LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახიფათო სიტუაცია დმანისში – არსებობს თუ არა ადგილობრივების მორიგი დაპირისპირების საშიშროება

155
dmsniais

ერთი შეხედვით, უმნიშვნელო პრობლემით დაწყებული კამათი ჯერ ჩხუბში გადაიზარდა, შემდეგ ფიზიკური დაპირისპირებაში და ბოლოს ამ ყველაფერმა ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, ადგილზე სამართალდაცველების მობილიზება გახდა საჭირო. სანამ გადავალთ და ქრონოლოგიურად მივყვებით, რა მოხდა დმანისში, როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები, როგორ დასრულდა და ახლა რა ხდება, მანამდე გეტყვით, რომ მთელ ამ მძიმე სურათში საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა ტერმინებს, სიტყვებს, ვინ როგორ მოიხსენიებდა ადგილობრივებს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ყველა პირი არის საქართველოს მოქალაქე. შესაძლებელია, მედიამ, ოფიციალურმა პირებმა გამოიყენონ ფრაზა – ეთნიკურად აზერბაიჯენელები, რაც ცხადია, ასევე სწორი ფორმაა, თუმცა, ორი დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენდით ისეთ განცხადებებს, სადაც ნახსენები იყო “მოძმე ერი”, “ჩვენი მეზობლები”, მხარეები”, რაც როგორც არასამთავრობო სექტორში ამბობენ, დანაშაულის ტოლფასია და ან მიზანმიმართული ქმედებაა ან უბრალოდ არცოდნასთან გვაქვს საქმე. კითხვები გააჩინა არა მხოლოდ მწვავე დაპირისპირებამ, არამედ მეორე დღეს შსს განცხადებამ, რომლის თანახმად დაკავებული არავინ იყო. რა გვაჩვენა მომხდარმა სამართლებრივი კუთხით – იურისტებთან ეს კითხვაც დავსვით.

 

                                                    

 

როგორ დაიწყო ყველაფერი

 

კონფლიქტი ერთი შეხედვით მცირე მასშტაბის იყო და ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ადგილობრივი აზერბაიჯანელების კუთვნილ ერთ-ერთ მაღაზიაში რამდენიმე ადგილობრივმა ქართველმა  “ნისიად” ითხოვა ალკოჰოლური სასმელი, რაზეც უარი მიიღო. როგორც მაღაზიაში ჰყვებიან, მსგავსი შემთხვევები ადრეც ყოფილა და ფული არასდროს დაუბრუნებიათ.

უარის გამო, ქართველებმა გამყიდველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ მას გამოესარჩლა აზერბაიჯანელი მამაკაცი. ეს ყველაფერი კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.  

როგორც მაღაზიის მფლობელი ამბობს, სვანებმა იმ საღამოს დაიბარეს, დავბრუნდებითო. რაც შეეხება იმავე საღამოს გამოძახებულ პოლიციას, როგორც ობიექტის მეპატრონე ამტკიცებს, მათ მხოლოდ ადგილი დაათვალიერეს და წავიდნენ.

სწორედ ამის შემდეგ, რამდენიმე ქართველი დაბრუნდა მაღაზიასთან და იქვე მყოფ აზერბაიჯანელებთან ხელჩართული ჩხუბი ატყდა. 

 

 

როგორ მოქმედებდა პოლიცია

დავიწყოთ იმით, რომ დაპირისპირება იმ საღამოს არ დასრულებულა. მეორე დღეს, დილის 11 საათზე ადგილობრივი აზერბაიჯანელების ჯგუფმა დემონსტრაციულად ჩაიარა ქალაქი და ე.წ სვანების უბანში ჩავიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გარეთ გავიდნენ მხოლოდ იმიტომ რომ თავი დაეცვათ ეთნიკურად აზერბაიჯანელებისგან. მიუხედავად იმისა, რომ დმანისში დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული, მათ მოახერხეს პოლიციის კორდონის გარღვევა და ადგილობრივების მეორე ჯგუფს ქვები დაუშინეს, მისდევდნენ ხელჯოხებით და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. კადრებში ჩანდა, რომ პოლიციელები ვერ ახერხებდნენ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების შეკავებას. რა ხდებოდა ადგილზე და რატომ ვერ მოახერხეს სამართალდამცველებმა სიტუაციის კონტროლი, ეს კითხვა EMC –ის წარმომადგენელს ქეთი ჩუთლაშვილს დავუსვით. ის ადგილზე თავად იმყოფებოდა და საკუთარი თვალით ნახა სიტუაცია.

მოქალაქეების და არც პოლიციელების მხრიდან მძიმე დაშავებული არავინაა - გომელაური

პატარ-პატარა დაზიანებები აქვთ და მადლობა ღმერთს, რომ მართლა ამით გადავრჩით, - განაცხადა გომელაურმა.

