LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩენილი დედები: რას გულისხმობს მარტოხელა მშობლის სტატუსი

652

საქართველოში 35000 მარტოხელა მშობელია.

მარტოხელა მშობლის სტატუსი საქართველოში 2015 წელს განისაზღვრა. კანონმდებლობის მიხედვით, მარტოხელად ითვლება მშობელი, თუ სამშობიაროდან ბავშვის გამოყვანის მომენტში, ბავშვის დაბადების მოწმობაში ერთ-ერთი მშობლის გრაფა არის ცარიელი ან მშობელს აყვანილი ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი. კანონის თანახმად, მარტოხელად არ ითვლება პირი, რომელიც განქორწინებაში იმყოფება და ბავშვი ერთ-ერთი მშობლის ყურადღების მიღმაა დარჩენილი. იმისათვის, რომ პირს მარტოხელა მშობლის სტატუსი მიენიჭოს, აუცილებელია მონაცემები წარადგინოს იუსტიციის სახლში. როგორც „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენელი ელისო ამირეჯიბი აცხადებს, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 35 000 მარტოხელა მშობელია, ხოლო მარტოხელა მშობლის სტატუსზე 1300-მდე პირია წარდგენილი.

„მარტოხელა მშობლის ცნება შემოიტანა პარლამენტმა, თუმცა ის პრაქტიკულად მხოლოდ დედებს ეხება, იმიტომ რომ ამ დროისთვის 35000-ს აღწევს იმ პირთა რაოდენობა, რომელთა დაბადების მოწმობაში მამის გრაფა არის ცარიელი. მარტოხელა მშობლის სტატუსზე წარდგენილი იყო 1300-მდე პირი, რომელთაგან მხოლოდ 2 იყო მამაკაცი“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ ელისო ამირეჯიბი.

 

მრავალშვილიანი დედები სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩებიან

მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები სახელმწიფოსგან არანაირ სოციალურ დახმარებას არ იღებენ. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მარტოხელა მშობლების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ადამიანები და მათი ოჯახები სიღარიბის მაღალ რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. როგორც უჩა ნანუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში არ არსებობს სპეციფიური სოციალური პროგრამები აღნიშნული სტატუსის მქონე პირებისთვის.

სოციალური დახმარება გენდერულად მგრძნობიარე არ არის და არ ითვალისწინებს მარტოხელა დედათა საჭიროებებს. ამასთან, კანონმდებლობით საერთოდ არ არის განსაზღვრული თუ ვინ ითვლება მრავალშვილიან დედად, რის შედეგადაც, მრავალშვილიანი დედები მთლიანად სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩებიან“ – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის პოზიციას იზიარებს „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენელი ელისო ამირეჯიბიც და აცხადებს, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები არანაირი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებით არ სარგებლობენ.

 

რა შემთხვევაში უქმდება მარტოხელა მშობლის სტატუსი

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსი უქმდება მას შემდეგ, რაც ბავშვი მიაღწევს 18 წელს ან თუ მშობელი შედის ქორწინებაში. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, აუცილებელია აღნიშნული სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებული წესის დახვეწა.

მნიშვნელოვანია გადაიხედოს მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძვლები და დაიხვეწოს ისე, რომ მარტოხელა მშობლებს გავუადვილოთ სამართლებრივ და სოციალურ ურთიერთობებში შესვლა ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები