემატა. ერთადერთი გამოხმეურება, რომელიც შესაძლოა პირველი განცხადების გავრცელების შემდეგ მივიჩნიოთ, იყო ის, რომ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, არსებული კანონის აღსრულების თაობაზე მთავრობის ანგარიში მოისმინა, თუმცა ეს ანგარიში, რა თქმა უნდა, სოციალურ პაკეტებს პირდაპირ არ შეჰხებია,“ – განუცხადა „ფორტუნას“ გია ძნელაძემ.

 

რამდენად ეფექტიანია სოციალური პაკეტები

კოალიციის თავმჯდომარის თქმით, შშმ პირებისთვის განკუთვნილ სოციალურ პაკეტებთან დაკავშირებით რამდენიმე კონკრეტული პრობლემა იკვეთება. კერძოდ, მისი თქმით, არსებული სოციალური პაკეტი არაეფექტურია და არ პასუხობს არც შშმ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.

„იცით, რომ ეს სოციალური დახმარებები ეტაპობრივია და გარკვეული პერიოდულობით იცლება-ხოლმე. მაგალითისთვის ავიღოთ  100-ლარიანი პაკეტი, რომელიც  შეზღუდული შესაძლებების მქონე პირებისთვის დაწესდა. ეს დახმარება ყველას არ შეხებია, შეეხო მხოლოდ მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებსა და ბავშვებს. ე.წ მეორე ჯგუფის შშმ პირებზე კი, ეს დახმარება არ ვრცელდებოდა და შესაბამისად, არც ახლა ვრცელდება,“ – ამბობს ძნელაძე.

ორგანიზაციის თავმჯდომარე იმასაც განმარტავს, რომ აღნიშნული დახმარება ასაკობრივი პენსიონერების პენსიის ზრდასთან ბმაში არაა და მათი დახმარება გარკვეული პერიოდულობით იცვლება-ხოლმე.

„ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს 100 ლარიანი დახმარება ერთმანეთთან ბმაში არ არის იმასთან დაკავშირებით, რაც ასაკობრივ პენსიონერებისთვის დახმარების პერიოდულ ზრდას უკავშირდება. მათი პენსიის ინდექსაცია ყოველთვის ხდება და ვფიქრობ, რომ პარალელურ რეჟიმში, სოციალურ პაკეტსაც უნდა მოემატოს, რაც ახლა არ ხდება,“ – ამბობს ძნელაძე.

 

პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები

ძნელაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემების გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებები, რაც საერთო ჯამში, რამდენიმე საჭიროების განსაზღვრას მოიცავს.

„სანამ სტატუსის მინიჭებისა შეფასების სისტემა მთლიანად არ შეიცვლება, შედეგი ვერ გვექნება, რადგან ჩვენთან შშმ პირთა განსაზღვრა საჭიროებების მიხედვით კი არ ხდება, არამედ დიაგნოზნით, ეს თავშივე არასწორი მიდგომაა. შესაძლოა ფულადი ბენეფიტი ნაკლები იყოს, მაგრამ სერვისი მეტი, ამიტომ საჭიროა თავიდან ბოლომდე სისტემის ცვლილება. ამ სისტემური ცვლილებისთვის საჭიროა სწრაფად გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები,“ – ამბობს ძნელაძე.

როგორც მან „ფორტუნას“ უთხრა, სისტემური ცვლილებებისთვის ძალისხმევა და საკმაოდ დიდი დროა საჭირო, თუმცა შშმ პირების მოთხოვნაა, სახელმწიფომ ამ კუთხით საწყის ეტაპზე, ეფექტური ნაბიჯები გადადგას. „გვესმის, რომ ეს ერთ დღეში ვერ მოხდება და პრობლემების გადაჭრას წლები სჭირდება, თუმცა, გვსურს, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობა დავინახოთ,“ – დასძნეს ძნელაძე.

 

კანონმდებლობის ხარვეზები

კოალიციის თავმჯდომარე კანონმდებლობის ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ როდესაც კანონმდებლობაში პენსიის ზრდის კუთხით ცვლილებები შედიოდა, მასში სოციალური პაკეტების მიმღებთა ჯგუფის მიმართ სერვისების კუთხით ცვლილება არ მოჰყოლია.

„კანონში მხოლოდ ფულად ბენეფიტებზეა საუბარი და არა სერვისებზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა სერვისები, ამ ყველაფერს მაინც სწორად გააზრება და სისტემური მიდგომა სჭირდება, თორემ ახლაც აღმოჩნდა ისე, რომ 700 ათას ადამიანს დახმარება გაეზარდა და 125 ათასს შშმ პირს ფაქტობრივად არაფერი მოემატა – ეს პირდაპირი დისკრიმინაციაა,“ – გვითხრა გიორგი ძნელაძემ.

ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვკითხეთ – ყველა ზემოთაღნიშნულ პრობლემებთან ერთად, ხომ არ ყოფილა რაიმე ტიპის კონსულტაციები ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით, რაზეც მან ასე გვიპასუხა:

„ჯერჯერობით ვაქცინაციის კუთხით, საუბარი არ ყოფილა. ორგანიზაცია ონლაინ შეხვედრებს აორგანიზებს და უახლოეს და მომავალში გადავწყვეტთ, როგორი სამოქმადო გეგმა გვექნება – განუცხადა „ფორტუნას“ კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ თავმჯდომარემ.

 

შშმ პირთა მიმართვა მთავრობას

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კოალიცია და მასში შემავალი ორგანიზაციები, ასევე შშმ პირები მოითხოვენ:

საქართველოს მთავრობამ, შშმ პირთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად შშმ პირთა სოციალური პაკეტის მოცულობის განსაზღვრის ობიექტურ კრიტერიუმთა შემუშავებამდე და შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე სრულად გადასვლამდე, დაჩქარებული წესით მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც გარანტირებული იქნება ასაკობრივი პენსიისა და სოციალური პაკეტის ყოველწლიური პროპორციული ზრდა ინდექსაციის წესით, ასაკობრივი პენსიის მიმღებთა ანალოგიურად, ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის. აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდეს არაუგვიანეს 2021 წლის გაზაფხულისა.

სახელმწიფოს მხრიდან, აღნიშნული ქმედებით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, შშმ პირთა უფლებათა დაცვის კანონი  და გაეროს შშმ პირთა უფლებათა კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებები.

„მოთხოვნების უგულვებელყოფის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი ვიტოვებთ უფლებას მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ პროტესტის სხვა ფორმებს!” – ნათქვამია მიმართვის ტექსტში.