“სიტუაცია იყო ძალიან დაძაბული, დმანისის ცენტრში ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. პოლიციის საკმაოდ მცირე რაოდენობა იყო. კონფლიქტის მიზეზებზე გავესაუბრთ ადგილობრივებს. პრობლემა და კონფლიქტი ნამდვილად წინა დღეს, მაღაზიასთან დაიწყო. პოლიციისთვის იყო შეტყობინება ამის შესახებ, განაცხადი იყო გაკეთებული, მაგრამ როგორც ჩანს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ამას არ მოჰყვა. ყველაზე დიდი პრობლემა იყო პოლიციის მცირე რაოდენობა, შეუძლებელი იყო, მათ გაეჩერებინათ ხალხის ეს მასა. თავიდანვე უნდა შეფასებულიყო ეს რისკები, რა შეიძლებოდა დაპირისპირებას მოჰყოლოდა. როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია, ცალკეული პირები გამოკითხვაზეც იყვნენ. სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი, ასევე კონფლიქტის მიზეზების შესწავლა”, – ამბობს ჩუთლაშვილი.

სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტის მიზეზების სწორ შეფასებასა და გააზრებას: სახალხო დამცველი დმანისის ინცინდენტზე

"კონფლიქტში მონაწილე პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს პოლიციის თანდასწრებით, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა დროულ რეაგირებას და სიტუაციის განმუხტვას" - ომბუდსმენი.

ამ თემაზე აზრი ვკითხეთ იურისტ ლევან სამუშიასაც, რომელმაც გვითხრა, რომ დმანისში მომხდარი დაპირისპირებისას ერთდროულად რამდენიმე შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება.

“სად იყვნენ სამართალდამცველები, ერთი ათზე იყო შეფარდება, ანუ ძალიან მცირე რაოდენობა იყო. კითხვა ჩნდება: ეს არის განზრახ უმოქმედობა თუ გულგრილობა. ჩემი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო განზრახ. ამათ აწყობთ, რომ უნიათები ეძახონ. როდესაც იცი, ასეთი სიტუაციიაა, როცა ჩვენი მოქალაქეები არიან დაპირისპირებულები, შეუძლებელია შესაბამის ორგანოებს არ ჰქონოდათ სცენარის შესაძლო განვითარების შესახებ ინფორმაცია, გეგმა, რასთან გვაქვს საქმე.

ჩვენ რასაც ვუყურებდით, იქ იყო არაერთი შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაული: ძალადობა, ჯგუფური ძალადობა, მაგ. მანქანის დაწვის შემთხვევა უკვე სხვისი ქონების დაზიანებას ნიშნავს… თუ გყავს იდენტიფიცირებული პირი, რას უყურებ და რას ელოდები. თუ არ აკავებ, სამართლებრივი დევნა მაინც დაიწყე”, – ამბობს სამუშია.

 

საპატრიარქო  და ხელისუფლება დმანისში          

   

დმანისის კონფლიქტში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ხელისუფლების ჩართულობა. ადგილზე ჩასული მმართველი გუნდის წევრები ხაზს უსვამდნენ, რომ “რაღაც ძალებს” სურდათ ეთნიკურ შუღლში გადაზრდილიყო ყველაფერი, მაგრამ ამტკიცებდნენ, რომ ამას ხელისუფლება არ დაუშვებდა.

„ამ თემას არ დავუშვებთ. ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები, პირველ რიგში. მეორე, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეზობელია და მეგობრები არიან. ეს არ უნდა დავუშვათ. ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური თემა, არის ქვეყნის მტრობა“, – თქვა დმანისში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ამ შემთხვევაში სიტყვები, რომ აზერბაიჯანი მეზობელია, პარტნიორია, მოკავშირეა, არასამთავრობო სექტორის აზრით, გაუგებარია, რადგან ამ შემთხვევაში ეს თემა არაფერ შუაში იყო, რადგან დმანისში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან საქართველოს მოქალაქეები და სიტყვების: მეზობელი, მოკავშირე, პარტნიორი … ხსენება ამ კონტექსტში გაუგებარია.

რაც შეეხება საპატრიარქოს წარმომადგენელ ანდრია ჯაღმაიძე, მან თქვა, რომ კონფლიქტი მხოლოდ ყოფითი ინციდენტი იყო, რომლის „ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობა არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას ემსახურებოდა“.

 

                                                                             

 

კონფლიქტი დასრულდა თუ დროებით ჩაცხრა

ორდღიანი დაპირისპირება ერთი შეხედვით დასრულდა, მხარეების ხელის ჩამორთმევა და შერიგება ყველამ ვნახეთ, თუმცა დაზუსტებით ვერავინ ამბობს, ეს დროებით “ცეცხლის ჩაქრობაა” თუ მართლა შერიგება. ნებისმიერ შემთხვევაში, სავარაუდო დამნაშავეების შესახებ კითხვები ისევ პასუხგაუცემელი რჩება. თუ კონკრეტული პირები პასუხისგებაში არ მისცეს, იქნება თუ არა ეს ძალადობის წახალისება – ეს კითხვაც ლეგიტიმურია და ჯერჯერობით პასუხი არც ამ კითხვაზე გვაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები